ვემსახურები ქართულ ვიკიპედიას

სოფო დათუაშვილი; ნინია მაჭარაშვილი

 ყველა გზა რომამდე ვერა, მაგრამ ვიკიპედიამდე ნამდვილად მიდის.

„არიან სოციალურ ქსელებზე შემჯდარი ადამიანები, ნარკოტიკოდამოკიდებულივით. ასეა ვიკიპედიაშიც, ერთხელ თუ შეჰყავი თავი, ვეღარ გააღწევ. ლომკა იცის. გინდა, რომ შევარდე და რაღაც გააკეთო. ვერ ძლებ მის გარეშე და ფინანსური დაინტერესებაც გავიწყდება,“ – ამბობს მიშა.

მიხეილ ჭაბუკაშვილი ვიკიპედიის ქართული განყოფილების ერთ–ერთი ადმინისტრატორი, ბიუროკრატი (სტატუსი ვიკიპედიაში, რომელსაც შეუძლია სხვა მომხმარებელს მიანიჭოს ადმინისტრატორის სტატუსი) და საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხზე“ თოქ–შოუ „არგუმენტების დროს“ პროდუსერი და წამყვანია. 

მიშას და ქართული ვიკიპედიის გზები 2010 წელს გადაიკვეთა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ–პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ინერნეტში გალაპაგოსის კუნძულების შესახებ ინფორმაციას ეძებდა. ქართულ ენაზე ვერაფერი იპოვნა. სამაგიეროდ, უცხოენოვან ვებ-გვერდებიდან თარგმნა და ქართულ ვიკიპედიაზე განათავსა. 

მიშას გარდა, ქართულ ვიკიპედიას რვა ადმინისტრატორი და ოცდაათამდე „შემმოწმებელი“ ჰყავს. ეს ადამიანები მოხალისეები არიან. ენთუზიაზმზე, ანაზღაურების გარეშე წერენ სტატიებს ვიკიპედიის ქართულენოვან განყოფილებაში. 

„ვიკიპედიის არსებობა მთლიანად მოხალისეების კეთილი ნების დამსახურებაა, – ამბობს მიშა – ოფისიც არ გვქვს. ქუჩაში ვიკრიბებით. სადმე, სკვერში ვსხდებით და სამომავლო გეგმებზე ვსაუბრობთ.“

ინერნეტში ვიკიპედიაზე სასურველ ინფორმაციას რომ ვპოულობთ, იშვიათად გვიჩნდება კითხვა საიდან და როგორ გაჩნდა ეს მასალა ამ კონკრეტულ საიტზე. ის ფაქტი, რომ ვიკიპედიაში სტატიის გამოქვეყნება და რედაქტირება ნებისმიერს შეუძლია, სულაც ვერ გვიხსნის როგორ შეგროვდა ერთ ვებგვერდზე ათიათასობით სტატია, ათობით ენასა და ასიათასობით თემაზე.


ვიკიპედია - მრავალენოვანი, თავისუფალი და ღია ვიკი-ენციკლოპედია 2001 წელს ჯიმი უელსმა და ლარი სენგერმა დააარსეს. ქართული განყოფილება 2004 წელს შეიქმნა. ქართველ მოხალისეთა ჯგუფმა ამერიკის, ცენტრალურ „ფონდ ვიკიმედიასაგან“ მიიღეს ნებართვა გახსნილიყო ქართულენოვანი განყოფილება. ამ განყოფილებაში, დღეს ორმოცდათხუთმეტიათასამდე მომხმარებელია დარეგისტრირებული. თუმცა მათგან აქტიურად და ყოველდღიურად მხოლოდ ათი თუ თორმეტი ადამიანი მუშაობს. ეს ხალხი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, რამდენიმე კი, საზღვრებს გარეთ ცხოვრობს. მათი უმეტესობა ერთმანეთს არასდროს შეხვედრია.

ვიკიპედია არ აგებს პასუხს ინფორმაციის სიზუსტესა და სანდოობაზე. მეტიც, სტატიების განთავსება და შესწორება ნებისმიერს შეუძლია. მიუხედავად ამისა,  ვიკიპედია ზედმიწევნით მოწესრიგებული საინფორმაციო სისტემაა. სტატიებში ინფორმაცია ორგანიზებული და თანმიმდევრულია, სანდოობის გადასამოწმებლად მითითებულია წყაროები, მიმაგრებულია ფოტოები თუ ბმულები დამატებითი ინფორმაციისათვის. მიხვდებით, რომ ათასობით „ნებისმიერ მომხმარებელს“ არ შეუძლია იყოს ზუსტი და აკურატული.

