თბილისში წიგნები სახეტიალოდ გამოდიან

სოფო დათუაშვილი

აიგნორებს. მერე გადასასვლელ ხიდთან ხედავს ისევ წიგნს, ისევ აიგნორებს, მაგრამ ცოტათი იძაბება. მერე ბანკის შესასვლელთან, ბანკში, ტუალეტში, სახლისკენ გზაზე, მეტროში და ყველგან წიგნებს აწყდება და ბოლო–ბოლო იღებს და კითხულობს რა უბედურება ხდება. როდესაც რომელიმე წიგნის წინასიტყვაობიდან იგებს მოხეტიალე წიგნების შესახებ, უკვე სრულად ინფიცირდება მოხეტიალე წიგნების ვირუსით და ებმება თამაშში.“

მართალია ეს სიტყვები მწერალ ჯაბა ზარქუას ეკუთვნის, მაგრამ ის მისი რომელიმე წიგნიდან ნაწყვეტი არ გახლავთ. ასე მან თამაში აღწერა, რომლის იდეის ავტორიც თავად არის.

თამაშის არსი,  არც მეტი და არც ნაკლები – წიგნების ქუჩაში დატოვებაა, სადაც ნებისმიერ გამვლელს შეეძლება მისი აღება და წაკითხვა.

„ერთი ასეთი იდეა მაქვს პირობითად დავარქვათ "საჯარო ბიბლიოთეკა,“ დაწერა მან პერსონალურ გვერდზე, "მოკლედ, გაგვაქვს წიგნი ქუჩაში (მე ჩემსას გავიტან და საკუთარ თავსაც წავეხმარები ბარემ ოდნავ) და ვდებთ სადმე – მეტროს ამოსასვლელში, ტროტუარზე, ავტობუსის გაჩერებაზე, პარკში, ინსტიტუტის წინ და ა.შ. ზედ დავაწერ "წაიკითხე და არ დაიტოვო, არც არავის მისცე – დადე ქუჩაში" და მივაგდებ. საინტერესოა, რა გზას გაივლიან. იქნებ უკან დაგიბრუნდეს წლების მერე, ან საერთოდაც გლდანის ნაგავსაყრელზე აღმოჩნდეს ან ვინმემ დაიტოვოს ან რავი. მე რომ ასე მეპოვა წიგნი ქუჩაში, ძაან გამისწორდებოდა და ჩავერთვებოდი თამაშში. მოგწონთ? შემომიერთდებით? ერთი ნებისმიერი წიგნი გავიმეტოთ, "დავაბინძუროთ" ქუჩები!“

ჯაბამ  ფეისბუქზე სპეციალური გვერდიც შექმნა, სახელწოდებით „მოხეტიალე წიგნები,“ რომელმაც მოკლე დროში ათასზე მეტი „ლაიქი“ მოიპოვა.  მალევე პირველი მოხეტიალე წიგნიც გამოჩნდა – პოლ ოსტერის „მისნის ღამე,“ რომელზეც უცნობმა მფლობელმა შემდეგი წარწერა დატოვა –  „გამარჯობა, მე მოხეტიალე წიგნი ვარ. დამიმგზავრე და როცა წამიკითხავ, ჩამომსვი სადმე. აუცილებლად მიაწერე ჩემი ბოლო გაჩერების ადგილი და თარიღი, რომ არ დავიკარგო. მადლობა!“ 

წიგნების „სახეტიალოდ გამგზავრების“ მსურველები მრავლად აღმოჩნდნენ. „მე სადმე ტრანსპორტში დავტოვებ ხვალ რამეს. რაც შეიძლება შორს რომ წავიდეს;“ „რა მაგარია, დავტოვებ ხვალვე რამე წიგნს, გავუშვებ ჩემგან სამოგზაუროდ," - წერდნენ ისინი გვერდზე.

მთარგმნელმა დავით გაბუნიამ სახეტიალოდ აკა მორჩილაძის "მორიდებული ზურმუხტი" შეარჩია. "ვიფიქრე, რაღაც ისეთი შემერჩია, რაზედაც მოთხოვნა იქნებოდა, პოპულარული მწერალი, ამ შემთხვევაში აკა მორჩილაძე, იმედია, უყურადღებოდ არ დარჩება. თანაც, ეს ხომ არასასურველი წიგნების "გადაყრა" არ არის. სწორედ რომ კარგმა წიგნებმა უნდა იმოგზაურონ," წერს გაბუნია. 

როგორც გაირკვა, ჯაბას იდეა მასაც ძალიან მოეწონა – ბავშვობაში ბიბლიოთეკით ვსაგრებლობდი და ყველაზე მეტად მომეწონა "დანაშაული და სასჯელის" ის ეგზემპლარი, სადაც "უზრდელ" მკითხველებს ფანქრით წარწერები გაეკეთებინათ. მთელი პოლემიკა იყო სამ ადამიანს შორის, საკმაოდ სულელური, მაგრამ სახალისო. მოკლედ, მომწონს ეს იდეა - წიგნს თავისი ისტორია აქვს, რამდენი ადამიანი წაიკითხავს, ვისთან აღმოჩნდება სრულიად შემთხვევით და ა.შ.“ აღნიშნავს უკვე გათავისუფლებული წიგნის ყოფილი პატრონი. 

როგორც ზარქუა ამბობს, იდეა სრულიად შემთხვევით, საკუთარ წიგნებზე ფიქრისას გაუჩნდა. „ვფიქრობდი როგორ მიმეტანა საკუთარი წიგნი მკითხველთან, რადგან შემთხვევით ჩემი წიგნის ფეიჯზე შევიხედე და გამახსენდა რომ ორი წელია 500 ცალიც კი არ გაყიდულა. ასე შემთხვევით, ცნობიერების ნაკადით მომაფიქრდა მოხეტიალე წიგნების იდეა, დავასტატუსე აჟიტირებულმა, რაღაც დეტალები მივამატე მერე და ვუალა!“

თამაში გრძელდება. მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მთავარია შეარჩიოთ წიგნი და ხანგრძლივი დროით სამოგზაუროდ გაუშვათ.