სად მიდის ჩვენი გადაყრილი ნაგავი?

ლალი ცერცვაძე; სალომე მოდებაძე

თბილისელები ყოველ დღე ისე ყრიან ნაგავს უახლოეს ურნაში, რომ ვერც კი წარმოიდგენენ რამხელა პრობლემას უქმნიან სამგორის მოსახლეობას.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისში თანამედროვე ნაგავსაყრელი ამუშავდა, ამ ობიექტის ახლომდებარე დასახლებას ისევ ნაგვის სუნი სტანჯავს.

უკვე მეორე წელი სრულდება, რაც თბილისის სხვადასხვა უბანში განთავსებული ნაგვის ურნები სამგორის რაიონში, ნორიოს ტერიტორიაზე განთავსებულ თბილისის მუნიციპალურ პოლიგონზე იცლება. ტერიტორიაზე, რომელიც 8 ჰექტარს შეადგენს, ყოველდღიყრად 200-ოდე მანქანით 1000-1200 ტონა ნაგავი შედის. ცელოფნის პარკები, პლასტმასის ბოთლები, საყოფაცხოვრებო ნარჩენები და სხვა წვრილმანი მიწის ფენით იფარება, დღეში სამჯერ იპრისება და ადგილს ახალ ნაგავს უთმობს.

 

„ქარბორბალასგან არც მოსახლეობაა დაზღვეული, არც ჩვენ,“ ამბობს მერიის თანამშრომელი ჯემალ შათირიშვილი და გვიხსნის, რომ ეს ბუნებრივი პროცესია, რომლის გამორიცხვა დღესდღეობით მერიის შესაბამისი სამსახურების შესაძლებლობებს აღემატება.

700-კომლიანი სოფელი დიდი ლილო ნაგავსაყრელიდან დაახლოებით 2 კილომეტრშია. მოსახლეობა ყოველ დილით ამომავალი მზის სხივებს ეგებება, თუმცა ფანჯრების გაღებას იშვიათად „ბედავს.“ როდესაც ქარი უბერავს სოფლად ისეთი სუნი დგება, რომ აქაურებს ბავშვები გარეთ ვერ გაჰყავთ.

ნაგავსაყრელის ლილოსთან გადატანა სოფელმა გააპროტესტა, თუმცა უშედეგოდ: „რომ გავიგეთ აქ ნაგავსაყრელი უნდა გახსნილიყო, დაწყობილი იყო უკვე საქმე. რაღა ეშველებოდა? ხალხს რაღა ძალა გვაქვს?!“ – ამბობს ქალბატონი ეთერ ტაბუცაძე და ახლა უკვე ახალი მთავრობის იმედი აქვს.

 

 

ოპტიმალური გამოსავალი

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა პრობლემის კომპლექსურობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ  ცალსახად არც მთავრობის დადანაშაულება შეიძლება და არ იმის მტკიცება, რომ მოსახლეობა პრობლემას აზვიადებს.

ორგანიზაციის თანათავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის აზრით აუცილებელია დარეგულირდეს კანონმდებლობა მყარი ნარჩენების შესახებ. მისი აზრით, ნაგვის სეპარირება ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.

 

 

ორწლიანი წუხილის მიუხედავად, დიდი ლილოს მოსახლეობა მაინც ცდილობს ცხოვრება ჩვეული რიტმით განაგარძოს. ამბობენ, თუ ისე გადამუშავდება ნაგავი რომ სუნი მათ აღარ შეაწუხებთ, ნაგავსაყრელის არსებობის საწინაღმდეგო არაფერი აქვთ.

ეს ნაგავსაყრელი კი, რომელიც სტანდარტების დაცვით შეიქმნა, მომავალ წელს, ამ დროს უკვე თითქმის შევსებული იქნება. ნაგვის ახალი პარტიის მისაღებად მერია ამ ტერიტორიის მახლობლად უკვე სხვა მონაკვეთს ამზადებს.