სცენარი ყოველდღიურობაზე

თინათინ გადელია

  • როგორ მოგივიდათ სოციალური სატირის შექმნის იდეა?

ქართულ ფორუმს ვკითხულობდი, სადაც ქალები ზოგად თემებს არჩევდნენ და მაშინ ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა ქალებზე სერიალის გადაღება. სერიალი ჟანრით მსუბუქი კომედია უნდა ყოფილიყო, სოციალური თემატიკით. დროთა განმავლობაში სერიალი გასცდა ამ ჟანრს და სოციალურ სატირად იქცა. ყოველი ახალი სეზონის დაწყების შემდეგ, თემები უფრო მძიმდება და ღრმავდება.

 

  • როგორ წყვეტთ სად დაისვას აქცენტები სცენარში?

მე ვირჩევ აქცენტებს. ერთი ობიქტური რეალობა არ არსებობს. უბრალოდ აღმოჩნდა, რომ ის, რასაც მე ვხედავ ადამიანებისთვის საინტერესოა. მთავარი ის კი არაა რას ხედავ, არამედ როგორ ხედავ და აი, ამ «როგორ ხედვაზეა» სერიალი. საავტორო პოზიცია ამ რეალობის მიმართ არის არა აგრესიული ან სიყვარულით სავსე, არამედ ცოტა ირონიული. ეს არ არის მითითება, ესაა უბრალოდ აღწერა, ჩემი და რეჟისორის პოზიციით.

  • რა არის სერიალის მიზანი?

ჩვენი მიზანია ტაბუირებულ თემებზე დისკუსია. სულ არ გვინდა ჩვენმა სცენებმა, ან პერსონაჟის სიტყვებმა სკანდალი გამოიწვიოს. ჩვენი მიზანია, ადამიანებმა გარკვეულ თემებზე ლაპარაკი დაიწყონ. ლაპარაკის დაწყება უკვე არის რეფლექსია.

  • ასეთ პოპულარობას თუ ელოდით?

როცა არხს პილოტი ვაჩვენეთ, მედიანალიტიკოსების აზრით ამ სერიალს ექნებოდა რეიტინგი, რადგან ბევრი ადამიანი გააიგივებდა თავს პერსონაჟებთან. მაგრამ მაშინ არ გვიფიქრია, რომ სერიალი ასეთი პოპულარული იქნებოდა. ვიცით, რომ პოპულარული არ ნიშნავს აუცილებლად ხარისხიანს. ამიტომ, ყოველთვის ვფიქრობთ შინაარსზეც და ხარისხზეც, რომ სერიალი არასდროს გახდეს ტრაფარეტული და ბრტყელი.

  • როგორ წერთ სცენარს?

ძალიან რუტინული და შრომატევადია. მინდა თუ არა, ყოველ დღე საწერი მაქვს. თავს სულ შთავაგონებ, რომ ეს საჭიროა და არანაირი ფიქსირებული დრო არ არსებობს, ზოგჯერ ღამის ხუთ საათამდეც სამსახურში ვართ. ზოგჯერ დილით ვწერ, ზოგჯერ საღამოს, როცა მეწერინება მაშინ, დროს მნიშვნელობა არ აქვს.

  • სცენარისტი როგორ გახდით?

თავიდან ეს იყო სერიალი „კლინიკა“, რომლისთვისაც შემთხვევით დავწერე ერთი სერიის სცენარი და აღმოჩნდა რომ უბრალოდ გამომდის ეს საქმე. სცენარისტის განათლება არ მაქვს, მაგრამ სცენარის წერას აქვს თავისი ფორმულა, რომლის მიხედვითაც შეიძლება დაწერო. ეს არის სტრუქტურა და მერე იმის ხორცშესხმა უკვე პირადი გემოვნების და გამოცდილების საკითხია. ამას ვერავინ ვეღარ გასწავლის.

  • შემოქმედებითი კრიზისის პერიოდებში რას იყენებთ ინსპირაციისთვის?

ჩემთვის ინსპირაციაა სოციალური ქსელი, სადაც კომენტარებს ვკითხულობ. ვავსებ პერსონაჟების ლექსიკას იმ ადამიანების კომენტარებიდან, ვინც ჩემი გმირების პროტოტიპები არიან. რა თქმა უნდა არის პერიოდები, როცა საერთოდ არ შემიძლია ვწერო. მაგრამ ეს ერთგვარი ქარხანაა, სადაც შენ არ შეგიძლია თქვა – ერთი თვე უნდა დავისვენო, აქ ამის უფლება არ გაქვს.

  • წინასწარ იცით რა იქნება შემდეგ სეზონში?

წინასწარ ვიცით საერთო მონახაზი, მერე იწერება მოკლე მონახაზი, იმის შესახებ რა უნდა მოხდეს. მე და ჩემი პროდუსერი ვადგენთ როგორ უნდა მოხდეს და სცენარს ამ გეგმის მიხედვით ვწერ. წინასწარ 70-ე სერიაში რა მოხდება არ ვიცი.

  • ახალი გმირები როგორ იქმნებიან?

ვიხსენებთ ტიპაჟებს, რომლებიც არ გვყოლია, და შეიძლება საინტერესო იყოს, ვქმნით მათ ბიოგრაფიას, წარსულს, თვისებებს, ლექსიკას, ხასიათს, ტრამვებს და ასე შემდეგ.

