მარტოხელა მშობლების ახალი სტატუსი

ნატა ბიწაძე

კანონპროექტში განსაზღვრულია მარტოხელა დედისა და მარტოხელა მამის დეფინიცია.

მარტოხელა დედა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და დედა ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ არის რეგისტრირებულ ქორწინებაში. პროექტის მიხედვით, მარტოხელა მამას მიეკუთვნება პირი, რომელსაც შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და მამა ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ არის რეგისტრირებულ ქორწინებაში.

კანონპროექტში  ქვრივი მშობლებისა და განქორწინებულების შესახებ არაფერია ნათქვამი.

პროექტი მომზადებულია ,,ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის" მიერ. არასამთავრობო ორგანიზაციის შიდა აღწერების მიხედვით, საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღებას 30 000-ზე მეტი ქალი ელოდება, უცნობია მამაკაცთა რაოდენობა.

ვესტმინსტერის ფონდის პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულ სამოც მარტოხელა დედას შორის, ბავშვის გაჩენის შემდეგ, მხოლოდ 35% დარჩა მშობლების სახლში, მაშინ, როდესაც ბავშვის გაჩენამდე მათი 87% ცხოვრობდა ოჯახში.

24 წლის მარტოხელა დედას, ოთხი წლის შვილი ჰყავს. ბავშვი ოფიციალური ქორწინების გარეშე გაჩნდა, მის დაბადების სააქტო ჩანაწერში მამაზე ინფორმაცია არ არსებობს. მარტოხელა დედა მშობლების სახლში ცხოვრობს. იგი თვლის, რომ სახელმწიფოსგან დახმარებას ყველა მარტოხელა მშობელი უნდა იღებდეს.

,,დახმარება მხოლოდ მატერიალურს არ გულისხმობს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბევრს სჭირდება. საქართველოში უამრავი ქალი ხვდება ქუჩაში, როცა შვილს ქორწინების გარეშე აჩენს. თუმცა ბევრია ჩემნაირი მარტოხელა მშობელიც. არ ვმუშაობ და მთელი დღე სახლში ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილი უკვე დიდია, ბაღში დადის და მეტი თავისუფალი დრო მაქვს. ვფიქრობ, რომ სახელმწიფო მარტოხელა მშობელს სწავლის მიღებაში და დასაქმებაშიც უნდა ეხმარებოდეს“, -აცხადებს იგი.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო აცხადებს, რომ არსებულ კანონმდებლობაში გაურკვევლობას „მარტოხელა მშობლის“ დეფინიცია ქმნის და ცვლილებების მიზანი სტატუსის დაზუსტებაა.

,,უნდა ვიცოდეთ რამდენ ადამიანზე ვსაუბრობთ და რა ბიუჯეტია საჭირო, რადგან მარტოხელა მშობლებისათვის დამატებითი სოციალური შეღავათის გაცემა იგეგმება“,- აღნიშნავს მინისტრი.

კანონპროექტის ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის იურისტი, მანანა ფოცხვანიძე ამბობს, რომ კანონპროექტის მომზადების იდეა იმ ქალებისგან წამოვიდა, ვინც მათ ორგანიზაციას მიმართავდა და შვილების ბიოლოგიურ მამებთან მამობის აღიარებასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდათ.

,,სასამართლოს გზითაც ვერ ხერხდება მამობის უფლების აღიარება. ეს ქალბატონები კანონით მარტოხელა დედები არ არიან, მაგრამ მათ სახელმწიფომ მარტოხელა მშობლის სტატუსი უნდა მიაკუთვნოს.

კანონით უნდა განისაზღვროს, თუ ვინ იქნება მარტოხელა მშობელი, ხოლო ისარგებლებენ თუ არა ისინი შეღავათებით, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი ადრეა, რადგან კანონპროექტი განხილვის პროცესშია“, - აცხადებს იურისტი.

კანონპროექტი მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების პირობებსაც ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს ამ პირის რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლა ან შვილის 18 წლის ასაკის მიღწევა.

პროექტის მიხედვით, მარტოხელა მშობელთა სტატუსის დადგენისა და მონაცემების წარმოების წესი საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით განისაზღვრება.

სამინისტროებმა აღნიშნული პროცესი კანონის გამოქვეყნებიდან სამი თვის ვადაში უნდა უზრუნველყონ.