ვაკუუმი კლასობრივი ბრძოლის ველზე

გიორგი ჩაგელიშვილი

ორგანიზაცია ახალგაზრდული გამოსვლების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა იყო, რომელიც 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებს უძღოდა წინ და ხელისუფლების ცვლილება მოიტანა. ციხის კადრების გარშემო აგორებულ ტალღას ერთ-ერთი პირველი აქციებით სწორედ ლაბორატორია გამოეხმაურა და ქუჩაში გამოსული სტუდენტების და ახალგაზრდების კონსოლიდაცია სცადა. ლაბორატორიამ ვერ შეძლო აქციის საკუთარი სცენარით განვითარება. ახალგაზრდების დიდი ნაწილი მეგაფონების ხმას გაჰყვა და არა მათ მოთხოვნას - დანგრეულიყო სისტემა.

ლაბორატორიის აქციებზე უნივერსიტეტის ავტონომიის გაფართოებას, საგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესებას, ადამიანის უფლებების და გამოხატვის თავისუფლების დაცვას და შრომის კოდექსის დახვეწას ითხოვდა. თუმცა, ამ მოძრაობამ მაინც ვერ შეძლო საზოგადოებაში მასობრივი მხარდაჭერის მოპოვება. უნივერსიტეტში ლაბორატორიის ახალი მემარცხენე იდეები ბევრისთვის გაუგებარი დარჩა. სტუდენტისთვის ალბათ თვითმმართველობის რეჟიმთან შეგუება და მათთან თანამშრომლობა ბევრად იოლი იყო, ვიდრე მასთან დაპირისპირება. ამიტომ, მოძრაობა დიდ სამეგობროდ უფრო იქცა, ვიდრე მასობრივ სტუდენტურ გაერთიანებად. ლაბორატორიის ყოფილი წევრები ამბობენ, რომ პრობლემა იდეური თანამოაზრეების პოვნა იყო. ლაბორატორია იყო პირველი, მოძრაობა პოსტ-საბჭოთა საქართველოს ისტორიაში, რომელმაც თავისუფლების, თანასწორობის და სოლიდარობის იდეები ახლიდან გამოიტანა საჯარო სივრცეში. 

 

ნეო-ლიბერალიზმსა და სტუდენტურ წინააღმდეგობაზე 24 მაისს ლაბორატორიის ყოფილმა წევრმა, თორნიკე ჩივაძიემ მოხსენება წაიკითხა. ლექციაზე 1968 წლის პარიზის გამოსვლებზე ისაუბრა, სადაც სტუდენტური და მუშების პროტესტი გაერთიანდა.


მეოცე საუკუნის ბოლო მეოთხედში, ევროპის და ამერიკის მმართველი ძალებიც იწყებენ მიდგომების გადაფასებას. ხისტი მეთოდები შერბილებული ტონით და საინფორმაციო ბრძოლით იცვლება. წარსული პროტესტის დეპოლიტიზაცია და მკაფიო სოციალური მოთხოვნების გაბუნდოვანება მიზანმიმართული ნაბიჯია. "დღევანდელი გაგება 68 წლის მომხდარი მოვლენებისა არის რეალურად დეპოლიტიზებული, სექსუალურ რევოლუციამდე დაყვანილი და ა.შ. მოვიყვან სიტუაციონისტურ ტერმინს რეკუპერაციას, რაც ჩე გევარას დაემართა, როდესაც მედია და ბურჟუაზიული მეცნიერება ახდენს რადიკალურად სოციალური იდეების ათვისებას, გაიმიჯებას და მის პოლიტიკურ ნეიტრალიზებას" _ თქვა თორნიკე ჩივაძემ.

 

თორნიკემ სტუდენტურ მოძრაობაზე ისაუბრა, რომელიც ხშირად, მმართველ კლასთან დაპირისპირებულ ძალას წარმოადგენს და სხვა მოძრაობებთან საერთო ენის გამონახვა შეუძლია. "რეზისტენტული სტუდენტური აქტივიზმისათვის კი საზოგადოების სხვა ფენებისაგან ლეგიტიმაციის მოპოვებაა მთავარი პრობლემა" - ამბობს ჩივაძე. 2012 წლის კვებეკის სტუდენტური გამოსვლების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მსგავსი მხარდაჭერის მისაღებად საჭიროა საზოგადოებრივ და სტუდენტურ ინტერესებს შორის თანხვედრა მოხდეს.

 

თორნიკე ჩივაძემ სახელმწიფოსა და ოფიციალურ სტუდენტურ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობაზეც ისაუბრა. "ეს სტუდენტური ორგანიზაციები ორიენტირებული არიან გასართობ ღონისძიებებზე და მხოლოდ "მაღლიდან" დადასტურების შემთხვევაში რეაგირებდნენ ამა თუ იმ საკითხზე." თუმცა, როგორც თორნიკემ თქვა, ისინი თავს აპოლიტიკურ მოძრაობებად აცხადებდნენ. ეს კარგად ჩანდა 2011 და 2012 წლებში, როდესაც სტუდენტური თვითმმართველობა ყველა საპროტესტო მოძრაობას, მათ შორის სწავლის გადასახადის გაზრდის წინააღმდეგ მიმართულ აქციებსაც კი ემიჯნებოდა.

 

"ლაბორატორია 1918"-ის მიმართ მოლოდინი დღემდე არსებობს. რადგან, სოციალურ ველში ვაკუუმი რჩება, რომლის შევსებას ჯერ-ჯერობით ვერავინ ახერხებს. 29 მაისს, მეორე ლექციის შემდეგ, ყოფილმა ლაბორატორიელებმა და სხვა სტუდენტებმა დისკუსიაც გამართეს. ლევან ლორთქიფანიძე ამბობდა, რომ "ლაბორატორიის მოწოდებები საპროტესტო აქტივიზმისაკენ ეფექტური იყო ხოლმე. "ეს მუშაობდა, ეს ქმინდა დისკურსს გარკვეულწილად და დღეს ესეთი აჯენდა სეთერი არ არსებობს. მემარცხენე დისკურსი სწორედ ამ დღის წესრიგის გარეშეა დარჩენილი. ასე რომ, სჯობს დავსვათ კითხვა, რა ვაკეთოთ?"