მემარცხენეები კაზრეთელი მუშების მხარდასაჭერად

გიორგი ჩაგელიშვილი

 

 

 

 

 კაზრეთელი მუშებისადმი მხარდამჭერი აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან 17 თებერვალს 5 საათზე იწყებოდა. სტუდენტები რეგიონიდან გაფიცული მუშებითა და მათი მხარდამჭერებით სავსე 4-5 სამარშუტო ტაქსს ელოდნენ. შეკრება შესაძლოა ცოტა უფრო ადრეც, მაგრამ სიტყვით გამოსვლები დაგვიანებით დაიწყო.

სამთო მომპოვებელი კომპანიების RMG GOLD-ისა და RMG COPPER-ის მუშების თქმით,  გასული წლის 13 ნოემბრის გაფიცვა, რომლის მოთხოვნა შრომითი პირობებისა და ხელფასების გაუმჯობესება იყო, კომპანიის წარმომადგენლებთან შეთანხმებით დასრულდა. თუმცა ისინი მოატყუეს და 30 იანვარს 184 მუშა სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამას 500-მდე მუშის ხელახალი გაფიცვა და სტუდენტების მხარდამჭერი აქციები მოჰყვა.

საპროტესტო გამოსვლა ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატებმა დაგეგმეს. მათ „მწვანე მუშტის,“ „თბილისის ფაბიანური საზოგადოების,“ პროფკავშირების წარმომადგენლები და ირაკლი კაკაბაძის „წითელი ეშმაკუნები“ შეუერთდნენ. აქციაზე გარდა საოციალურისა, ეკოლოგიისა 

და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვისკენ მოწოდებებიც ისმოდა.

მომიტინგეთა ლოზუნგებს შორის იყო პლაკატები წარწერით: “მუშა და არა მონა,“ “ვითხოვთ კუთვნილს,“ “მოვითხოვთ ღირსეულ შრომით პირობებს,“RMG" ანადგურებს ძეგლებს, გარემოს, ადამიანებს.”

მანიფესტაციის მეორე ნაწილში, თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოდან მსვლელობა RMG GOLD-ის ოფისისკენ, ტატიშვილის ქუჩის მიმართულებით დაიწყო. ორასამდე მომიტინგე გზის ერთი ნაწილის გადაკვეთისას ჯერ შუქნიშნთან მწვანეს დაელოდა, შემდეგ კი მოძრაობის წესების აშკარა, თუმცა ძალოვანთათვის მისაღები დარღვევით გადავიდა მელიქიშვილის გამზირზე. ტატიშვილის ქუჩაზე მისულებმა შეიტყვეს, რომ კომპანიამ ეს მისამართი შეიცვალა, რასაც მომიტინგეების მხრიდან ნდობით გამსჭვალული მდუმარება არ მოჰყოლია.

აქციის გამშუქებელ ტელევიზიებს შორის მხოლოდ იმედი დაფიქსირდა. ამიტომ დანიშნულების მესამე პუნქტად საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოაცხადეს. ამჯერად გზა პატრულის მიერ შექმნილი დერეფნებით გადაიჭრა და აქცია კონსტრუქციული მარშით მივიდა მოქალაქეთა გადასახედებით დასაფინანსებელ ტელევიზიასთან.

საზოგადოებრივი მაუწყებლის შესასვლელტან ჯერ ოპერატორი გამოჩნდა, რომელმაც სწრაფად მოაგროვა ვიდეო მასალა, შემდეგ კი აქციის წევრებს ინტერვიუს ჩასაწერად ჟურნალისტი იბარებდა. აქცია დაშლას აპირებდა, როცა მუშებიდან საბურთალოს ქუჩაზე გაფუცული მეხანძრეებისათვის სოლიდარობის გამოხატვის სურვილი გაჟღერდა და შეთხელებული აქცია ამ მიმარტულებით გაემართა.

გაზაფხულის მოლოდინში

ტელევიზიის წინ სიტყვით გამომსვლელი ლევან ლორთქიფანიძე ამბობდა, რომ კაზრეთელი მუშების მხარდამჭერი ბრძოლა ერთგვარი პრელუდიაა გაზაფზულის და პირველი მაისის. რომ მშრომელთა საერთაშორისო დღეს საბოლოო დარტყმა უნდა განხორციელდეს ელიტებისა და ოლიგარქიების მიერ შექმნილ იერარქიებზე.

მე არ ვიცი რამდენი პირველი მაისი დასჭირდება ნაკლებ იერარქიული გაზაფხულის მოსვლას, თუმცა თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამ იერარქიის დასაძლევად ბევრად უფრო ძლიერი, ერთიანი მემარცხენე ფრონტის არსებობა იქნება საჭირო. 

 

ფოტო:ომარ წოწორია