ბოტანიკური ბაღის ჩაკეტილი ზონა

ნინო ბაქრაძე

კოჯრის გზატკეცილიდან ბაღში შესასვლელსაც გაუქმება ემუქრება. იქვე ახლოს, ძველი ბოტანიკის ინსტიტუტის წითელი აგურის შენობა დღეს ტელევიზია GDS-ის ოფისებს უკავია. მოგვიანებით, ძველ ნაგებობას, ქვედა მხარეს მინის კონსტრუქცია მიაშენეს, რომელსაც პროექტის არქიტექტორი მრავალფუნქციურ გასართობ ცენტრს უწოდებს. მისი მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და 2013 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 17 დეკემბრის ბრძანების მიხედვით, მრავალფუნქციურ გასართობ ცენტრს ტექნიკური მაჩვენებლების დარღვევის გამო ექსპლუატაციაში მიღებაზე უარი განუცხადეს.

სულხან სულხანიშვილი, პროექტის არქიტექტორი ამბობს, რომ უარის მიღების შემდეგ ტექნიკური ხარვეზები გამოასწორეს და ექსპლუატაციის უფლებაც მიიღეს (აღნიშნულის დასადასტურებლად თბილისის მერიისგან მოვითხოვეთ ექსპლუატაციის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და მას მოგვიანებით შემოგთავაზებთ).

სულხან სულხანიშვილი დღეს "ქართუ ჯგუფში" აღარ მუშაობს. როგორც ამბობს, მრავალფუნქციურ გასართობ ცენტრში კლუბი უნდა ყოფილიყო და მოცეკვავეებს უნდა ევარჯიშათ. თუმცა, შენობა მოგვიანებით GDS-მა დაიკავა.

ცენტრის გვერდით ახლა დამხმარე შენობა-ნაგებობის მშენებლობა დაიწყო. ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ მიწა უკვე მოჭრილია და ადგილზე სამშენებლო ტექნიკა მუშაობს. საპროექტო არეალი 2 200 კვ.მ.-ია, დამკვეთი ს.ს. "ქართუ ჯგუფი" გახლავთ.

  • DSCN5260
  • DSCN5262
  • DSCN5263

კოჯრის გზატკეცილის N13 2013 წლის 28 იანვრამდე ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონას მიეკუთვნებოდა. ეს ბოტანიკის ინსტიტუტის, ახლანდელი GDS მიმდებარე ტერიტორიაა. 2013 წლის 23 იანვარს თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის სხდომის ოქმიდან, ირკვევა რომ გიორგი ტიკურიშვილი ითხოვს ძველი თბილისის რაიონში, კოჯრის გზატკეცილის N13-ში, "სტელა თბილისი"-ს მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონის სტატუსის ცვლილებას. რადგან GDS-ის ტელევიზიას რეკვიზიტებისა და დეკორაციების შესანახად დამატებითი შენობა დასჭირდა. ზონალური საბჭოს გადაწყვეტილებით, 2013 წლის 28 იანვარს ნაკვეთის სტატუსი შეიცვალა და სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი მიენიჭა.

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით სარეკრეაციო ზონა 2-ში სპეციალური ზონალური შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ახალი, სხვადასხვა ტიპის შენობა-ნაგებობების მშენებლობა. როდესაც ლანდშაფტურ-რეკრეაციულ ზონაში მხოლოდ ის სამუშაოებია დასაშვები, რაც სივრცის გამართული მუშაობისთვისაა აუცილებელი.

მიმდინარე მშენებლობის შესახებ დეტალების დასაზუსტებლად "ქართუ ჯგუფს" მივმართეთ. იურისტი ია გამცემლიძე აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობდა და დაგვპირდა, რომ საკითხის შესწავლის შემდეგ თვითონვე დაგვიკავშირდებოდა. მივმართეთ მერიის შესაბამის სამსახურებსაც, რომელთა გადაწყვეტილებითაც ზონის სტატუსი შეიცვალა. პასუხს მათგანაც ველოდებით.

დაელოდეთ სიახლეებს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ახალი მშენებლობის შესახებ newscafe.ge-სგან.