ბათუმელი მუსლიმები სალოცავს ითხოვენ

ნანა ტაბატაძე

ბათუმში, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მუსლიმია, მხოლოდ ერთი მეჩეთია. ამ პრობლემის მოგვარებას ადგილობრივი რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები უკვე წლებია ითხოვენ. ყოველ პარასკევს ბათუმის მეჩეთის ორსართულიანი დარბაზი, ქალთა სალოცავები, დერეფნები, მუსლიმთა საკლასო ოთახები და ეზოც კი მლოცველებით არის სავსე. ეს სურათი გარშემომყოფთათვის სიახლეს არ წარმოადგენს და განსაკუთრებულ ყურადღებას

არც არავინ აქცევს. თუმცა, ეს არის პრობლემა რომლის მოგვარებასაც მუსლიმები დიდი ხანია ითხოვენ. "მოსახლეობის, მლოცველების, შემოსული ტურისტების რაოდენობიდან გამომდინარე 2005 წლიდან ბათუმში დამატებით მეჩეთს ვითხოვთ. სამწუხაროდ, გასულ დღესასწაულზე, ფართის ძალიან სერიოზული პრობლემა იყო. ფაქტობრივად, ადამიანებმა ვერ ილოცეს" - აცხადებს „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე. ადგილობრივების განცხადებით, ერთი მეჩეთი 2005 წლამდეც არასაკმარისი იყო. თუმცა, ფართის სიმცირე თვალშისაცემი უფრო ბოლო წლებში გახდა. მაღალმთიანი სოფლებიდან ახალგაზრდებმა ქალაქში გადმოსახლება დაიწყეს. ამასთანავე, ქალაქში თურქეთის მოქალაქეების ინტენსიურმა გადმოსვლამ ისლამის აღმსარებელთა რიცხვის ზრდა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა 2005 წლამდეც არსებობდა, ქართველმა მუსლიმებმა დამატებითი მეჩეთის მოთხოვნა 2005 წლიდან დაიწყეს, როდესაც რელიგიურ გაერთიანებებს, არაკომერციულ იურიდიულ პირებად დარეგისტრირების საშუალება მიეცათ. მანამდე მათ იურიდიული სტატუსი არ ჰქონდათ. იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო დახმარებას არ გაუწევთ, მრევლს ქართულ–თურქული მოლაპარაკების საფუძველზე ახალი მეჩეთის აშენების იმედი მაინც აქვს. 2008 წლიდან, კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე, საქართველოსა და თურქეთს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობა ამ მოლაპარკების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე უარს ამბობს. მოლაპარაკების შინაარსი სახელმწიფო საიდუმლოებად გამოაცხადა მანამ, სანამ შეთანხმებას ხელი არ მოეწერება. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ინფორმაცია საზოგადოებას არ მიეწოდებოდა, 2011 წელს ცნობილი გახდა, რომ მხარეები თურქეთის ტერიტორიაზე ორი ქართული კულტურული ძეგლის აღდგენაზე შეთანხმდნენ, ხოლო სანაცვლოდ ბათუმში ერთი მეჩეთის მშენებლობასა და ერთის აღდგენაზე მოილაპარაკეს. ეს უკანასკნელი ბათუმში არსებობდა და ფუნქციონირებდა, სანამ საბჭოთა პერიოდში არ დაიწვა. მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს ოთხივე ძეგლი კულტურული ცენტრი უნდა იყოს და რელიგიური დანიშნულება არ უნდა ჰქონდეს. "გამომდინარე იქედან, რომ სანაცვლოდ ჩვენს დაკარგულ თუ დანგრეულ ძეგლებს დავიბრუნებთ ამ მოლაპარაკებებს აზრი აქვს, მაგრამ რელიგიურად რომ მივუდგეთ, ერთის მხრივ მუსლიმებს მუზეუმი და კულტურის ძეგლები კი სჭირდებათ, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო მეჩეთი სჭირდებათ და იბრძვიან კიდეც მეჩეთისთვის" - ამბობს "თეოლოგთა კავშირის" თავმჯდომარე თემურ გორგაძე. ახალი მეჩეთის მშენებლობის იდეა ყველასთვის მისაღები არ აღმოჩნდა. ერთ-ერთი მათგანი, ვინც ბათუმში სულთან აბდულ აზიზის სახელობის მეჩეთის აგებას ეწინააღმდეგება სამოქალაქო ორგანიზაცია "დაიცავი საქართველოსა" და საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი მურმან დუმბაძეა. ის მიიჩნევს, რომ მეჩეთის მშენებლობით საქართველოს ინტერესები ზარალდება. დუმბაძე მეჩეთისთვის სულთან აბდულ აზიზის, როგორც დამპყრობელის, სახელის დარქმევასაც აპროტესტებს. "დაიცავი საქართველოს" წარმომადგენლისთვის, მიუღებელია სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური დანიშნულების ხარჯების გაწევაც. "სახელმწიფოს პრეროგატივა არც ტაძრისა და არც მეჩეთის მშენებლობა არ არის. სახელმწიფო განცალკევებულია ტაძრისაგან და განცალკევებულია მეჩეთისაგან. უნდა მეჩეთის აშენება? მრევლმა უნდა შეკრიბოს ფული, მრევლმა უნდა შეისყიდოს მიწა, მრევლმა უნდა შექმნას პროექტი, მრევლმა თავად უნდა მიიღოს მონაწილეობა და მრევლმა თავად უნდა ააშენოს ეს მეჩეთი" - ამბობს მურმან დუმბაძე. ამგვარი დამოკიდებულება სახელმწიფოსა და რელიგიურ ჯგუფებს შორის მოქმედებს დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში, თუმცა საქართველოში ეროვნულ ბიუჯეტში არსებული რამდენიმე მუხლი ნათლად მიუთითებს, რომ სახელმწიფო და რელიგია ერთმანეთისგან გამიჯნული ბოლომდე არ არის. კერძოდ, 2012 წლის ბიუჯეტში საქართველოს საპატრიარქოსთვის 22 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. გარდა ამისა, "სასულიერო განათლების ხელშეწყობისთვის" გაწერილია 14 მილიონ ლარამდე, მაგრამ არ არის დაკონკრეტებული რომელი რელიგიაა ნაგულისხმევი. მართლმადიდებელ ეკლესიას პრივილეგიები სხვა იურიდიული დოკუმენტების საფუძველზეც აქვს მინიჭებულუ. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით სახელმწიფო "აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში". განსაკუთრებული დამოკიდებულება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებითაც ვლინდება, რომლის საფუძველზეც საპატრიარქოს არა ერთი შეღავათი აქვს მინიჭებული. "საგადასახადო თვალსაზრისით მართლმადიდებლური ეკლესია და სხვა რელიგიური გაერთიანებები უთანასწორო მდგომარეობაში იმყოფებიან. მაგალითად, მართლმადიდებლური ეკლესია მიწის, დამატებითი ღირებულების გადასახადს არ იხდის, სხვები იხდიან; ეს არის ძალიან მინიმალური სხვაობები, მაგრამ მაინც სხვაობაა, რომელიც უთანასწორობის ფონს ქმნის" - აღნიშნავს ბექა მინდიაშვილი, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი. მსგავსი შეთანხმება საქართველოში არსებულ არც ერთ სხვა რელიგიურ ჯგუფთან არ გაფორმებულა.