„ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა დაკითხვა გრძელდება

თათია ლაშაური

გუშინ დაკითხვაზე იმყოფებოდნენ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკოლოზ ხაჩირიშვილი, მერიის საბავშვო ბაღების სააგენტოს უფროსი რამაზ სულამანიძე და “ნაციონალური მოძრაობის” სამგორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ხახნელიძე. უცნობია რა საკითხზე

მიმდინარეობს დაკითხვა, თუმცა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან შეკრებილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, თანაგუნდელთა დაკითხვაზე დაბარებას ღია პოლიტიკურ ზეწოლას უწოდებენ. უმცირესობის წევრთა დაკითხვის ტალღა გასულ კვირას დაიწყო, როდესაც პროკურატურაში დედაქალაქის მერი გიგი უგულავა დაიბარეს. უგულავას დაკითხვის მოტივი შპს “თბილსერვის ჯგუფი” გახდა. თბილისის მერიის მიერ 2006 წელს დაფუძნებული ორგანო, ქალაქის დასუფთავებას ემსახურება. პროკურატურის ცნობით, აღნიშნულ სამსახურში ფიქტიურად იყო დასაქმებული “ნაციონალური მოძრაობის” 764 აქტივისტი, რის გამოც ქალაქის მერიის ბიუჯეტიდან გაიფლანგა 5 245 945 ლარი. დაკითხვის შემდეგ უგულავამ განაცხადა, რომ გამოძიება ჩიხშია შესული და პროკურატურას რეალური სამხილები არ გააჩნია. „მოამბეში“ გასული ინფორმაციის თანახმად, უმრავლესობის გადაწყვეტილებით ხვალ საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში სიტყვით ვეღარ გამოვა. ამის შესახებ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა. მმართველი პარტიის პოზიციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის წინაშე მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ წარდგება. პრეზიდენტის გამოსვლის გაუქმების მიზეზზე აზრთა სხვადასხვაობაა მმართველ პარტიაში, ნაწილს მიაჩნია, რომ სააკაშვილმა კენჭისყრაზე უნდა დააყენოს საკონსტიტუციო ცვლილების საკითხი, ნაწილი კი ცვლილებების დაკანონებას ემხრობა. პრეზიდენტისათვის პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მიღების შეზღუდვას უმცირესობაც ეხმაურება. მათი აზრით, “ქართული ოცნება” მზად არაა ჯანსაღი დებატებისთვის.