მიუწვდომელი სოციალური სივრცე

თეონა გოდერძიშვილი

სოფოსთვის ცხოვრება რამდენიმე თვეა, სასიკეთოდ შეიცვალა. მისთვის სამყარო უფრო ფერადი გახდა. ცხოვრებაში კი საკუთარი ადგილი და არსებობის აზრი იპოვნა.

“აქ ყოველ დღე მოვდივარ და თექაზე ვმუშაობ. ცხოვრება ისეთი საშინელი აღარ მეჩვენება. იმიტომ რომ ვხედავ, მარტო მე არ ვარ ასე ავად. აქ ბევრი ჩემნაირია. ძალიან მიხარია, რომ ასეთი ადგილი არსებობს”.

სოფო ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის კურსს 34 სხვა ბენეფიციართან ერთად “თბილისის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში” გადის. ცენტრი პაციენტებს ყოველდღიურად სამჯერადი კვებითა და ინდივიდუალური  ექვსთვიანი, წინასწარ შემუშავებული რეაბილიტაციის კურსით უზრუნველყოფს. ექვსი თვის შემდეგ, თუკი ბენეფიციარს კურსის გაგრძელება დასჭირდება, პროცესი თავიდან დაიწყება.

საქართველოში სულ სამი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი ფუნქციონირებს, რომლებსაც სახელმწიფო ორი პროგრამის ფარგლებში აფინანსებს.

“ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა” სამივე დაწესებულებისთვის 70.000-ლარს გამოყოფს. “სოციალური მომსახურების სააგენტო” კი რეაბილიტაციის ცენტრს თითოეული ბენეფიციარისათვის ვაუჩერული სისტემით თერთმეტ ლარს ურიცხავს.

“ეს 11 ლარი ძალიან მწირია. ჩვენ რომ არ გვყავდეს უცხოელი დონორი, რომელიც დანაკლისს გვივსებს, ჩვენი ცენტრის ფუნქციონირება ძალიან გაძნელდებოდა. ხარისხი იქნებოდა ბევრად დაბალი,” ამბობს მანანა შარაშიძე, “საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის” ხელმძღვანელი.

“სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის და სოციალური პროგრამების” დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარი წერეთელი ამბობს, რომ სამინისტროში დღის ცენტრების დაფინანსების გაზრდის საკითხს მომავალში განიხილავენ.

“სოციალური მომსახურების სააგენტოს”პროგრამაში მონაწილეობისა და ვაუჩერული დაფინანსების მოპოვებისათვის ბენეფიციარს უნდა ჰქონდეს შშმ პირის სტატუსი. მან “სოციალური მომსახურების სააგენტოს” ტერიტორიულ ერთეულს უნდა მიმართოს პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით. ამის შემდეგ სოციალური მუშაკი მის საჭიროებებს შეაფასებს. შემთხვევა განსახილველად საბჭოზე გადის და დადებითი პასუხის შემთხვევაში ბენეფიციარი ვაუჩერს იღებს.

თუმცა, საბჭოსგან მიღებული დადებითი პასუხის შემთხვევაშიც კი, ბენეფიციარს ლოდინი შეიძლება დიდხანს მოუხდეს. მთავრობის დადგენილების მიხედვით, პრიორიტეტი სოციალურად დუცველებსა და რეაბილიტაციის სერვისით წინა წლის მოსარგებლე ბენეფიციარებს ენიჭებათ.

“თუ ადგილი გათავისუფლდა, ვაუჩერი მას ერგება, ვისაც უპირატესობა აქვს რიგში”, განმარტავს წერეთელი. ის ამბობს, რომ რიგებს ორი მიზეზი აქვს. 1. ლიცენზირებულ დაწესებულებას გარკვეული რაოდენობის ბენეფიციარების მომსახურება შეუძლია; და 2. სახელმწიფო მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ადამიანებს აფინანსებს.

შშმ პირისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭება საქართველოში ხდება ფსიქიატრიულ დიაგნოზებზე დაყრდნობით. რაც მანანა შარაშიძის შეფასებით, არასწორი მიდგომაა და ბენეფიციარისათვის სტატუსის მინიჭება ფუნქციების მიხედვით უნდა ხდებოდეს. შარაშიძე ამბობს, რომ კვოტები ძალიან ცოტაა. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მიღების სურვილი კი ბევრს აქვს.

 “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 80.000 ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანია რეგისტრირებული.

მარინა კურატაშვილის, “საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის” აღმასრულებელი დირექტორის, თქმით, სტატისტიკურად შესწავლილი არ არის, როგორია მოთხოვნა ამ სერვისზე.

