ვისი საქმეა ოჯახში ძალადობა

33 წლის ნათია წლების მანძილზე იყო მეუღლის მიერ სისტემატიური ფიზიკური, მორალური თუ ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი,

სანამ ქმარმა სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქუჩაში არ გამოაძევა.

     ნათია და ბავშვები პატრულის ეკიპაჟმა ოჯახური ძალადობის თავშესაფარში გადაიყვანა, სადაც მას რეაბილიტაციისა და პროფესიული გადამზადების კურსი ჩაუტარდა, ბავშვებს კი სწავლის გაგრძელების საშუალება მიეცათ.

     ხანგრძლივი ფიზიკური ძალადობის შემდეგ, 36 წლის თინათინი მეუღლემ სიცოცხლეს გამოასალმა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, იტალიურ ეზოში მცხოვრებთათვის ჩვეული ამბავი იყო მეზობლის ბინიდან გამოსული აურზაური და ის ფაქტიც, რომ მეუღლე თინათინზე ფიზიკურად ძალადობდა. მეზობლები თვლიდნენ, რომ უფლება არ ჰქონდათ ცოლ–ქმრის ჩხუბში ჩარეულიყვნენ, რადგან მეუღლეების ჩხუბი მხოლოდ „მათი პირადი საქმეა“. თინათინის მეზობლების ქცევა სავსებით გასაგები ხდება, როდესაც გაეროს ქალთა ფონდის მიერ ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ჩატარებულ 2013 წლის კვლევის შედეგებს ვეცნობით, რომლის თანახმადაც საქართველოში გამოკითხულთა 34% მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობა ყოველთვის არ უნდა ისჯებოდეს, ხოლო 25% თვლის, რომ ოჯახში ძალადობა მხოლოდ ოჯახის საქმეა და გარეშე პირებს მასში ჩარევის უფლება არ აქვთ.

     იმის დასტურად, რომ ოჯახში ძალადობა მხოლოდ ოჯახის საქმე არ არის, საქართველოს პარლამენტმა 2006 წელს მიიღო კანონი "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ". ხოლო 2012 წლის მაისში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ოჯახში ძალადობის კრიმინალად აღიარება მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე პატრულის ეკიპაჟი, ან უბნის ინსპექტორი შემთხვევის ადგილზე გადის. ძალადობის ფაქტის დაფიქსირებისას, სამართალდამცავი პირი მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის და ძალადობის განმეორების თავიდან აცილების მიზნით შემაკავებელ ორდერს გასცემს. შემაკავებელი ორდერი მოძალადის მსხვერპლისაგან გარკვეული დროის მანძილზე იზოლაციას ახდენს. მოძალადეს შეიძლება აეკრძალოს მსხვერპლის საცხოვრებლისაგან თუ სამუშაო ადგილთან, ასევე ბავშვთან მიახლოვება და იარაღით სარგებლობა.

       მიუხედავად კანონის მიერ ოჯახში ძალადობის კრიმინალად აღიარებისა, ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ მყარადაა ფესვგადგმული მოსაზრება, რომ ოჯახური კონფლიქტები ოჯახშივე უნდა გვარდებოდეს და იქვე უნდა რჩებოდეს.

       უახლესი კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 17% თვლის რომ ცოლმა ქმრის ძალადობა უნდა მოითმინოს.

      აღსანიშნავია ისიც, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისათვის, ოჯახური კონფლიქტების დროს სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიმართვა დაუშვებელია. კვლევების მიხედვით, ამის მიზეზად სირცხვილი, მოძალადისაგან შურისძიების, საზოგადოებისა და ნათესავებისაგან გაკიცხვის შიში და პოლიციისადმი უნდობლობა სახელდება.