  • „ჩემი ცოლის დაქალები“ შეიძლება ითქვას, ებრძვის სტერეოტიპებს. თუმცა, თინას გმირი დამოუკიდებელი, საქმიანი ქალია, არ არის გათხოვილი და მარტო ცხოვრობს. არ ფიქრობთ, რომ ესეც ერთგვარი სტერეოტიპია - საქმიან ქალებს არ ჰყავთ ოჯახი?

ამაზე ხშირად დაუსვამთ კითხვა, რაღაც სტერეოტიპები ხო არ მყარდება მათი დაცინვით, მაგრამ ეს მაყურებლის რეაქციაა. არიან ადამიანები, ვინც ამ ირონიას ვერ გრძნობენ. თინა არ არის ნამდვილი ფემინისტი, უბრალოდ ასეთ ორგანიზაციაში მუშაობს. ეს არ არის სტერეოტიპი, ძალიან ხშირად ქალებს, რომლებიც დიდ დროს უთმობენ სამსახურს პირადი ცხოვრება მოუწესრიგებელი აქვთ. ამ შემთხვევაში თინას პირადი აქვს მოუწესრიგებელი თავის ხასიათის გამო, ის კონფლიქტურია. უბრალოდ ჯერ არ შეხვდა ის კაცი, რომელიც მთელი გულით და სულით ეყვარებოდა.

  • თუ არის სერიალში ისეთი გმირი, რომელთანაც იმეგობრებდით?

ყველანაირი მეგობარი მყავს, რომ ვუკვირდები, რატომაც არა.

  • თქვენთვის მისაღებია რომელიმე გმირი თავისი მსოფლმხედველობით, პრინციპებით?

არა, ასეთი გმირი არ არის. იმიტომ რომ ეს პერსონაჟები ცოტა გროტესკულები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ იყვნენ ძალიან ნამდვილები, უფრო მეტად ხაზგასმულია უარყოფითი შტრიხები. არც მიყვარს და არც მძულს, საკმაოდ დისტანციური ვარ საკუთარ პერსონაჟებთან.

  • თქვენი თვისებები თუ აქვს რომელიმე პერსონაჟს?

რა თქმა უნდა. ჩემი თვისებებიც არის დასაცინი და ძალიან ბევრ პერსონაჟშია გაფანტული. შეიძლება იყოს კაცში, ბავშვში, ქალში. ისე, ჩემი თვისებებისთვისაც დამიცინია სერიალში.

  • თქვენს სცენარში არიან გმირები, რომლებსაც თქვენგან რადიკალურად განსხვავებული ღირებულებები, მსოფლმხედველობა აქვთ. სცენარი, რეალური ცხოვრებისგან განსხვავებით გაძლევთ შანსს შეცვალოთ ასეთი ადამიანები, შეაცვლევინოთ პრინციპები, დამოკიდებულებები - იყენებთ ამ შანსს?

რა თქმა უნდა, მყოლია ასეთი გმირები, ისევე როგორც ნათესავები, ნაცნობები, მეზობლები. მათთან კომუნიკაციას ვერ აცდები. ვცდილობ ვაჩვენო, რომ მათი ის თვისებები, რომლებიც თითქოს დადებითია, სინამდვილეში არ არის. ვითომ ვაჟკაცობა, ვითომ კაცობა, ძალიან სასაცილოა ხოლმე. არ ღირს ასეთი კაცების იდეალიზება. თუმცა, ეს გმირები საყვარლებიც არიან ხოლმე. არ შეიძლება ადამიანი კარგი ან ცუდი იყოს. ყველა ინტერვიუში ამას ვიმეორებ. მთავარი პრობლემა ისაა, რომ არ ფიქრობენ და არ აცნობიერებენ რატომ გრძნობენ თავს ცუდად.

  • რომელიმე სატელევიზიო სატირა თუ მოგწონთ გამორჩეულად?

სატელევიზიო სატირა არ ვიცი, მაგრამ ამერიკული სერიალი ბევრია, რომელიც მიყვარს და ვუყურებ: House of Cards, Mad Men, Game of Thrones ,Dr. House, Fargo. ახლა ესენი გამახსენდა.

  • თუ შეიძლება მაყურებლის რეაქციამ სცენარი შეცვალოს?

სცენარს ვერ შეცვლის, ის უკვე დაწერილია და ვერანაირი ძალა, იმას თავიდან ვერ დამაწერინებს, იმიტომ რომ ძალიან შრომატევადი საქმეა. მაგრამ ვაკვირდები ტენდენციებს, ვისი ყურება უფრო მოსწონთ და რა თემებია აქტუალური.

  • გიცდიათ რეალობის გაზვიადების გზით გაგესვათ ხაზი პრობლემისთვის?

ქართულ რეალობას გაზვიადება არ სჭირდება.

  • როდის სრულდება „ჩემი ცოლის დაქალები“ ?

არ ვიცი.

  • როდის მიიჩნევთ, რომ სერიალმა თავის თავი ამოწურა?

მე ყოველი სეზონის ბოლოს ასე ვთვლი, მაგრამ მაყურებლის ინტერესი უცვლელი რჩება. ამიტომ ვიფიქრებთ ახალ პერსონაჟებს, ახალ ამბებს და ახალ გმირებს.

  • ახალი სატირული სერიალი ან ფილმის სცენარის დაწერას თუ აპირებთ?

მაქვს გეგმები და იმედია განვახორციელებ.