“ცნობილია, რომ ალტერნატიული სარებილიტაციო და ჰოსპიტალური სერვისები პროპორციით 50/50-ზე უნდა იყოს. თუ ვიტყვით, რომ თბილისში არის 390 საწოლი. აქედან მწვავე არის დაახლოებით სამასი, გამოდის, რომ სულ ცოტა 150 რეაბილიტაციის ადგილი უნდა გქონდეს. მაგრამ თუ ჩათვლი, რომ ეს ადამიანები საავადმყოფოში სწრაფად ბრუნდებიან - სამ კვირაში ერთხელ გამოდიან და რეაბილიტაციაში რამდენიმე თვეს რჩებიან, ალბათ, ეს რიცხვი კიდევ 5-ზე უნდა გავამრავლოთ. ანუ 600-700 სარეაბილიტაციო ადგილი უნდა გქონდეს, ალბათ, რომ ყველა დააკმაყოფილო,” ამბობს კურატაშვილი.

“ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის” უფროსი სპეციალისტი სოფო მორგოშია ამბობს, რომ მისი ბოლო პერიოდის ანალიზის მიხედვით, თითოეული ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი, დაახლოებით, ოცდაათ ბენეფიციარს ემსახურება.

მარინა კურატაშვილი განმარტავს, რომ ფსიქიკური პრობლემის მქონე პირთათვის ისევე, როგორც მათი ოჯახის წევრებისათვის, დიაგნოზის შესახებ განათლების მიწოდება უმნიშვნელოვანესია.

“ოჯახის წევრებმა უნდა შეძლონ დიაგნოზის მიღება. მათ სჭირდებათ სწავლება, რომ ეს არ არის განაჩენი და ეს არის დაავადება. მათ უნდა იცოდნენ როგორ მიხედონ შვილს, რომ საკუთარი ცხოვრება არ დაკარგონ. როგორ დაამყარონ მათთან სწორი ურთიერთობა,” ამბობს კურატაშვილი.

უფლებების დამცველი მშობლების “გაზრდისა” და ხელშეწყობისათვის “საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის” ფარგლებში სპეციალური პროექტი - მშობელთა ჯგუფები ფუნქციონირებს. მანანა კურატაშვილი ამბობს, რომ მშობლები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ, რაც მათთვის დიდი შვებაა.

დღეს, სახელმწიფოს ფსიქიკური პრობლემის მქონე პირთა ოჯახის წევრებისათვის არც ერთი პროგრამა არ აქვს. “ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის” უფროსი სპეციალისტი, სოფო მორგოშია, ამბობს, რომ პროგრამაში ცვლილებები იგეგმება. თუმცა, რა ფორმით მოხდება ცვლილება ჯერ განხილვის საგანია.

“ამასთან დაკავშირებით მუშაობდა ძალიან დიდი სამუშაო ჯგუფი. ჩვენ გავაკეთეთ ფსიქიკური ჯანდაცვის კონცეფცია, რომელიც პარლამენტმა შარშან დაამტკიცა. ახლა მუშავდება სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თვითონ ამ ოჯახის წევრების ორგანიზაციების განვითარების, დანერგვისა და ადვოკატირებისათვის. იმისათვის, რომ მოხდეს ოჯახის წევრების ფსიქო განათლება”, აცხადებს სოფო მორგოშია.

თბილისის “ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრს” სახელმწიფოსთან ერთად უცხოელი დონორიც აფინანსებს. მაგრამ ეს დაფინანსება ცენტრს ხელშეკრულების საფუძველზე მარტიდან შეუწყდება.

რეაბილიტაციის ცენტრი სახელმწიფოსგან დაფინანსებას 2005 წლიდან იღებს. 1 წლის წინ კი უზურფრუქტით 550 კვ. მ. გადაეცა, საიდანაც ცენტრმა საკუთარი ხარჯებით 150კვ.მ.-ის გარემონტება მოახერხა. ცენტრის ხელმძღვანელობა ამბობს, თუ ისინი მეტ ფართს აითვისებენ, შეძლებენ მეტი ბენეფიციარის მომსახურებას, ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალი სახელოსნოების გახსნას.

სოფოს გაუმართლა. ფსიქიკური პრობლემების დროს იპოვნა ადგილი, სადაც მას პრობლემის გამკლავებაში ეხმარებიან და ასწავლიან. ის ისევ დადის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში. მზეს უკვე ნათელ ფერებში ხატავს, ხელსაქმეს ისეთივე გატაცებით სწავლობს, ემოციებსა და განწყობებს კი თექისგან შექმნილ ფორმებში გამოხატავს.

დღეს სოფოს მსგავსი პრობლემებით, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისის მიღების იმედით, რიგში ასი ადამიანი იცდის.

 

 

 

სტატიაში გამოქვეყნებული ფოტოები მოწოდებულია "თბილისის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის" მიერ.