ანა აბაკელიას ბლოგი

ანა აბაკელია

 დახურული კარებიდან კედლებზე დახატული გრაფიტები, წარწერები, პოსტ-სოციალისტური სახლები და ღრუბლიანი ცა მოჩანდა.

თავიდანვე გადავწყვიტე, რომ სტანდარტული  რუკით არ მეხელმძღვანელა და მოგზაურობა თავის ნებაზე მიმეშვა, რადგან გაწერილი სამუშაო გრაფიკი წინ უკვე მელოდა.

რადიო პროექტი, რომელმაც გამოცდილებასთან ერთად ევროპის 4 ქვეყნიდან არაჩვეულებრივი მეგობრები შემძინა, ჩემს მეხსიერებაში ყოველთვის გამორჩეულად დარჩება. მათთან გუნდურმა მუშაობის პროცესმა თანამედროვე მსოფლიოსთვის აქტუალურ და მტკივნეულ დევნილების თემაზე,  ნამდვილად ერთ მთლიან ორგანიზმად გვაქცია.

10 დღე სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, იმისთვის რომ ეს მულტიკულტურული ქალაქი არატურისტულად შემეგრძნო.

ამისთვის საკმარისი იყო 12 ევროდ ჩემს მეგობრებთან ერთად ველოსიპედი გვექირავა. პირველი გაჩერება გორლიცას პარკი იყო, სადაც სხვადასხვა ეროვნებისა და განსხვავებული შეხედულებების ადამიანს შეხვდები, რომლებიც სუფთა ჰაერზე შენსავით ველოსიპედით ან სულაც სკუტერით არის მოსული იმისთვის, რომ რეკრეაციით დატკბეს და არაჩვეულებრივი სოციალური გარემო შექმნას. ეს პარკი ჰიპსტერულ უბანთან ილინკება, სადაც ყველაზე მეტი თავისუფლება იგრძნობა. საინტერესო ბარებსა და გემრიელ საჭმელს კროიზბერგში ძალიან მარტივად მიაგნებ.

უკანა გზაზე ქუჩის მუსიკოსს შევხვდით. ეს არი იყო ერთი ჩვეულებრივი გამოსვლა, ეს იყო პერფორმანსი, რომელმაც უამრავი მაყურებელი 2 საათით გააერთიანა და თითქმის თანაბარი ემოციით ჩართო ბიტლების, ბოუვის, ტომ უეითსის სიმღერების ფონზე.

უკვე კლიშედ ჩამოყალიბებული ბერლინური ქლაბინგის სტატუსი ყველა მითს ამსხვრევს, როცა ცოცხლად ხდება შეხება ამ ყველაფერთან. ეს არის მდგომარეობა სადაც ყველა რანგის ადამიანი ერთ თანაბარ სიბრტყეზე კარგი მუსიკის და საუნდის ფონზე მაქსიმალურ სიამოვნებას იღებს.

ხმაური, სიმაღლე და სიცივე ესეც ბერლინის მახასიათებლებია, თუმცა ისე არაჩვეულებრივად გიზიდავს, დარჩები თუ არა, ხშირად აუცილებლად ჩააკითხავ ქალაქს, რომელიც მრავალი მნიშვნელოვანი სიმბოლოებით გამოირჩევა. ერთ-ერთი ასეთი ბრანდერბურგის კარიბჭეა, რომელიც ერთიანობის მნიშვნელობის მატარებელია. და სწორედ ამ ერთიანობას გრძნობ ყველგან: უნივერსიტეტებში, ქუჩებში, პარკებსა თუ კლუბებში. ეს განცდა ბერლინში ხელმეორედ სტუმრობის სურვილს ისევ დაბადებს, თანაც მოკლე დროში და  მიზეზების გარეშე.