ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები

ონაცემები, კანონმდებლობა, აქტივობები

 კესო სანიკიძე

საქართველოს ნარკოპოლიტიკა  ჟამთა და მთავრობათა ცვლას არ სცნობს, არ რეაგირებს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებზე და რჩება დასჯაზე ორიენტირებული.  სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ოფიციალური მონაცემები ან არ მოიპოვება, ან არასრულია, ან ურთიერთგამომრიცხავი.  რთულია ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული ვითარების შეფასება არასრული ინფორმაციის გამო.    

მონაცემები:

2009-2014 წლის მონაცემთა ანალიზი აჩვენებს, რომ  ნარკო-დანაშაულის მატების პროპორციულად მატულობს  ამ დანაშაულისათვის ამნისტირებულთა რიცხვი. სავარაუდოდ, ნარკოტიკების მომხმარებლების დაპატიმრებას მოყვება მათი ამნისტირება და შემდეგ კვლავ დაპატიმრება.

2009 - 14 წლის  საქსტატის მონაცემებით,  ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გასაღებისთვის 12530 პირი დაისაჯა, რაც საქართველოს მოსახლეობის 0.33% შეადგენს. 2009 წლიდან 2012 წლამდე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე მსჯავრდებულთა რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება აღინიშნებოდა.  2012 წლის შემდეგ კი მსჯავრდებულთა რიცხვი ისევ განაგრძობს მატებას და აჭარბებს გასული წლების მონაცემებს.

კანონმდებლობა:  მცირე ცვლილებები და აღსრულება   

ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება ქართული კანონმდებლობით  კრიმინალიზებულია, მცირე  შესწორებების ფონზე  გრძელდება ქუჩის ნარკოტესტირების პრაქტიკა.

‘’ 2013 წლამდე, ბრძანების თანახმად, პოლიციას უფლება ჰქონდა, მოქალაქეები ქუჩაში ნარკოტიკული თრობის ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ე.წ. „გონივრული ეჭვის“საფუძველზე დაეკავებინა.   2013 წელს „კანონში პოლიციის შესახებ“, „გონივრული ეჭვი“ შეიცვალა ფორმულირებით „საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის“. მიუხედავად ამისა, აღნიშნული პროცედურა ისევ იძლევა სუბიექტური ინტერპრეტაციის საშუალებას.’’ - აცხადებს მარიამ ღვინიაშვილი, ადმინისტრაციული სამართლის სპეციალისტი. 

ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონით დადგენილი სასჯელის შემსუბუქების ერთად ერთი მექანიზმი  საპროცესო გარიგებაა. საპროცესო გარიგება პროკურორსა და ბრალდებულს შორის  შეთანხმებას გულისხმობს, რომლითაც პროკურორი, თავის დამნაშავედ ცნობის სანაცვლოდ ბრალდებულს ბრალდების ან/და სასჯელის იმაზე უკეთეს პირობებს სთავაზობს, ვიდრე მას ჩვეულებრივი სასამართლო პროცესის გზით შეიძლება მიიღოს. საქართველოში გავრცელებული პრაქტიკით, ნარკოტიკული საშუალებების შენახვა/მოხმარებისთვის 10 000 ლარიანი საპროცესო შეთანხმება ფორმდება.

“  როცა საპროცესო გარიგება ვერ ხერხდება ამოღებული ნივთიერების დიდი ოდენობის  გამო, ამ შემთხვევაში სასჯელი 7-დან 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.’’-  აცხადებს საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი გიორგი მაისურაძე.

კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელ პირს ჩამოერთმევა მთელი რიგი უფლებები: მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საქმიანობის, ფარმაცევტული საქმიანობისა ან აფთიაქის დაფუძნების უფლება.  

ახალი ფსიქოატიური ნივთიერებები

მომხმარებელთა ისტორიები

ბიო

ახალი ფსიქოატიური ნივთიერებები

საქართველოს პარლამენტმა   „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ’’ კანონი 2014 წლის, 16 აპრილს მიიღო.

კანონმდებლობა:

მიღებულ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 -ე, მუხლში, რომელშიც ნივთიერებების ქიმიური შენაერთების, 9 კლასის,  20 ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება შედის ნათქვამია:

 

‘’1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე, რომლებიც არ არის განსაზღვრული „ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ“ 1961 წლის ერთიანი კონვენციითა და „ფსიქოტროპულ ნივთიერებათა თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1971 წლის კონვენციით.

 

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევაზე; ბ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებზე.’’

 

ასევე, კანონით იკრძალება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება -  საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანა ან საქართველოდან გატანა.

მას შემდეგ რაც კანონით აიკრძალა ზოგიერთი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარება, 2014 წელს  87 პირი იქნა მათი მოხმარებისათვის ბრალდებული.   თუმცა,  გატარებული ღონისძიებების შედეგების შეფასება   ფაქტობრივი და სტატისტიკური მონაცემების  ხელმიუწვდომელობის გამო შეუძლებელია.  

