სიღარიბის ზღვარს მიღმა

თინათინ გადელია

სახლში სამი ოთახია. მათგან მხოლოდ ერთშია ელექტროენერგია გაყვანილი, მთელია ფანჯრები და იატაკი დაგებულია. დანარჩენ ორ ოთახში, სამზარეულოსა და აბაზანაში ელექტროენერგია არ არის, ფანჯრები წვიმას და ქარს ვერ აკავებს. სახლში არც თბილი წყალი მოდის, არც სარეცხის მანქანა დგას. ტელევიზორი რამდენიმე თვის წინ ორმოცდაათ ლარად შეიძინეს. ოთახი ტელე-შოუ „ბინაში“ მონაწილეობისას მოაწყვეს, პროექტის დაფინანსებით.

ამ სახლში დედა და ხუთი მოზარდი ცხოვრობს. ოთხი სკოლის მოსწავლეა. სახლი მათ საკუთრებას არ წარმოადგენს. ბინა სახელმწიფოსგან მიწისძვრით დაზარალებულის სტატუსით მიიღეს. სახლის გადაფორმება დღემდე ვერ მოხერხდა. ოჯახის არცერთი წევრი არ მუშაობს. ისინი სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას იღებენ.

ლალი ლოხიშვილი შვიდი შვილის დედაა. ამჟამად ხუთ შვილთან ერთად ცხოვრობს. სოციალური დახმარების პროგრამამ მათი ოჯახი 8 080 ქულით შეაფასა და ყოველთვიურად სახელმწიფოსგან სამას ლარიანი დახმარება დაუნიშნა. გარდა ამისა, როგორც მრავალშვილიან დედას, სახელმწიფო ლალის ოჯახს ყოველთვიურად თითო ბავშვზე ოცდახუთ ლარს ურიცხავს. ამ ოჯახში ოთხი არასრულწლოვანია. შესაბამისად ოჯახის შემოსავალი თვეში ოთხასი ლარი გამოდის. ლალი ამბობს, რომ ეს თანხა არც კვებისთვის და არც მისი შვილების განათლებისთვის საკმარისი არ არის.

„ძალიან ხშირად ისე გვიჭირს, რომ მხოლოდ ხახვსა და პურს ვჭამთ.“

მუშაობის დაწყების ეშინიათ, რადგან იმ შემთხვევაში თუ შემოსავალი გაუჩნდებათ სოციალურ დახმარებას აღარ მიიღებენ. ისეთი სამსახური ჯრ ვერცერთმა იპოვნა, ხელფასით ოჯახის რჩენა, რომ შეძლოს.

ლალის სრულწლოვანმა შვილმა სამედიცინო კოლეჯი ახლახანს დაამთავრა. შეეძლო მუშაობა ექთნის ასისტენტად დაეწყო, მაგრამ თავი შეიკავა, ხელფასი ასორმოცდაათი ლარი იყო, რომელიც ექვსსულიან ოჯახს არაფერში ეყოფა. ასე ხშირად ხდება - ჯამაგირი ყოველთვის სოციალურ დახმარებაზე ნაკლები გამოსდით ხოლმე. ამიტომ მხოლოდ სოციალური შემწეობით ირჩენენ  თავს.

“სადმე რომ დაფიქსირდეს, რომ ვმუშაობთ და სახელფასო ბარათია გახსნილი ჩვენს სახელზე, დახმარება იმ წუთას მოგვეხსნება.“- ამბობს ლალი.

ლალის ერთ-ერთი შვილი ანსამბლში მღერის. დავით კენჭიაშვილის სტუდიაში ის უსასყიდლოდ სწავლობს. შარშან ზაფხულში ანსამბლმა, მისი საზღვარგარეთ კონცერტზე წაყვანა საკუთარი ხარჯებით გადაწყვიტა, მაგრამ ვერ გაუშვეს. ბავშვს საზღვარი რომ გადაეკვეთა, ოჯახს დახმარება შეუწყდებოდა. ქვეყნიდან გასვლა, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრისთვის ფუფუნებად ითვლება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი გაიოზ თალაკვაძე ამბობს, რომ ცვლილებები, რომლებიც სოციალური დახმარების სისტემაში შევა, ოჯახებს სიღატაკის დაძლევაში დაეხმარება.

სოციალური დახმარების მისაღებად ოჯახი ერთიან ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს და მათი სარეიტინგო ქულა 57 000-ს არ უნდა აღემატებოდეს.

ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით დახმარებას მიიღებენ ისინიც, ვინც ასცდება 57 000 ქულას. თუმცა დახმარების ოდენობა ყველა ოჯახისთვის ერთი არ იქნება. რაც უფრო ნაკლები იქნება სარეიტინგო ქულა, მით უფრო მაღალი დახმარება დაენიშნებათ. ზუსტად თანხების ოდენობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის. გაიოზ თალაკვაძე ამბობს, რომ 35 000-ზე დაბალ ქულიანი ოჯახები დღევანდელთან შედარებით მაღალ დახმარებას მიიღებენ.

ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, ოჯახის შემოსავალს დაითვლიან და სარეიტინგო ქულის მინიჭებისას  გაითვალისწინებენ მხოლოდ იმ ქონებას, რომელიც შეიძლება შემოსავლის მომტანი იყოს. ასეთია, მაგალითად მიწის ნაკვეთი, რომელიც შეიძლება გაქირავდეს ან გაიყიდოს. ამჟამინდელი მეთოდოლოგიისგან განსხვავებით, შემფასებელი მხედველობაში არ მიიღებს საყოფაცხოვრებო ნივთებს: გაზქურა, ტელევიზორი, მაცივარი და ა.შ.

იცვლება ასევე სოციალური აგენტის როლი. დღეს, ერთნაირი ქონების მქონე ორი ოჯახიდან, რომელს უფრო სჭირდება დახმარება სოციალური აგენტის გადასაწყვეტია. ახალ მეთოდოლოგიაში სოციალური აგენტის სუბიექტურ აზრს სარეიტინგო ქულის მინიჭებაზე, გავლენა აღარ ექნება.

ახალი მეთოდოლოგიით შემოსავლები შეეფარდება საჭიროებებს და ასე გამოვა ქულა.რაც უფრო დიდია საჭიროება, ნაკლებია ქულა. მაგალითად, ოჯახს,რომელსაც შემოსავალი შვიდასი ლარი აქვს შეიძლება მიენიჭოს სოციალურად დაუცველის სტატუსი, მაშინ როდესაც შესაძლოა სტატუსზე უარი განუცხადონ ოჯახს, ვისაც შემოსავალი ოთხასი ლარი აქვს.

შემოსავალიც და საჭიროებებიც მრავალ ახალ ცვლადს მოიცავს. მაგალითად, მრავალშვილიან ოჯახებს, საჭიროებებში დაემატება ცვლადები, რომელიც ბავშვების განათლებას უზრუნველყოფს. შესაბამისად ასეთი ოჯახები მეტ დახმარებას მიიღებენ.

დღევანდელ ბაზაში ორმოციათასამდე ოჯახია დარეგისტრირებული. მათი ახალი სტანდარტით გადამოწმება 2016 წლის პირველ იანვრამდე დასრულდება და ერთი საერთო ბაზა შეიქმნება.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი მაია ქურციკიძე ამბობს, რომ მათი  2013 წლის კვლევის მონაცემებით, ბავშვიანი ოჯახები  უფრო ღარიბია, ვიდრე დანარჩენი. გატარებული სოციალური რეფორმის ფონზე მოსახლეობაში შეიმჩნევა სიღარიბის კლების ტენდენცია, მაშინ როდესაც ბავშვების სიღარიბის დონე 25%-დან 27%-მდე გაიზარდა.

მაია ამბობს, რომ არსებული სოციალური დაცვის სისტემა ვერ იცავდა ბავშვებს სათანადოდ. სწორედ ამიტომ შეიცვალა სისტემა და მეთოდოლოგია. დღეს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად ამ მეთოდოლოგიების დახვეწაზე მუშაობს. თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არსებობს. გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციაა, რომ ბავშვებზე დამატებით გაიცეს ფულადი დახმარება. მაგალითად, როდესაც ოჯახში ორი უფროსი და ორი ბავშვია, ოჯახს დახმარება ერთ წევრზე სამოცი ლარი ეკუთვნის, ყოველ მომდევნოზე კი ორმოცდარვა, ასეთ შემთხვევაში შემწეობას თითოეულ ბავშვზე  შეიძლება ხუთი ან ათი ლარი დაემატოს.

თუ სახელმწიფო ამ პროგრამაში 4-5 მილიონს დახარჯავს თვეში, ბავშვთა სიღარიბე 60%-ით შემცირდება და 25 000 ბავშვი გადალახავს სიღარიბის ზღვარს.

მაია ქურციკიძე ამბობს, რომ დღევანდელი მონაცემებით უკიდურეს სიღარიბეში 50 000 ბავშვი ცხოვრობს, მათ საარსებო მინიმუმის ნახევარზე ნაკლები აქვთ, რაც დღეში ორ ლარს აღწევს.

გაიოზ თალაკვაძე ფიქრობს, რომ ბავშვთა სიღარიბის მდგომარეობა შეიძლება ისედაც დარეგულირდეს, რადგან სახელმწიფომ 2014 წლის მეორე ნახევრიდან ამ მიმართულებით, ორი პროგრამა აამუშავა. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ექვს რეგიონში, ყოველ მესამე და მომდევნო ბავშვზე, ოჯახი დახმარების სახით, ორი წლის მანძილზე, თვეში 150 ლარს მიიღებს. მაღალმთიან რაიონებში კი ორას ლარიან დახმარებას. მეორე პროგრამა, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ათასი, ბავშვიანი ოჯახის ერთჯერად დახმარებას ითვალისწინებს, მაქსიმუმ ათასი ლარის ფარგლებში. ოჯახებს, საჭიროების მიხედვით, ათასი ლარის ღირებულების საკვები, ავეჯი ან საყოფაცხოვრებო ნივთები გადაეცემათ.

მოახერხებს თუ არა ლალის ოჯახი სიღარიბის დაძლევას, სოციალური დაცვის ახალი სისტემით, ჯერ არ იცის. წლევანდელ ზამთარს ოჯახი ისევ შიშით ელოდება.