არასრულწლოვანთა ქორწინება

ნატა ბიწაძე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2013 წელს საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის არასრულწლოვანთა ქორწინების მაჩვენებლებით რიგით მეორე ადგილზეა. სახალხო დამცველის მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ნაადრევი ქორწინების სტატისტიკა საგანგაშოა, უფლებადამცველის აპარატის ცნობით, უკეთესობა არც წელს შეინიშნება.

გაეროს მოსახლეობის ფონდის ბიუროს ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე ამბობს, რომ 2013 წელს სულ 7367 გოგონამ მიატოვა სკოლა. რადგან სკოლიდან წასვლის მიზეზები არსად ფიქსირდება, ამიტომ ზუსტად არავინ იცის, თუ რამდენი გოგონა წყვეტს სწავლას ქორწინების გამო.

სახალხო დამცველის აპარატის კვლევების მიხედვით, არასრულწლოვანები სკოლას ქვემო ქართლის რეგიონსა და თბილისში ტოვებენ. საქართველოში მცხოვრები ქალების 17% 18 წლამდე დაქორწინდა.

გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისიდან, ეკა სხილაძე ადასტურებს, რომ თექვსმეტ წლამდე ქორწინების რეგისტრაცია არ ხდება, შესაბამისად, არც ოფიციალური სტატისტიკა არსებობს.

,,სტატისტიკის გარეშე რთულია განვსაზღვროთ რამდენად შეიცვალა მდგომარეობა. სახალხო დამცველის აპარატის შიდა კვლევების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ იძულებითი ქორწინების მაჩვენებელი გაიზარდა, რაც ძირითადად მოტაცებაში ან მშობელთა შორის გარიგებაში გამოიხატება“, - აცხადებს ეკა სხილაძე.

ლელა ბაქრაძე ფიქრობს, რომ არასრულწლოვანთა ქორწინების გაიშვიათებას არ უნდა ველოდოთ, რადგან პრევენციას დიდი დრო სჭირდება.

,,საჭიროა, როგორც საკანონმდებლო დარგის დახვეწვა, ასევე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. სრულად უნდა გაცნობიერდეს ადრეული ქორწინების უარყოფითი ასპექტები და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ განათლების ბოლომდე მიღებას“, - აღნიშნავს ლელა ბაქრაძე.

ეკა სხილაძე ფიქრობს, რომ პირველ რიგში უნდა დაიხვეწოს კანონმდებლობა და ქორწინების მინიმალურ ასაკად 18 წელი განისაზღვროს.

,,დღეს საქართველოში 16 წლის ასაკშიც შესაძლებელია ოფიციალურად ქორწინების გაფორმება, ოღონდ მშობლების ან სხვა კანონიერი მეურვის თანხმობის საფუძველზე. თუ მშობლები არ არიან თანახმა, დასაქორწინებელ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოიპოვოს ნებართვა“, - აცხადებს ეკა სხილაძე.

ლელა ბაქრაძე ამბობს, რომ უნდა გადამზადნენ პედაგოგები, რათა შეძლონ მოსწავლეებისთვის ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება თავიანთი ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ.

ეკა სხილაძის აზრით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ფაქტების იდენტიფიცირებაა, რადგან მოსახლეობა არ მიმართავს შესაბამის უწყებებს, ხოლო მიმართვის შემთხვევაში, რაც იშვიათად ხდება, საქმის გამოძიება ბოლომდე არასოდეს მიდის. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ პოლიციამ შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ყველა სამართალდარღვევის ფაქტზე.

ადრეული ქორწინება არის კავშირი ორ ადამიანს შორის, რომელთაგან ერთ-ერთი მაინც არის 18 წლის ასაკს ქვემოთ, ანუ ბავშვი. ხოლო ბავშვისათვის კი, განათლების შეწყვეტა პროფესიული თუ პიროვნული განვითარების შანსის წართმევის ტოლფასია. პრობლემა მწვავეა, გადაჭრის გზები კი კომპლექსურ მიდგომას გულისხმობს. სახელმწიფომ, პედაგოგებმა, სამართალდამცავებმა და საქართველოს მოქალაქეებმა ნაადრევი ქორწინების უარყოფითი მხარეების შესახებ ინფორმაცია ბავშვებამდე უნდა მიიტანოს.