უცხოელი სტუდენტების სავიზო თავსატეხი

თამთა თვალავაძე

საქართველოში 23 აგვისტოს ჩამოვიდა, ერთი კვირით ადრე, ვიდრე ახალი სავიზო რეგულაციები ამოქმედდებოდა, ამიტომ  მასზე ჯერჯერობით ძველი კანონმდებლობა მოქმედებს, თუმცა ქვეყანაში ჩამოსვლიდან 90 დღის შემდეგ ახალი წესები გავრცელდება, ამიტომ უკვე მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს  სასწავლო ვიზისთვის და მის მიღებას ერთი თვეა ელოდება.

პირველი სექტემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს ახალი კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“. საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ახალი კანონით ქვეყანა შენგენის მსგავს სავიზო პოლიტიკაზე გადადის, თუმცა სიახლემ მთელი რიგი სირთულეები წარმოქმნა. მათ შორის მუდმივი რიგები საკონსულო დეპარტამენტში და აზრთა სხვადასხვაობა ჩასაბარებელ დოკუმენტთებთან დაკავშირებით. შექმნილი პრობლემების გამო პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა უცხოელ ვიზიტორებს ბოდიშიც მოუხადა. „მინდა მათ ბოდიში მოვუხადო - ყველა იმ უცხოელ მოქალაქეს, რომელთაც შეექმნათ გარკვეული უხერხულობა ან პრობლემა ახალი სავიზო პოლიტიკის ამოქმედებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ იყო მიზანმიმართული და გამიზნული“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

კამილის მსგავსად საგანმანათლებლო ვიზების მიღებისას პრობლემები სხვა სტუდენტებსაც შეეხოთ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით საქართველოში 3420 უცხოელი სტუდენტია.

ახალი რეგულაციების დაწესებამდე რუსეთთან უვიზო რეჟიმის გამო კამილი 90 დღის შემდეგ ქვეყანას ტოვებდა და იმავე დღესვე ბრუნდებოდა ხოლმე. ახლა,სასწავლო ვიზის მისაღებად მთელ რიგ პროცედურებს გადის. „ჯერ იუსტიციის სამინისტროში მივედი, ვიკითხე რა დოკუმენტები მჭირდებოდა, - ამბობს კამილი. “იქიდან საგარეო საქმეთა სამინისტროში გამაგზავნეს. იქ მითხრეს, რომ მხოლოდ საიტზე განთავსებული ონლაინ აპლიკაციის შევსება იყო საჭირო. თუმცა, მოგვიანებით სხვა დოკუმენტებიც მომთხოვეს. ყოველ მისვლაზე ახალ საბუთებს მთხოვდნენ.”

კამილმა დახმარებისთვის ქართველ მეგობარს მიმართა, როგორც ამბობს,საკონსულო დეპარტამენტში მას გაცილებით უკეთ აუხსნეს პროცედურები. “პერსონალმა თვითონ არ იცოდა პასუხი. ამიტომ, ყოველ ჯერზე თავიდან მიშორებდნენ. პრობლემა იყო მუდმივი რიგები. თანაც საკონსულო დეპარტამენტი მხოლოდ პირველ საათამდე მუშაობს, რაც საბუთების მიღების პროცესს კიდევ აჭიანურებს“- ამბობს კამილი.

კითხვაზე, ჩაუტარდათ თუ არა საკონსულო დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალ სავიზო რეგულაციებზე გადასვლამდე წინასწარი ტრენინგი, საგარეო საქმეთა სამინიტრო გვპასუხობს, რომ „საკონსულო დეპარტამენტმა ახალი სავიზო რეგულაციების ამოქმედების საკითხთან დაკავშირებით საგანგებოდ გადაამზადა როგორც ცენტრალური აპარატის თანამშრომლები, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულების წარმომადგენლები”. საკონსულო დეპარტამენტი უარყოფს მუდმივი რიგების და არასათანადო მომსახურების პრობლემებს და აცხადებს, რომ “სამუშაო საათებში მაქსიმალურად მუშაობენ და მოქალაქეებს მათთან პრეტენზიები არ გამოუთქვამთ”.

სტუდენტებისთვის, ვინც საქართველოში პირველი სექტემბრის შემდეგ შემოვიდნენ, სულ სხვა რეგულაციები მოქმედებს. ისინი თავიან ქვეყნებში უნდა დაბრუნდნენ და სასწავლო ვიზის მისაღებად საქართველოს საკონსულოს იქ მიმართონ.

22 წლის სალიმ სუნგურვი საქართველოში 12 სექტემბერს ჩამოვიდა. ისიც კავკასიოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. სალიმი დაღესტანში ცხოვრობს, მაგრამ რადგანაც ის რუსეთის მოქალაქეა, ვიზის მისაღებად მოსკოვში საქართველოს საკონსულოს უნდა მიმართოს. „იმისათვის რომ აქ ყოფნის ნება მომცენ, უნდა ჩავიდე მოსკოვში, სადაც არც ბინა მაქვს და არც ნათესავი მყავს. შევაგროვო საბუთები და ამის შემდეგ ერთი თვე დაველოდო ვიზის მიღებას. ამ დროს ლექციებიც გამიცდება და ზედმეტი ხარჯიც მექნება. ბოლო სემეტრი მაქვს. მირჩევნია დამაჯარიმონ და თანხა გადავიხადო, ვიდრე ამდენი დრო, რესურსი დავხარჯო და სწავლაში ხელი შემეშალოს.“- ამბობს სალიმი.

საგარეო საქმეთა სამინიტროს პასუხი კითხვაზე დაგეგმილია თუ არა ცვლილებები სასწავლო ვიზებთან დაკავშირებით, რათა სტუდენტებს სასწავლო პროცესი არ შეუჩერდეთ ასეთია: „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა კანონი მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა მხოლოდ პირველ სექტემბერს. ვფიქრობთ, რომ დრო საკმარისია იმისთვის, რომ ასეთი სახის ტექნიკური საკითხები სტუდენტებს მოეგვარებინათ.“ კამილი და სალიმი ამის თაობაზე ინფორმირებულები არ ყოფილან, მათ მხოლოდ სექტმებერში საზღვარზე შემოსვლის წინ შეიტყვეს შეცვლილ რეგულაციებზე.

სალიმი საქართველოში მაგისტრატურის პროგრამის გავლასაც გეგმავდა, თუმცა გართულებული სავიზო რეჟიმის გამო ურჩევნია ერთხელ დაჯარიმდეს და აქ აღარასოდეს ჩამოვიდეს. კამილი კი, ერთ თვეში შეიტყობს, მიიღებს თუ არა ქვეყანაში დარჩენის და სწავლის გაგრძელების უფლებას.