ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე დაბრუნდება

ნათია ლოხიშვილი

ექვსწლიანი ემბარგოს შემდეგ, ქართული ღვინო შეიძლება კვლავ გამოჩნდეს რუსული მაღაზიების თაროებზე. მოლაპარაკებების პირველი ეტაპი ქართველ მეღვინეებსა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის, მოსკოვში, 4 თებერვალს გაიმართა. მომავალ კვირას საქართველოში ჩამოვა ექსპერტთა სამი ჯგუფი, რომლებიც შეამოწმებენ იმ ღვინის ხარისხს, რომელთა მფლობელებმაც უკვე გამოთქვეს სურვილი განაახლონ ღვინის მიწოდება. -„ჩვენი სპეციალისტები

იქ ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ, რომ დაბრუნდებიან განვსაზღვრავთ პირველ მომწოდებელს. შემდეგ კი, უკვე დაიწყება პროდუქტების სხვადასხვა სახეობების რეგისტრაცია“, განაცხადა რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშენკომ. მან ასევე აღნიშნა რომ, ცვლილებები ეხება მხოლოდ, უკვე დაფასოებულ ქართულ ღვინოს და არა იმას, რომელიც რუსეთში იგზავნება ცისტერნებით და შემდგომ იფუთება. ქართული ღვინის პოტენციალი რუსულ ბაზარზე ონიშენკომ 4 პროცენტით შეაფასა. იგი მიიჩნევს რომ იმპორტის განახლების შემდეგ, ქართული ღვინო დაიკავებს მხოლოდ მცირე სეგმენტს. რუსი და ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ რომ ღვინოს გაუჭირდება ბაზარზე იმ ადგილის დაკავება, რომელიც მას 2006 წლის ემბარგომდე ჰქონდა და სავარაუდოდ იგი გადაინაცვლებს ძვირადღირებული პროდუქციის სეგმენტში. -“დასაწყისისთვის დიდი რაოდენობით ექსპორტი არ არის მოსალოდნელი, თუმცა დროთა განმავლობაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა გაიზრდება”, განაცხადა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა, შალვა ხეცურიანმა. რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტი 2006 წელს, ქვეყნებს შორის დაძაბული ვითარების ფონზე, შეწყვიტა. თუმცა ოფიციალური მონაცემებით ამ გადაწყვეტილების მიზეზი ქართული საქონლის დაბალი ხარისხი იყო. ონიშენკოს თქმით, ქართველი მეწარმეები ახდენდნენ საბჭოთა ბრენდების ექსპლოატაციას და აწარმოებდნენ დაბალი ხარისხის პროდუქტს ქინძმარაულის და სხვა ელიტური სასმელების სახელით.