კლასები აუტისტი ბავშვებისთვის

თიკო გადელია

მერხები ოთხ რიგად დგას. მასწავლებლის მაგიდის უკან დიდი, მწვანე დაფა ჰკიდია. ციფრების, ანბანის, ცხოველების პლაკატებთან ერთად კედლებზე ბავშვების ნახატებია გამოფენილი. ფანჯრებზე გაფერადებული სტიკერებია მიკრული. ერთი შეხედვით ეს საკლასო ოთახი ძალიან ჰგავს სხვებს, მაგრამ განსხვავებას მაინც შენიშნავთ. კლასში ერთდროულად რამდენიმე მასწავლებელი მუშაობს, სხვა კლასებთან შედარებით აქ გაცილებით ნაკლები ბავშვია. მოსწავლეები სხვადასხვა ასაკის არიან. საკლასო ოთახის კარი საკეტით იკეტება. კარს მხოლოდ მასწავლებელი აღებს. სასწავლო პროცესიც ნაკლებად დისციპლინირებულია. ზოგი ბავშვი ისვენებს, სხვები ამ დროს მეცადინეობენ. მასწავლებლები მოსწავლეებს ქცევისა და აკადემიური უნარების განვითარებაში ეხმარებიან.

პირველი ინტეგრირებული კლასი თბილისის 166-ე საჯარო სკოლაში 2013 წელს გაიხსნა. ინტეგრირებულ კლასში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები სწავლობენ. თავდაპირველად ისინი სკოლაში ქცევის ჩვევებს იმუშავებენ- სწავლობენ როგორ ისხდნენ მთელ  გაკვეთილზე მშვიდად, როგორ მოისმინონ და შეასრულონ მარტივი დავალება, სწავლობენ სხვებთან კომუნიკაციას. სპეც-პედაგოგი თითოეული ბავშვისთვის ინდივიდუალურად შემუშავებული პროგრამით ასწავლის. ეს პროგრამა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყდრნობით იქმნება და მის შედგენაში მონაწილეობენ ფსიქოლოგი, სპეც-პედაგოგი და საგნის მასწავლებელი. ინტეგრირებული კლასი მოსწავლეებს ჩვეულებრივ სასწავლო პროცესში სრულფასოვნად ჩართვისათვის ამზადებს.

ინკლუზიური განათლების იდეაა სასწავლო პროცესში თანაბრად ჩართოს ყველანაირი შესაძლებლობის მქონე ბავშვი.

სალომე მაზმიშვილი ინტეგრირებული კლასის ფსიქოლოგია. ის ამბობს, რომ ინკლუზიური განათლების შემთხვევაში აუტისტური სპექტრის მოსწავლე ემორჩილლება სკოლის საერთო წესრიგს - არ ტოვებს გაკვეთილს დროზე ადრე, ისვენებს სხვებთან ერთად. მაშინ, როდესაც ინტეგრირებულ კლასებს სხვა პრინციპი აქვთ. „მოსწავლეები გაკვეთილზე შეგვყავს იმ დროით და იმ სიხშირით, რისი შესაძლებლობაც მათ ინდივიდუალურად აქვთ. „

ინკლუზიური განათლების სამმართველოს უფროსი ეკა დგებუაძე ამბობს, რომ ინტეგრირებულ კლასში მოსწავლეები რიგის მიხედვით ხვდებიან. სამ საჯარო სკოლას (166, 41,72) ერთად, ინტეგრირებულ კლასებში სულ ოცდაათი მოსწავლის მიღება შეუძლია - თითო სკოლას მაქსიმუმ ათის.  სიაში პირველი ათი ხვდება. დანარჩენები ახალი ინტეგრირებული კლასის გახსნის იმედად რჩებიან.

თითო ინტეგრირებულ კლასს ექვსი მასწავლებელი ყავს - ერთი ფსიქოლოგი, ერთი საგნის მასწავლებელი, ორი სპეც-პედაგოგი და ორი დამხმარე ასისტენტი.ისინი მასწავლებლის სახლში „ეიბიეი“ პროგრამის მიხედვით აუტისტური სპექტრის ბავშვებთან მუშაობის სპეციფიკას სწავლობენ. პროგრამის გავლა სავალდებულოა ყველასთვის, ვინც ინტეგრირებულ კლასში მუშაობს.

ინტეგრირებული კლასისთვის კადრებს განათლების სამინისტრო და სკოლის დირექცია ერთად არჩევს. ამჟამად ინტეგრირებული კლასის სერვისი სულ ორ სკოლაშია და ამ პროგრამით თხუთმეტი აუტისტი ბავშვი სარგებლობს. ეკა დგებუაძე ამბობს, რომ ახალი კლასები მოთხოვნის საპასუხოდ გახსნეს და საჭიროების შემთხვევაში მათ ახლებიც დაემატება.

