ბიჭი კამერის მიღმა

სოფო დათუაშვილი

 „გამარჯობა! მე იოანე ვარ. შეიძლება რამდენიმე კითხვა დაგისვათ და ფოტო გადაგიღოთ სოციალური პროექტისთვის  „ადამიანები თბილისიდან?“

ასე მიმართავს იოანე  უცნობებს, რომელთა ფოტოებს და ციტატებს ფეისბუქში გვერდის Humans from Tbilisi  ათასობით მიმდევარი უკვე ორი თვეა ადევნებს თვალს.

      გვერდის გაკეთების იდეა ამერიკელი ქუჩის ფოტოგრაფის ბრენდონ სტენტონის ცნობილი ფოტო–ბლოგის Humans of New York –ის ნახვის შემდეგ გაუჩნდა. იდეა მეგობარს გაუზიარა და მასთან ერთად პროექტზე მუშაობა დაიწყო. 

     „თავიდან გამიჭირდა. მერიდებოდა უცნობ ადამიანებთან მისვლა და გამოლაპარაკება. ნელ–ნელა ეს ყველაფერი დავძლიე,“– ამბობს იოანე, რომელიც ჟურნალისტისტიკის პირველი კურსის სტუდენტია და სწავლის პარალელურად ერთ–ერთ რადიოში მუშაობს. 

      „თავიდან ფოტოებს მეგობრის კამერით ვიღებდი. საკუთარი არ მაქვს, – აღნიშნა იოანემ,  “სამწუხაროდ, იმ  მეგობრის ძმა საზღვარგარეთ წავიდა და კამერა თან წაიღო. გადავწყვიტე გვერდი გამეუქმებინა. დავაანონსე კიდეც. თუმცა, სწორედ ამ დროს დამირეკა ნაცნობმა და ერთი კვირით თავისი კამერა მათხოვა. უკვე სამი კვირაა ამ კამერით ვმუშაობ.“

   რესპოდენტებს ინტუიციით არჩევს. კითხვებს ასაკის, პროფესიის და ინტერესის სფეროს მიხედვით უსვამს.

    კამერით, რვეულითა და კალმით შეიარაღებულს  უცნობებთან კონტაქტის დამყარება ზოგჯერ არც ისე იოლად გამოსდის. „ახალგაზრდებმა უფრო იციან პროექტის შესახებ. ზოგს უხარია როცა ფოტოს ვუღებ, ზოგს არა. ზოგს სექტანტი ვგონივარ.  ისეც ხდება, რამდენიმე წუთი ვეცნობი ადამიანს, ვუყვები პროექტის შესახებ და ბოლოს უარს მეუბნება.  ერთს მეტროს სამი გაჩერება ვსდიე. როგორც იქნა მივედი და გავესაუბრე. ფორმაში არ ვარო, უარით გამისტუმრა." 

       გვერდი Humans from Tbilisi ქართულ და ინგლისურ ენაზეა. ინტერვიუების ინგლისურ ენაზე თარგმნაში იოანეს მეგობარი ეხმარება.  „ყოველ საღამოს ვუგზავნი ციტატებს და ვთხოვ, ვიდრე მეცადინეობას დაიწყებდეს მითარგმნოს. მინდა გვერდი არაქართველებისთვისაც საინტერესო იყოს,“ ამბობს ის.

     ყველაზე დიდი სტიმული ის დადებითი შეფასებები და გამოხმაურებებია, რომელსაც გვერდის მომხმარებლები ტოვებენ. 

     „შეიძლება ნებისმიერ დროს დამირეკონ და ფოტო–კამერის დაბრუნება მთხოვონ. მაქსიმალურად ვცდილობ ვიშოვნო ჩემი ციფრული, რომლითაც გავარგძელებ მუშაობას და საინტერესო ადამიანების ჩაწერას, "- ამბობს იოანე.  

      იოანე ფიქრობს, რომ თუ მეტი ადამიანი გაიგებს პროექტის შესახებ , უცნობ ხალხთან ურთიერთობა და მათი ინტერვიუზე დათანხმება გაცილებით გაუადვილდება. პოტენციურ რესპონდენტებს კი მოუწოდებს გულწრფელები და გახსნილები იყვნენ.