პირველ რიგში,   2015-2016 წლის ოფიციალური მონაცემები  არ არის გამოქვეყნებული. 2013-2014 წლების მონაცემთა შეფასებისას,  შინაგან საქმეთა სამინისტრო სიმართლეს მალავს, რადგან ერთის მხრივ, აცხადებს, რომ ბიოპლანთან დაკავშირებული ნარკოდანაშაულების რიცხვმა  იკლო, მაგრამ  ამ ინფორმაციას მხოლოდ   2013 წლის  მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს, ხოლო 2014 წლის მონაცემების გრაფა ცარიელია, შესაბამისად შედარება შეუძლებელია.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 წლის პირველ ყოველკვარტლურ ანგარიშში  ნათქვამია, რომ  ახალი ფსიქოატიური ნივთიერებების ბრუნვის ფაქტები საკმაოდ დიდ მასშტაბებში კანონის მიღებამდეც ფიქსირდებოდა, მაგრამ მათი აღკვეთა საკანონმდებლო ბაზის არქონის გამო ვერ ხერხდებოდა.  

კანონის ამოქმედების შემდეგ, 2014 წლის 1 მაისიდან - 15 აგვისტომდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის ფაქტზე 84 სისხლის სამართლის საქმე იქნა აღძრული .’’   

შსს ვებ-საიტზე  მოთავსებული მასალების მიხედვით,  “ბიოს” მოხმარების ბოლო შემთხვევა, 2016 წლის, 13 ოქტომბერს დაფიქსირდა. 150 შეკვრა ‘’ბიოს’’ შეძენა შენახვისთვის, 1968 წელს დაბადებული,  ერთი პირი დააკავეს. გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით) დაიწყო, რაც თავისუფლების აღკვეთას  შვიდიდან თოთხმეტ წლამდე გულისხმობს.

შსს-ს ანგარიშში ხაზია გასმული სამართალდამცავებისა და სახელმწიფოს ეფექტურ მუშაობაზე. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება  ეთმობა  საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიების გვერდზე, სიტყვა ‘’ბიო’’ -ზე 186 ამბავი იძებნება.   მათგან ნაწილი კანონდარღვევებს შეეხება, ნაწილი კი სხვადასხვა კამპანიებს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ჩატარდა. 

2014 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ანტინარკოტიკული კამპანია -  ‘’არა ბიონარკოტიკს’’ დაიწყო.  ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ კამპანიის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ე.წ ‘’ბიოს’’ შესახებ ტრენინგი უტარდებოდათ. განათლების სამინისტროს ინიციატივით, 2014 წელს საჯარო და კერძო სკოლებში სხვადასხვა დისციპლინებში ანტინარკოტიკული და ანტინიკოტინური თემები შევიდა, ასევე განხორციელდა თემატური კონკურსები, კონფერენციები და კამპანიები.  

მართალია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე  ნათქვამია, რომ კამპანიის  განხორციელების შედეგად, ‘’ბიონარკოტიკის’’ მოხმარების მაჩვენებელმა იკლო:   “კამპანიის მთავარმა გზავნილებმა მოსახლეობის ყველა სეგმენტამდე, განსაკუთრებით, ამ კუთხით ყველაზე მოწყვლად ჯგუფამდე - ახალგაზრდობამდე მიაღწია, რამაც, ბუნებრივია, ხელი შეუწყო ნარკოტიკების მოხმარების კლებასა და ნარკომოხმარების პრევენციას ქვეყანაში. ‘’   .    

‘’რთულია იმის თქმა რამდენად შედეგის მომცემია კამპანიები, რომელსაც სახელმწიფო ატარებს. კვლევები,  თუ რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობს ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან და ნარკოტიკულ საშუალებებთან ბრძოლა  არ ტარდება. ხშირ შემთხვევაში საქართველოში სათანადო ყურადღება არ ექცევა კვლევას არ ხდება მონაცემების ანალიზი და სათანადო რეაგირება ’’ ამბობს ზაზა ჩიქოვანი. ჩიქოვანი დასძენს, რომ ‘’ საქართველოს ნარკოპოლიტიკა მიწოდების შემცირებაზე ორიენტირებულია, მოთხოვნის შემცირებაზე კი მუშაობა სამწუხაროდ არაეფექტიანად მიმდინარეობს”.  

ქვეყანაში   2011 წლიდან იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ამოქმედდა ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, 2012-13 წლებში შემუშავდა და საბჭოს მიერ დამტკიცდა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის  სამოქმედო გეგმა, რომელიც პარლამენტში ამჟამად განიხილება დასამტკიცებლად.    

ალტერნატივა საქართველოს წარმომადგენელი ნათია თოფურია სამოქმედო გეგმის შეფასებისას ამბობს, რომ - ‘’დღესდღეობით შემუშავებული სტრატეგიის მთავარი მიმართულება მიწოდებისა და მოთხოვნის შემცირებაა. ასევე სტრატეგიაში გათვალისწინებულია ზიანის შემცირება, სტიგმისა და დისკრიმინაციის დაძლევა, კოორდინაცია და საერთაშორისო თანამშრომლობა, კვლევა და ინფორმაციის ანალიზი. მიუხედავად იმისა, რომ ეს დოკუმენტი მზად არის და სამოქმედო გეგმაც დეტალურად არის გაწერილი,  ქვეყნის პარლამენტის მიერ  დოკუმენტები ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული. შესაბამისად რთულია დასკვნების გაკეთება.‘’