ჟვანიასა და უსუფოვის გარდაცვალების კადრებზე პროკურატურა კომენტარს აკეთებს

ნინო ჯაფარიძე

თბილისის მთავარ პროკურატურაში აცხადებენ  რომ

აღნიშნული მასალა ყოფილი პროკურორის მურთაზ ზოდელავას სამუშაო ოთახის სეიფში ინახებოდა და მათი გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი გამოძიებისთვის ხელის შეშლა იყო. ’’ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუფოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს. გასული წლების განმალობაში საქმეში დატოვებულია მთელი რიგი გამოუკვლევი დეტალები და პროკურატურის მთელი ძალისხმევა მიმართულია ყველა არსებულ კითხვაზე პასუხის გასაცემად. ამ ეტაპზე დეტალების სრულად გამჟღავნება ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს, რაც, უდიდესი ინტერესის მიუხედავად, საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს. რაც შეეხება ვიდეო მასალის გავრცელებას და ავტორის იდენტიფიცირებას, პროკურატურა გამოძიების ფარგლებში, ამ საკითხსაც შეისწავლის"  განაცხადეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.                                                                                              

 ჟვანიასა და უსუფოვის გარდაცვალების ამსახველი კადრები თავდაპირველად Youtube- ზე, ვინმე ჰაკიმ ფაშას მეშვეობით გავრცელდა. ვიდეო ფირზე ჩანს , რომ ზურაბ ჟვანიას სხეულზე სხვადასვა სახის მცირე დაზიანებები ჰქონდა, მაგრამ პროკურატურაში ამაზე კომენტარს არ აკეთებენ.  მეზვრიშვილის თქმით მოხდება სხეულების ხელმეორედ ექსჰუმაცია, რადგან მანამდე ჩატარებული ექსპერტიზის პასუხები არასრულყოფილია. "მათში არ არის ნამსჯელი გარდაცვლილების სხეულზე არსებულ ფიზიკური დაზიანებების ნიშანდობლივ კვალზე, რაც ბევრ კითხვას ბადებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მთავარი პროკურატურა აწარმოებს ინტენსიურ მოლაპარაკებას სხვადასხვა ქვეყნის ავტორიტეტულ საექსპერტო დაწესებულებებთან, რათა უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით მოხდეს გვამების ექსჰუმაცია და ჩატარებულ იქნას ახალი სრულყოფილი ექსპერტიზა ზ.ჟვანიას და რ.უსუფოვის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად. გვინდა ავღნიშნოთ, რომ მოლაპარაკება დასკვნით ფაზაშია და უახლოეს მომავალში მოხდება ექსჰუმაცია შესაბამისი ექსპერტიზის ჩასატარებლად"                                                               

კადრების გავრცელებას უმცირესობაშიც აპროტესტებენ. დეპუტატი თინათინ ბოკუჩავა ფიქრობს, რომ აღნიშნული საკითხი საქართველოს დღევანდელ მთავრობას უკავშირდება და ეს საზოგადოებაში აურზაურის შესაქმნელად გაკეთდა. „რაც ვნახე, ექსპერტიზის კადრებია. როგორც ჩანს, კადრები შეაკოწიწეს და დადეს, რომ რაღაც ახალი სენსაცია შექმნან. როგორც ჩანს, ხელისუფლება უნიათოა და დაპირებების შესრულების ნაცვლად, მათ მხოლოდ „შავი პიარის“ წარმოება და საქმეების შეთითხვნა შეუძლიათ. თუ რაიმე გამოსაძიებელია, გამოიძიონ და ამ ბინძურ საქმეს წერტილი დაუსვან’’                                                                       

კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. პროკურატურაში იმედი აქვთ რომ ყველა შეკითხვას მალე პასუხი გაეცემა.