ვინ აკონტროლებს საქართველოს ტელესაკომუნიკაციო სექტორს?

ია ფრანგიშვილი

 ანგრიში 2012 წლის პერიოდს მოიცავს და ძირითადად შემდეგ საკითხებს ეხება: ინტერნეტში განხორციელებული საქმიანობის მეთვალყურეობა, სატელეკომუნიკაციო კომპანიების მფლობელობის გამჭვირვალობა, მათი ანგარიშვალდებულება მომხმარებლების წინაშე, მედიასაშუალებათა ფინანსური მდგომარეობა და საქართველოში

ინტერნეტის მოხმარების უახლესი სტატისტიკა.

კვლევის თანახმად, საქართველოს სატელეკომუნიკაციო კომპანიებს ფიქტიური კომპანიები ფლობენ, რაც ძალიან ართულებს, ზოგჯერ კი შეუძლებელს ხდის ბენეფიციარი მფლობელების ვინაობის დადგენას. კვლევის თანახმად „კავკასუს ონლაინის“ 50% და „ბილაინის“ 49% ერთსა და იმავე დაუდგენელ პირებს ეკუთვნის, რომლებიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანიის უკან იმალებიან. კვლევის მიხედვით აღნიშნულმა პირებმა საკუთარ წარმომადგენლად ლევან ყარამანიშვილი დანიშნეს, რომელიც, წილებს ფლობს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და „მზეში“, გარდა ამისა მას კიდევ რამდენიმე სხვა ბიზნეს საქმიანობასაც უკავშირებენ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" მთავარი ანალიტიკოსი, მათიას ჰანთერი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ ვინ დგას რეალურად ამ კომპანიების უკან იმიტომ, რომ ეს კომპანიები ფლობენ ჩვენ შესახებ ბევრ ინფორმაციას, იციან რომელ ვებ-გვერდებს ვსტუმრობთ, სად ვხოვრობთ, ვის ვურეკავთ და უმეტეს შემთხვევაში იციან ჩვენი კომუნიკაციის შინაარსიც კი, ასე რომ მათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულება აკისრიათ იმისა, რომ დაიცვან ინფორმაცია ჩვენ შესახებ.

''საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო'' მიიჩნევს, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანიები არაკეთილსინდისიერად იქცევიან, როცა მომხმარებლებს მონაცემთა შეგროვების, შენახვისა და მათი დაცულობის შესახებ სრულ ინფორმაციას არ აწვდიან, ისინი არ განმარტავენ, თუ რა შემთხვევებში შეიძლება მოხდეს აღნიშნული ინფორმაციის მესამე მხარისთვის გადაცემა. კვლევის ავტორების აზრით, ელექტრონული კომუნიკაციის თვითნებური მეთვალყურეობის პრობლემა, ისევ აქტუალურია – ''როგორც ჩანს, შსს–ს კვლავ აქვს წვდომა სატელეკომუნიკაციო კომპანიების ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე, რაც სამინისტროს საშუალებას აძლევს თვალყური ადევნოს ელექტრონულ კომუნიკაციას''.

კვლევაში მოყვანილი სტატისტიკის მიხედვით, აშკარაა, ახალი ტექნოლოგიების სფეროში, მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების აუცილებლობა. კომპიუტერული ცოდნა და ინტერნეტზე წვდომა ძალიან დაბალია სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასა და 56 წელზე უფროს მოქალაქეებს შორის. ინტერნეტით ყოველდღიურად საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 24% სარგებლობს, ხოლო მოსახლეობის 58% არასდროს ყოფილა ინტერნეტის მომხმარებელი.

წყარო: "ინტერნეტის თავისუფლება – ვინ აკონტროლებს საქართველოს ტელეკომუნიკაციების სექტორს?"