ქეთი მესტვირიშვილის ბლოგი

ქეთი მესტვირიშვილი

სმასა და გართობაში გალეული ღამეები, მუშაობაში დაღამებული დღეები. ეს ბერლინია, ქალაქი, სადაც ყველას შეუძლია, იპოვოს მისთვის საინტერესო, არ აქვს მნიშვნელობა, სიწყნარესა და მუზეუმების სტუმრობით მიღებულ ინტელექტუალურ სიამოვნებას ანიჭებთ უპირატესობას თუ ღამის კლუბებში გირჩევნიათ ცეკვა.

მე სწორედ ბერლინში ვარ, ქალაქში, სადაც უამრავი ეროვნების ადამიანია თავმოყრილიდა, არავის აქვს უცხოობის განცდა.

2-3 დღე საკმარისია იმისთვის, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ქუჩა და სადგური დავიმახსოვრო. ხშირად გამოყენებული სიტყვების ჩამონათვალში შედის: მეტროსხაზი U 2, რადიოალექსი, სტუდენტები 4 ქვეყნიდან, ინტერვიუები ლტოლვილებთან. მთლიანობაში, პროექტში, დაახლოებით, 30 კაცი ვართ და ოცდაათივე ერთსადაიმავე ტრანსპორტს ვიყენებთ, რომ საჭირო ადგილებამდე მივიდეთ. წარმოიდგინეთ, 30 ერთდროულად მოლაპარაკე ადამიანი ერთ ავტობუსსა თუ მეტროს ვაგონში.  სანამ ჩასვლა-ასვლის გაჩერებებს დავიმახსოვრებთ, ერთ-ერთი ტრენერი ქმნის სიტყვათაკომბინაციას ( ჩოპ-ჩოპ) და როცა მას ხმამაღლა წარმოთქვამს, ყველა ვხვდებით, რომ ტრანსპორტის დატოვების დროა. ავტობუსში დარჩენილი მგზავრები ღიმილიანი სახეებით გვიყურებენ.

პროექტის მიზანია, ჩავწეროთ რადიო პროგრამა, რომელიც ლტოლვილების თემას შეეხება. დაგეგმილია შეხვედრებ იოფიციალურ პირებთან, ლტოლვილებთან, ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებთან. დატვირთული დღე საღამოს ინტერნაციონალური ღონისძიების მოწყობით გრძელდება. პროექტის ყველა მონაწილე გუნდი თავისი ქვეყნის ტრადიციულ კერძებს მზადებს. ამდენი „მზარეული“ სულ რაღაც 20 კვადრატული მეტრის მქონე სამზარეულოში ფუსფუსებს, და ეს მცირე სივრცე გვაერთიანებს ჩვენ: ქართველებს, ესპანელებს, ბულგარელებსა და ბელგიელებს. იმისთვის, რომ სამზარეულოსთან ერთად ქვეყნების კულტურაც გავაცნოთ ერთნამეთს, ეროვნული მუსიკის ნიმუშებს ვუსმენთ, ზოგი ცეკვავს, ზოგი კი, ჩემი არ იყოს, საინტერესო მომენტების გადაღებას ამჯობინებს.

ჩემთვისაც კი, ვისთვისაც არც თუ კომფორტულია გუნდში უცხო ადამიანებთან მუშაობა, საინტერესო ხდება დავალების შესრულების პროცესი. რამდენიმე დღეში ვასრულებთ ძირითად საქმეს დ აცოტა დრო ბერლინის უკეთ გასაცნობადაც გვრჩება.

ზოოპარკი არის დაწესებულება, რომელსაც ყველა ქვეყანაში ვიზიტისას ვსტუმრობ. ვფიქრობ, ეს ადგილი ზუსტად ასახავს ხალხის დამოკიდებულებას ცხოველებისადმი.

სიმართლე გითხრათ, ზოოპარკში სტუმრობამდეც ადვილად შევამჩნიე გერმანელების თბილი დამოკიდებულება ცხოველებისადმი. ისინი ძალიან ხშირად სეირნობენ თავიანთ ძაღლებთან ერთად. ცხოველთა უფლებებიც დაცულია. მათ თქვენ იხილავთ მაღაზიებში, კაფეებსა თუ ტრანსპორტში. მათი შემხედვარე ხშირად ვფიქრობდი, როდის შევძლებთ მე და ჩემი ძაღლი თბილისში ტრასპორტით გადაადგილებას?. ბოლო დროს გავარკვიე, რომ ჩვენთან მეტროში ველოსიპედიან მგზავრსაც არ უშვებენ იმის შიშით, „ველოსიპედი ესკალატორზე არ დაგორდეს და ვინმე არ დააზიანოს“.  ეს საკითხები, შესაძლოა, ვინმეს უმნიშვნელოდ ეჩვენება სხვა პრობლემების ფონზე, მაგრამ, ჩემი აზრით, სწორედ დეტალები ქმნის საერთო ფონს, რამდენად არის დაცული ქვეყანაში ადამიანისა თუ ცხოველის უფლებები. დრო, რა თქმა უნდა, სწრაფად გავიდა. სხვა ნივთებთან ერთად, სამახსოვროდ ვიყიდე  მაცივრის მაგნიტები ბერლინის კედლის ილუსტრაციებით და ერთი ფარგალი. პასუხი არ მაქვს კითხვაზე, რამ მაყიდინა ბერლინში მაინცდამაინც ფარგალი, შესაძლოა, ეს იყო მცდელობა, გამემართლებინა ჩემი „ტურისტული ქმედება“ მაცივრის მისაკრობების ყიდვისა და შევიძინე რაღაც ისეთი, რაც აბსოლუტურად არ ასოცირდებოდა ტურისტის ქცევასთან. ასე კმაყოფილმა და ემოციებით სავსემ ბოლო „ჩოპ-ჩოპი“ ვუთხარი ბერლინს.