ვიკიპედიას საკმაოდ მკაცრი წესები და რეგულაციები აქვს, ზუსტადაა განსაზღვრული როგორ განთავსდება ან იბლოკება ესა თუ ის სტატია, რათა მასში ადმინისტრატორის გარდა ვერავინ შეძლოს ცვლილების შეტანა.

მიშა ამბობს, რომ ინფორმაციის სანდოობის გადამოწმების უამრავი მექანიზმი არსებობს. ნებისმიერი ახალი სტატიის გამოქვეყნებისას მითითებული უნდა იყოს წყარო, იქნება ეს წიგნები თუ ონლაინ რესურსები. თუკი სამი დღის მანძილზე წყაროს არ მიუთითებთ, სტატია წაიშლება, ან დაეწერება, რომ ინფორმაცია არ არის გადამოწმებული. ტექსტები უნდა იყოს მშრალი და ინფორმაციული. დაუშვებელია ესეს, მოთხრობის, ლექსის ან ანალიტიკური სტატიის გამოქვეყნება. არ შეიძლება პერსონალური მოსაზრებების ან ეპითეტების გამოყენება. 

„გაცხარებულები ვკამათობთ ხოლმე. ერთხელ განვიხილავდით უნდა ყოფილიყო თუ არა ვიკიპედიაზე სტატია პლეხანოველი მარინას შესახებ. საბოლოოდ, გერმანული და ინგლისური სტანდარტის ნახვის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ეს სტატია დაგვეტოვებინა, როგორც კოლორიტ ადამიანზე. ვიკიპედიას მკაცრი პოლიტიკა აქვს, რომელიც განსაზღვრავს უნდა იყოს თუ არა ვიკიპედიაში ინფორმაცია ამა თუ იმ პიროვნებაზე. ზოგჯერ ახალგზრდა მწერლები მოგვმართავენ. ამ დროს, მთავარი კრიტერიუმი წიგნების ავტორობაა. თუ კი ადამიანს ერთი ან ორი წიგნი აქვს გამოცემული, მასზე სტატიას ვათავსებთ. ხშირად სწყინთ, როცა არ ვაქვეყნებთ სტატიას მეცნიერებათა დოქტორის შესახებ, რომელიც რეალურად არც ერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი არ არის და არც არაფერი აქვს გამოცემული.“

სტატიის დასარედაქტირებლად ან გამოსაქვეყნებლად რეგისტრაციის გავლაც არ არის საჭირო. თუმცა, რეგისტრირებულ მომხმარებლებს პრივილეგიები აქვთ. საიტზე განხორციელებულ ნებისმიერ ცვლილებას ადმინისტრატორები ადასტურებენ ან უარყოფენ. მათი ნებართვის გარეშე შეტანილი ცვლილებები საიტზე არ აისახება.

„წარმოუდგენელი რაოდენობის ვანდალიზმი ხდება. იმის მაგივრად სტატიები გაამდიდრონ, შლიან ტექსტს, სანაცვლოდ წერენ უცენზურო სიტყვებს ან ქმნიან სტატიებს თავიანთ თავზე. ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით შეგვიძლია გავაუქმოთ ცვლილებები, თუმცა, მათ პოვნასა და გაუქმებას დიდი დრო მიაქვს“, - ამბობს მიშა.

ძალიან იშვიათად, მაგრამ ქართულ ვიკიპედიას ახალი, აქტიური მომხმარებლებიც ემატებიან. ისინი არც რედაქტორებს რჩებათ შეუმჩნეველი. ყველა ახალ წევრს  ქართულ ენაზე ნათარგმნ ვიკიპედიის ოფიციალურ პოლიტიკას, წესებსა და სტანდარტებს უგზავნიან, გუნდის ახალბედა წევრმა ინფორმაციის ატვირთვისას რომ იხელმძღვანელოს.

თუკი გუნდის ახალი წევრი აქტიურად აქვეყნებს სტატიებს ყველა წესისა და ნორმის დაცვით, მუშაობის დაწყებიდან არანაკლებ 6 თვის შემდეგ, კენჭისყრით წყდება მისთვის ადმინისტრატორის სტატუსის მინიჭების საკითხი. ამის შემდეგ, მათ არამარტო სტატიების განთავსება და შესწორება შეუძლიათ, არამედ არასანდო სტატიის წაშლის და მომხმარებლის დაბლოკვის ფუნქციაც აქვთ.