      პოლიციის მიერ უნდობლობასა და მათ მიერ ოჯახში ძალადობის დროს არასათანადო რეაგირებაზე ხშირად საუბრობენ ქალთა უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

      „ხშირად მსხვერპლი ისეთ მდგომარეობაშია, რომ ვერ აცნობიერებს მის ირგვლივ რა ხდება. ამ დროს , თავად საპატრულო პოლიციას ევალება სიტუაციის გაკონტროლება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, მსხვერპლის დაცვა. სამწუხაროდ, ამ დროსაც ბევრ პრობლემას ვხვდებით. მაგალითად, დღეს უკვე თავშესაფარში მცხოვრებ ერთ-ერთ გოგონას, ქმარი საპარსით ჭრიდა ყელს. მეზობელმა პატრულს გამოუძახა. პატრულის თანამშრომელმა, ცხადია შენიშნა ფიზიკური დაზიანებები გოგონას სხეულზე, მაგრამ, როცა მას შეეკითხა, სურდა თუ არა მის მეუღლეზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საქმე აღძრულიყო, გოგონამ პასუხის გაცემა ვერ მოახერხა. ცუდად იყო და უბრალოდ დუმდდა. პატრულმა მოძალადე ქმარს მხოლოდ გამაფრთხილებელი წერილი გამოუწერა. ცხადია, ძალადობა კვლავ გაგრძელდა და ჩვენ ეს გოგონა ძლივს გადავარჩინეთ. დღეს მშვიდად და უსაფრთხოდ ცხოვრობს თავშესაფარში,” ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენლი ანა აბაშიძემ. ის აღნიშნავს, რომ ხშირად ოჯახის წევრებს ურჩევნიათ არ გამოიძახონ პატრული და ისინი კონფლიქტში არ ჩარიონ, რადგან არ სურთ ამბავი ოჯახის გარეთ გავიდეს.

        „სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვაიძულებთ თვითმხილველებს, ოჯახში ძალადობის დროს მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან არ გვაქვს შესაბამისი კანონი. მაგრამ, ამის მიუხედავად, მათ აუცილებლად უნდა შეატყობინონ საპატრულო პოლიციას ძალადობის ფაქტის შესახებ, რადგან შესაძლოა ამ დროს ადამიანის სიცოცხლეც კი იხსნან,“ – ამბობს ანა.

        შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წელს ოჯახური კონფლიქტის 1578 ფაქტი დაფიქსირდა და ამათგან შემაკავებელი ორდერი მხოლოდ 204 ფაქტზე გამოიცა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ დეპარტამენტი არ აწარმოებს მონიტორინგს, თუ ვინ რეკავს ძალადობის ფაქტის შესახებ - ნათესავები, მეზობლები თუ თავად მსხვერპლი. ის აღნშნავს, რომ საპატრულო პოლიცია, გამოძახების შემთხვევაში, ყოველთვის დანიშნულების ადგილზეა.

     „გამორიცხულია პატრული როდესმე გამოძახების ადგილზე არ მისულიყოს, რადგან ქოლცენტრიდან შემოსული განცხადების შემდეგ, მას შემდეგ რაც პატრული დანიშნულების ადგილზე მივა და მდგომარეობას შეაფასებს, ის სპეციალურ ფორმას ავსებს. ფორმა დეპარტმენტში ინახება,“ ამბობს ლევანი.

     მაჭავარიანის თქმით, ყოველწლიურად საპატრულო ეკიპაჟი პოლიციის აკადემიაში სპეციალურ წვრთნას გადის ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით და ძალიან ყურადღებიანია ამ საკითხის მიმართ.

    „შემაკავებელი ორდერის გაცემა ყოველთვის აუცილებელი არ არის. პატრულის თანაშრომელს შეუძლია მოძალადეს ხელწერილი დააწერინოს, სიტუაცია გაანეიტრალოს, ოჯახის წევრები შეარიგოს ან დამცავი ორდერი გამოიყენოს “ აღნიშნავს ის.

     გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის დროს დასმულ შეკითხვაზე – „რას გააკეთებდით, თუ შეიტყობდით, რომ თქვენი მეგობარი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია“ გამოკითხულთა თითქმის 20%–მა უპასუხა, რომ ისინი არაფერს მოიმოქმედებდნენ. ეს მაშინ, როდესაც სპეციალისტები საზოგადოებას ოჯახში კონფლიქტის დროს მოძალადის მხრიდან აგრესიის ზრდისა და უმართაობის შესახებ შესახებ აფრთხილებენ, რაც შეიძლება მძიმე, ან სულაც ფატალური შედეგებით დასრულდეს.

ხილეთ ქუჩის გამოკითხვა ამ თემაზე