ცვლილებები რუსთაველისა და ოპერის თეატრებში

მარიამ ფირცხალავა; ია პატატიშვილი

შოთა რუსთაველისა  და ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრებს ახალი მმართველები ჰყავთ. 2013 წლის იანვრის ბოლოს ყოფილმა ხელმძღვანელებმა ზაალ ჩიქობავამ და დავით საყვარელიძემ თანამდებობები დატოვეს. მათ ნაცვლად აღნიშნული პოზიციები რეჟისორმა რობერტ სტურუამ და დირიჟორმა გიორგი ჟორდანიამ დაიკავეს.

ზაალ ჩიქობავა რუსთაველის თეატრის დატოვების მიზეზად ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელ,

რობერტ სტურუასთან, უთანხმოებასა და კომუნიკაციის არქონას ასახელებს. მისი თქმით, დისონანსი მართვის განსხვავებულმა ხედვამ გამოიწვია.

„ჩემი პრინციპი იყო, რაც შეიძლება აქტიური ყოფილიყო თეატრის მუშაობა, რაც შეიძლება მეტად დატვირთული ყოფილიყო თეატრი, ხაზს ვუსვამ შემოქმედებითი თვალსაზრისით. მე ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება მეტი კონკურენტუნარიანი გარემო უნდა შეიქმნას თეატრში. შეიძლება, ჩვენ ყველა წარმოდგენით ვერ მივიღოთ მაღალი ხარისხი, მაგრამ  ხელი უნდა შევუწყოთ გაზრდას, ახალი სახეებისა და ხელოვანების გამოჩენას .“

რობერტ სტურუა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან, ქსენოფობიური განცხადებების მოტივით, 2011 წლის 15 აგვისტოს, კულტურის ყოფილი მინისტრის, ნიკა რურუას, ბრძანებით გაათავისუფლეს. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, რეჟისორმა რუსთაველის თეატრში დაბრუნება და ორივე თანამდებობის შეთავსება მოისურვა. ქართულ მედიასთან საუბარისას მანაღნიშნა - „მინდა შევითავსო მმართველობა და სამხატვრო ხელმძღვანელობა. როცა მე ვბრუნდები, მე მჭირდება,რომ ვიყო ცოტა დიქტატორი, დავშლი დასს, რადგან მათ უმეტესობას კონტრაქტები უმთავრდება და თავიდან ავკრეფ. ეს იქნება აკრეფა ნიჭით“. 

ზაალ ჩიქობავას აზრით კი, თეატრში აზროვნების დიქტატურა და ოკუპირება დამანგრეველია. გუნდის მუშაობა მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ეფექტური, როდესაც განსხვავებული აზრები ხვდება ერთმანეთს. ყოფილი მმართველი დასის დაშლასაც ეწინააღმდეგება. უთანხმოების ერთ-ერთ მიზეზად რობერტ სტურუას გადაწყვეტილებას ასახელებს - ყველა მსახიობთან სამთვიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ. როგორც ჩიქობავა აღნიშნავს, დასის შერჩევა კატეგორიზაციის საფუძველზე უნდა მომხდარიყო. თეატრის რეპერტუარიც წლის დასაწყისში გაწერილიყო.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, გურამ ოდიშარიას, განცხადებით, ზაალ ჩიქობავასა და რობერტ სტურუას უთანხმოების დარეგულირება თეატრის დონეზე უნდა მომხდარიყო. რაც ვერ მოხერხდა და ჩიქობავამ გადაწყვიტა გარიდებოდა კონფლიქტურ სიტუაციას.

ზაალ ჩიქობავას თქმით, კულტურის სამინისტროს მოსწონდა მისი მართვის კურსი. თუმცა, რეჟისორთან შეუთანხმებლობის გამო თეატრიდან წასვლა შესთავაზა. მასთან ერთად თანამდებობა, მოადგილემ, მარინა საღარაძემ, დატოვა. როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარომადგენელი, ლიკა ჯგერენაია, აღნიშნავს, ყოფილ მმართველთან ერთად რუსთაველის თეატრი პრეს-სამსახურის თანამშრომლებლებმაც დატოვეს. მან კონკრეტულ მიზეზებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

რუსთაველის თეატრის მმართველის პოზიციას ამ დროისათვის რობერტ სტურუა იკავებს. კულტურის სამინისტრო სამხატვრო ხელმძღვანელის ძიების პროცესშია.

ოპერისა და ბალეტის თეატრის ყოფილმა მმართველმა დავით საყვარელიძემ თანამდებობა 23 იანვარს დატოვა. ერთი კვირის შემდეგ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ, ახალი მმართველი - გიორგი ჟორდანია წარადგინა, საყვარელიძის წასვლის მიზეზად კი, სამინისტროსა და ყოფილ ხელმძღვანელს შორის აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. ასევე აღნიშნა,რომ საყვარელიძეს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა შესთავაზა, რაზეც მან უარი განაცხადა.

დავით საყვარელიძემ სააგენტო „ნეტგაზეთთან“ საუბარისას აღნიშნა, რომ მისი განთავისუფლების რეალური მიზეზი ამ თანამდებობაზე გიორგი ჟორდანიას დანიშვნის სურვილი იყო, რომელიც, მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ახლობელია. ყოფილი მმართველის თქმით, მას სამინისტროში მინიშნებებით აგრძნობინეს, რომ თანამდებობა დაეტოვებინა. 

კულტურის მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ, 31 იანვარს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მმართველის თანამდებობაზე არსებული კანდიდატების მიერ წარმოდგენილ კონცეფციებს შორის სამინისტრომ ყველაზე მისაღებად გიორგი ჟორდანიას პროექტი მიიჩნია და მაესტროს მრავალმხრივი გამოცდილების გათვალისწინებით, გადაწყვეტილება მიიღო.

დირიჟორი გიორგი ჟორდანია ე. მიქელაძის სახელობის  ცენტრალური მუსიკალური სასწავლებლის  პედაგოგი და მთავარი კონსულტანტია, თბილისის სააღდგომო ფესტივალის დამფუძნებელი, დირექტორი და სამხატვრო  ხელმძღვანელი. ასევე ვ. ჟორდანიას სახელობის დირიჟორთა საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე.

ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალმა მმართველმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თეატრში უნდა გაძლიერდეს და თანაბრად განვითარდეს ყველა რგოლი. მას მნიშვნელოვნად მიაჩნია სწორი სარეპერტუარო პოლიტიკის წარმოება, სეზონების მკაცრად დაგეგმარება და მჭიდრო კავშირი ქართულ ვოკალურ სკოლასთან ევროპაში.