საჩუქარი ქალთა დღისათვის

სოფო დათუაშვილი

გამოკითხვა საქართველოს 11 რეგიონში ჩატარდა და სულ 2408 რესპონდენტი გამოიკითხა. რესპოდენტები სამ პირობით ჯგუფად დაიყო: გენდერული თანასწორობის მიმართ ლოიალურები - 3.7 %, გენდერული თანასწორობის მოწინააღმდეგები - 45.5 % და გამოკვეთილი პოზიციის არქმონენი – 50.8 %. 

აღსანიშნავია, რომ გენდერული საკითხებისადმი ლოიალური ადამიანების 77% უმაღლესი განათლება აქვთ, მოწინააღმდეგეების 69 %-ს კი, უმაღლესი განათლება არ მიუღიათ. კვლევამ აჩვენა, რომ საოჯახო საქმეების განაწილების მოდელი ადამიანთა მიერ მოზარდობის პერიოდში დასწავლილ ქცევას ეფუძნება. გოგონათა დიდ უმრავლესობას ბავშვობიდან ასწავლიან ე.წ. “ქალურ” საქმეებს, როგორიცაა საჭმლის მომზადება, სახლის დალაგება, ოჯახში ჰიგიენური პირობების დაცვა, ტანსაცმლის რეცხვა, მაშინ როდესაც ბიჭებს პირადი ჰიგიენის დაცვას, სამეურნეო საქმეებს და და-ძმებზე ზრუნვას აჩვევენ. გამოკითხული მამაკაცების და ქალების თითქმის 60% თვლის, რომ ოჯახში გადამწყვეტი სიტყვა მამაკაცს ეკუთვნის. რესპონდენტების უმრავლესობა კმაყოფილია საოჯახო საქმეების განაწილების ამდაგვარი მოდელით, რაც იმის მაჩვენებელია, რომ საოჯახო საქმეებში არათანაბარი გენდერული მონაწილეობა სოციალურ-კულტურული სტანდარტია.

კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვების აღზრდაში ქალები და მამაკაცები ერთობლივ პასუხისმგებლობას არ იღებენ და ბავშვის აღზრდა თავიდანვე ქალის მოვალეობად მიიჩნევა. მამების 42% არასდროს უმზადებს ბავშვს საჭმელს, არ აბანავებს და უცვლის მას საფენებს. მამები უფრო ისეთ საქმეებს ასრულებენ, რომელიც სამზარეულოს და აბაზანას არ უკავშირდება – თამაშობენ ბავშვებთან, მიჰყავთ სასეირნოდ, უკითხავენ წიგნებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად, მამების მიერ აღზრდის პროცესში ჩართულობა იკლებს. 

კვლევის მიხედვით 18 წლამდე სქესობრივი კავშირის გამოცდილება მამაკაცების 69 %, ხოლო ქალების 16 % აქვს, ხოლო გამოკითხულთა 83%-ს უსაფრთხო სქესობრივი ცხოვრების წესების შესახებ მშობელი არასდროს დალაპარაკებია. გამოკითხულთა 70% თვლის, რომ არასასურველ ფეხმძიმობაზე პასუხისმგებლები ქალები არიან. მამაკაცთა 54% აღნიშნავს, რომ ისინი მეუღლეებს ექიმთან კონსულტაციებზე დაჰყვებიან, ხოლო მშობიარობას მხოლოდ 5% დასწრებია. გამოკითხული ქალების 23% აცხადებს, რომ მათი სურვილის წინააღმდეგ ერთხელ მაინც ჰქონია სექსი ქმართან, ან პარტნიორთან. სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა მიმართ თანაგრძნობაც ცოტას აქვს. დაახლოებით 40 % თვლის, რომ “ქალებს იმიტომ აუპატიურებენ, რომ ისინი თავად იგდებენ თავს ამ სიტუაციაში.” 

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ თავმჯდომარე იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ გენდერული უთანასწორობა იქ იწყება, სადაც რომელიმე საქმიანობის ერთი სქესისთვის მინიჭება ხდება. 

“გენდერული თანასწორობა არ არის ქალების ახირება, - განაცხადა საქართველოს პარამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, გუგული მაღრაძემ, - ეს საჭიროა დემოკრატიისათვის, ქვეყნის განვითარებისათვის. კი ბატონო, ბიოლოგიურად ქალები და კაცები განსხვავდებიან, ასეც უნდა იყოს, მაგრამ ,ქვეყანას ვერ ექნება პრეტენზია დემოკრატიულობაზე, სანამ ქალსა და მამაკაცს შორის სოციალური პასუხისმგებლობები არ გათანაბრდება. ოჯახები, სადაც პასუხისმგებლობები თანაბარია, ბავშვები უფრო სრულფასოვნები იზრდებიან.” 

კვლევა “კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში” განხორციელდა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის (UNFPA) მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში” ფარგლებში.