ამჟამად ვიკიპედიის ქართულ განყოფილებაში ცხრა ადმინისტრატორი და ოცდაათამდე შემმოწმებელია. ყოველდღიურად დაახლოებით თორმეტი ადამიანი მუშაობს.

„იყვნენ აქტიური რაღაც ხანი, მოსწყინდათ, დაიღალნენ და წავიდნენ. ეს მუდმივად განახლებადი პროცესია“, - ამბობს მიშა და იქვე აღნიშნავს, რომ იყო დრო, როცა საიტზე დღეში ექვს სტატიას ათავსებდა. ახლა კი, ცდილობს დღეში ერთი მაინც გამოაქვეყნოს, არსებული სტატიები გააუმჯობესოს და თვალი ადევნოს ახლად შემოტანილ მასალებს. ამ საქმეს მისი თავისუფალი დროის დიდი ნაწილი მიაქვს.

სტატიების მოძიებას, თარგმნას, რედაქტირებას მიშა თითქმის მთელ თავისუფალ დროს უთმობს და ღიზიანდება, როდესაც ქართულ ვიკიპედიას მწირს, ღარიბს და უმაქნისს ეძახიან.

„ამ ლანძღვას ადრესატი არ ჰყავს. ვინც გვლანძღავს, ისეთივე მოვალეა შეიტანოს წვლილი საიტის გამდიდრებაში, როგორიც მე, ვისაც ოთხი წლის მანძილზე საზღაურის გარეშე ათასობით საათი მაქვს გატარებული სტატიების წერასა და რედაქტირებაში. ჩვენით დავდიოდით სკოლებში, ვხვდებოდით მოსწავლეებს, ვაწყობდით ფეისბუკ-კამპანიებს, რომ ახალგაზრდები მოგვეზიდა. ბევრი მოხალისე გვჭირდება. სასაცილოა, როცა ინგლისურენოვან ვიკიპედიას გვადარებენ და გვაკრიტიკებენ ინფორმაციის სიმწირის გამო“, - ამბობს მიშა.

ყველა ვიკი–აქტივისტი იმ თემებზე წერს, რაც აინტერესებს და იცის. მიშა გეოგრაფიასა და ზოგადად, სხვადასხვა ქვეყნების შესახებ წერს. ერთ-ერთ მომხმარებელს, რომელიც ქართულ ვიკიპედიაში წვლილის რაოდენობით პირველია და 2005 წლიდან აქვეყნებს სტატიებს მუსიკასა და კინოზე - რეალურ ცხოვრებაში არავინ იცნობს, არც გუნდის წევრებმა იციან მისი ვინაობა, ასაკი და სქესი. საქართველოს ისტორიაზე სტატიებს სკოლის მასწავლებლები ხაშურიდან და რუსთავიდან აქვეყნებენ. მათ მოსწავლეებიც ეხმარებიან.

„სამწუხაროდ, ბევრს ვიკიპედია ცნობათა ბიურო ჰგონია, – ამბობს მიშა, „ხშირად გვეკითხებიან ტერმინების განმარტებებს, გვწერენ დაავადებების სიმპტომებს და აინტერესებთ დიაგნოზი, ხან შალვა ნათელაშვილს სწერენ, ხან გიგი უგულავას, გზების შეკეთებასაც კი გვთხოვენ. სამწუხაროდ, ვერ ხვდებიან რა არის ვიკიპედია და რა დანიშნულება აქვს. ეს რომ არა, დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტი მოხალისე გვეყოლებოდა. ექვსიათასზე მეტი სტატია მაქვს დაწერილი, ათასობით საათი საიტზე გატარებული. როდემდე გვეყოფა ენთუზიაზმი არ ვიცი.“

ქართულენოვან ვიკიპედიას ყველაზე მეტად საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში „უჭირს“. მოხალისეები ძირითადად მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებიდან ჰყავს. აქტიურ მოხალისეებს შორის, ამჟამად მხოლოდ ორი ქალია, ერთი მათგანი 2005 წლიდან მუშაობს, მეორე კი გუნდს 2 წლის წინ შეუერთდა.