თინათინ კოშკაძე ინტეგრირებული კლასის სპეც-პედაგოგია. ქცევის მართვის და სამკურნალო პედაგოგიკის კურსები უკვე გავლილი ჰქონდა. ამ პოზიციაზე მუშაობის დაწყებამდე კი „ეიბიეი“ პროგრამაც გაიარა. თინათინი ამბობს, რომ გავლილი კურსები ძალიან ეხმარება მუშაობის პროცესში.

კლაში შესვლისას ყურადღება მაღალმა, სუსტმა ბიჭმა მიიქცია. ის დივანზე განმარტოებით იჯდა და სერიოზული სახით უყურებდა კლასელებს, რომლებიც საკლასო ოთახში დარბოდნენ.

9 წლის გიორგი( სახელი პირობითია) აუტისტია. თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სწავლობს და პარალელურად ინტეგრირებულ კლასში ირიცხება. გიორგის თავიდან გაკვეთილზე მშვიდად ჯდომა და მოსმენა უჭირდა. სწორედ ამიტომ ის ინტეგრირებულ კლასშიც ჩაირიცხა, სადაც მას სპეც-პედაგოგები და ფსიქოლოგი ამ უნარის გამომუშავებაში დაეხმარნენ. დღეს გიორგის სპეც-პედაგოგის თანხლებით უკვე შეუძლია ერთ სრულ გაკვეთილზე დასწრება. ხანდახან ის სამ გაკვეთილს ესწრება 15-15 წუთით. შუალედში გიორგის გაკვეთილებს ინტეგრირებულ კლასში სპეციალურად მისთვის შემუშავებული პროგრამით უტარებენ.

„აქაც ვერ ვაჩერებდით. კლასში ორი კვირა საერთოდ არ გაგვყავდა, ვამზადებდით. აქ ვათამაშებდით, ბევრი სათამაშო გვქონდა, მაგრამ მაინც უჭირდა გაჩერება.“ ამბობს ინტეგრირებული კლასის ფსიქოლოგი.

გიორგი მიეჩვია კლასში მეტი დროის გატარებას. მოგვიანებით დავალებების შესრულებაც დაიწყო. პარალელურად სკოლის გაკვეთილებსაც ესწრებოდა. მეორე სემესტრიდან გიოგრგის შეეძლო ერთ სრულ გაკვეთილზე მშვიდად მჯდარიყო. ახლა უკვე მასწავლებლის ინსტრუქციებს ასრულებს - ითვლის, კითხულობს, წერს კონტურების დახარებით, უფრო გამართულად მეტყველებს.

გიორგის დედა ძალიან კმაყოფილია. როგორც ამბობს ინტეგრირებულ კლასში ჩარიცხვამდე თავად უწევდა გაკვეთილებზე გიორგის ქცევის მართვა. არ მოსწონდა მასწავლებლების მომზადების დონე. რადგან მათ აუტისტური სპექტრის  ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდათ. სკოლის მასწავლებლებზე აზრი არც ახლა შეუცვლია, მაგრამ მიიჩნევს რომ ინტეგრირებული კლასის პერსონალი გიორგის წინსვლაში ძლაიან ეხმარება.

„გიორგი აქ 9 საათზე მოდის და გაკვეთილების ბოლომდე რჩება. ინტეგრირებული კლასის პედაგოგები ყველაფერს ასწავლიან - კლასში ჯდომას, წერას, კითხვას და შესაბამისი შედეგებიც გავქვს.“ ამბობს გიორგის დედა.

სალომეს თქმით, სკოლას ყავს ისეთი აუტისტი მოსწავლეები, რომლებიც ინტეგრირებულ კლასში არ ირიცხებიან, რადგან მოსწავლეთა რაოდენობა შეზღუდულია. თუმცა ის იმედს გამოთქვამს, რომ თუ პროექტი წარმატებით გაგრძელდება, ასეთი კლასები ბევრ სკოლაში გაიხსნება.

სახელმწიფოს არ აქვს სტატისტიკა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რაოდენობაზე. შესაბამისად არ არსებობს წინასწარი გათვლა იმის შესახებ, თუ რამდენი ინტეგრირებული კლასის გახსნა ან რამდენი პედაგოგის გადამზადებაა საჭირო სამომავლოდ.

გიორგის და მის თანაკლასელებს გაუმართლათ. ისინი უკვე სწავლობენ ინტეგრირებულ კლასში. სხვა მსურველები  დამატებით ამ ტიპის კლასების გახსნას უნდა დაელოდონ.