ინოვაციური მეთოდი ნარკომანიის წინააღმდეგ

ქეთი ბიგვავა

რამდენიმე პატარა ოთახი, კედლებზე სურათები, ლექსები და პოსტერები. მინანქრის გამოსაწვავი ღუმელი, ყველა კუთხეში ფუნჯები, საღებავები, დაუსრულებელი ნახატები და სხვადასხვა  ორიგინალური ნივთი. მაგალითად, მაკარონის პატარა ნაძვის ხე. ერთი შეხედვით ამ გარემოში მოხვედრისას ვერც კი წამოიდგენ, რომ ეს ნივთიერებაზე

დამოკიდებული ადამიანების რეაბილიტაციის ცენტრია.

თემო და გიორგი ძმები არიან. თემო 26 წლისაა, გიორგი 21-ის. რამდენიმე თვეა ყოველ დღეს, 12-დან 5 საათამდე რეაბილიტაციის ცენტრ “კამარაში” ატარებენ. წლების განმავლობაში ორივე სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებას მოიხმარდა, მაგრამ  როგორც თავადვე ამბობენ - „ისინი დაბრუნდნენ“.

„მე დავბრუნდი“ - სწორედ ასე ერქვა გამოფენას, რომელიც ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრმა “კამარამ” გამართა. წარსულში ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებული ადამიანები დღეს უკვე ხელოვნების ნიმუშებს ქმნიან. გამოფენისთვის სამზადისში ცენტრის ყველა პაციენტი იყო ჩართული, მუშაობის საბოლოო შედეგი კი საზოგადოებას გამოფენაზე წარუდგინეს. 

 

ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი “კამარა” 2011 წლის შემოდგომაზე დაარსდა და უკვე 30-მდე ნივთიერებაზე დამოკიდებულ ადამიანს დაეხმარა. ცენტრში მისული ადამიანები, ინდივიდუალური მკურნალობის კურსს რვა  სხვადასხვა ტიპის თერაპიით გადიან. მათ შორის  მთავარი ადგილი არტთერაპიას უჭირავს, რაც ხელოვნებით მკურნალობას გულისხმობს.

ხატვა, ძერწვა, მინანქრის ნივთებისა და ქანდაკებების დამზადება, სიმღერა, საკუთარი სცენარით დაწერილი ფილმების გადაღება არასრული ჩამონათვალია იმ სიისა, რასაც “კამარაში” მისული ადამიანები დღის განმავლობაში აკეთებენ.

მკურნალობის ეს მეთოდი ამერიკაში კარგად აპრობირებულია.  “კამარას” დამმაარსებელმა, ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ , აღნიშნული მეთოდი  სწორედ ნიუ იორკში, "ბელვიუ ჰოსპიტალ"-ში ორწლიანი მუშაობისას შეისწავლა. მოგვიანებით კი სამშობლოში დაბრუნებულმა, მიღებული ცოდნის საქართველოში დანერგვა გადაწყვიტა.

როგორც ნათია ფანჯიკიძე აღნიშნავს, მეთოდმა გაამართლა. არტთერაპიის შედეგების ვიზუალურად ხილვის საშუალებას კი, ცენტრის მიერ გამართული გამოფენა და  პაციენტებში  მომხდარი ცვლილებები იძლევა.

„სამ ხმაში ამღერდნენ ადამაინები, რომლებსაც აქამდე სიმღერასთან შეხება არასდროს ჰქონიათ,“ იხსენებს ფსიქოლოგი. „თავიდან ყველა სკეპტიკურად უყურებდა სიმღერის მასწავლებლის მოსვლას, ამბობდნენ არასდროს გვიმღერიაო, მაგრამ მე ვუთხარი, სამაგიეროდ ხომ გიოცნებიათ ნეტავ ვმღეროდეო და სულ რამდენიმე თვეში გასაოცარ შედეგს მიაღწიეს.“

 

არტთერაპიის ეფექტურობა კარგად აისახა ვახოზე , რომელიც ნარკოტიკებს დიდი ხნის განმავლობში აქტიურად მოიხმარდა. ის „კამარაში“ ერთ-ერთი პირველი მივიდა და დღეს უკვე პაციენტის სტატუსი აღარ აქვს. ცენტრში ახალ მისულებს ახლა ვახო ეხმარება იმ გზის გავლაში, რომელიც ცოტა ხნის წინ თავად გაიარა. თავადვე, ასწავლის მინანქრის ნივთების გაკეთებასაც.

ვახოს თქმით, „კამარაში“ დანერგილ მკურნალობის მეთოდს თავიდან ყველა ეჭვის თვალით უყურებს, მაგრამ საკმარისია ცენტრში ერთი დღე გაატარონ, რომ შეხედულება ეცვლებათ და ოჯახის წევრები ხდებიან.

“ხელოვნება გვეხმარება, რომ ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანოთ და ნარკოტიკზე აღარ ვიფიქროთ“- ამბობს 50 წლის ვახო.

არტთერაპიის დროს, თითოეული ნივთის შექმნის პროცესშივე იბადება სხვადასხვა იდეა.  როდესაც,  რაიმე ხელოვნების ნიმუშის შექმნას იწყებენ, თავიდან არასდროს  აქვთ განსაზღვრული რა იქნება საბოლოო შედეგი. ასე შეიქმნა, გამოფენის ერთ-ერთი ექსპონანტი  მუყაოს ფერადი ქალღალდებით აწყობილი ქალაქი, რომელსაც მოგვიანებით  “კამარა” დაარქვეს.

როგორც ნათია ფანჯიკიძე იხსენებს, თავდაპირველად, ამ “ქალაქში” მხოლოდ ლომბარდის, კაზინოს და სასამართოლოს ადგილი მოიძებნა. “ნარკოტიკებმა დააპატარავა ამ ადამიანების სამყარო, მაგრამ ნელ-ნელა რეაბილიტაციის პროცესში გაუჩნდათ სურვილი დაბრუნებულიყვნენ ისეთ ადგილებში, როგორიცაა სკოლა ან ბიბლიოთეკა, შესაბამისად მათ მიერ მუყაოსგან შექმნილი ქალაქი უფრო ფერადი და მრავალფეროვანი გახდა”.

სწორედ ეს არის არტთერაპიის პროცესი და საბოლოო შედეგი, როდესაც  ადამიანების სულში მომხდარი ცვლილებები ხელოვნების ნიმუშებზე აისახება.