გაგრა! იქ, სადაც დავიბადე..

ნინო ჯაფარიძე

მე რომ დედა წითელი ხიზილალით გადატენილ ფუნთუშას მაძალებდა, მას გახუხული პური ენატრებოდა.

მე მურაბიან ჩაის მასმევდნენ. ის შაქრიანს სვამდა. ჩაიც ბევრი გვქონდა, ბებო გვიგზავნიდა სოფლიდანაი მას კი ერთი ჩაის ფერი მთელი კვირა ყოფნიდა. ამბობენ მომავალი არაფერია წარსულის გარეშეო. ჩემთვის წარსული ერთი სენტიმენტალური მოგონებაა. მისთვის კი წარსული ყველაფერია. ეს არის განზომილება სადაც მისი ისტორია იწყება. 

ელისო გაგრაში დაბადებული ეთნიკურად აფხაზი ქართველია. ‘’ოქტომბრის ქუჩა N12, ჟოეკვარას ასახვევთან. ორსართულიანი აგურის სახლი, ვებერთელა მწვანე ეზოთი’’ - ასე იხსენებს დღეს ელისო იმ ადგილს, სადაც მისი ცხოვრების ყველაზე ლამაზმა ათმა წელმა გაიარა. როგორც თავად ამბობს პატარა იყო საიმისოდ, რომ გაგრაში მომხდარი სისხლიანი მოვლენები გაეთავისებინა არადა ა მ დროს, საკმაოდ დიდი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ყველა მოგონება, მის მშობლიურ კუთხეს, სახლსა და ოჯახს რომ უკავშირდებოდა, სამუდამოდ შეენახა მეხსიერებაში. გაგრა ელისოსთვის აფხაზეთის ყველაზე ლამაზი კუთხე იყო. შავი ზღვის სანაპირო ზოლი მისი სახლიდან სულ რაღაც 20 მეტრში მდებარეობდა. ის მთელს გაგრაზე იყო გადაჭიმული და მუდამ სავსე იყო დამსვენებლებით. აფხაზები და ქართველები ერთად ატარებდნენ დროს. ქალები თამამად სეირნობდნენ ზღვის სანაპიროზე და ნამზეურით თავი მოჰქონდათ. კაცები ლუდს სვამდნენ და ფრენბურთს თამაშობდნენ. ცნობილი ქართველი ფეხბურთელების, მესხის და შენგელიას მიერ გატანილ საუკეთესო გოლებსაც განიხილავდნენ. სანაპიროსთან პატარა სამკუთხედი სასტუმრო იდგა, გადმოკიდებული ფართო აივნებით. არ უნდა ყოფილიყო ადგილობრივის, რადგანაც მას მხოლოდ ზაფხულში სტუმრობდნენ. სასტუმროს უკან ვიწრო ბილიკი გადიოდა, პირდაპირ ტრასასთან. ‘’ჩემს სახლში ისე ვერ მოხვდებოდით რომ ჟოეკვარას ვებერთელა სავაჭრო ცენტრთან არ გაგევლოთ. სულ სავსე იყო ჭრელა-ჭრულა საჩუქრებით და მე და დედაც მისი ხშირი სტუმრები ვიყავით. წინ ვებერთელა ლურჯი მთები იყო, უკან ლაჟვარდოვანი ზღვა შუაში პატარა ოდა, რომელიც ყველზე დიდი ციხესიმაგრე იყო ჩვენთვის.’’ ორ სართულიანი წითელი აგურის სახლი ვებერთელა ორღობეთი იყო გარშემორტყმული. ჭიშკარი ისეთი ჭრაჭუნა იყო, რომ წინასწარ ამცნობდა მასპინძელს სტუმრის მოახლოებას. სანამ სტუმარი სახლამდე მოვიდოდა ყვავილებით სავსე ბილიკიც უნდა გამოევლო. ყველა ყვავილი ლამაზი და განსაკუთრებული იყო. ზამთარში ენძელა ყვაოდა, შემოდგომაზე ფირუსულა, გაზაფხულზე თეთრყვავილა და იასამანი. აი ზაფხული კი სავსე იყო ნაირფერი ყვავილებით, რას არ ნახავდით ჩვენს ეზოში - ლურჯი იები, სხვადასხვა ფერის მინდვრის ყვავილები, ყოჩივარდები, ტიტები და მიხაკები. ეზოში სამი დიდი ხე იდგა: თუ მარცხნივ წვიდოდა სტუმარი, ორ, ძველის-ძველ წაბლის ხეს დაინახავდა, სადაც თეთრი კაპრონისგან დაწნილი ჰამაკი ეკიდა. როგორი მცხუნვარეც არ უნდა ყოფილიყო მზე, იქ ყოველთვის გრილოდა. თუ მარჯვნივ წახვიდოდი, აუცილებლად შეამჩნევდი კიბესთან აშოლტილი გრძელ პალმის ხეს. ხშირი და გაბურძგნული იყო. ლამის სანახევროდ ფარავდა ჩვენს კიბეს, მაგრამ ისეთი ლამაზი იყო, ისეთი თბილი, რომ მამას არასდროს უფიქრია მისი მოჭრა.ზამთარი ცივი იყო, და თოვლიანი აი ზაფხული კი ცხელი მაგრამ მაინც სასიამოვნო. მართალია ზამთარში თოვლი არც გაგრაში გვაკლდა, მაგრამ მშობლებს ყოველთვის ბაკურიანში დავყავდით, იქ ციგურებზე ვსრიალდებდით და ეს ჩვენთვის ყველაზე დიდი სიხარული იყო. ზაფხულში ბებიას ვსტუმრობდით-წინანდალში. შემდეგ კი კისლაოტსკი ან ჯელეზნაოტსკი მივდიოდით, ჩემთვის ისევე, როგორც ბევრი სხვა საბჭოთა ბავშვისთვის ეს ადგილები ძალიან ნაცნობი იყო.                                                              

1992 წლის აგვისტო ელისოს კარგად ახსოვს, რადგანაც ამ წელს ის არსად წასულა. მეხუთე კლასში გადასასვლელად ემზადებოდა და ბევრს მეცადინეობდა. სულმოუთმენლად ელოდა სკოლის დაწყებას. 1 სექტემბრამდე ხომ 1 თვეზე ნაკლები იყო დარჩენილი.                                                                                                                                         ‘’აგვისტოს 3 რიცხვი იყო. 06:30 - ზე ტელეფონმა დარეკა, თბილისელი ნათესავები იყვნენ: ‘’აფხაზეთი გაყიდულია და მალე დაეცემა, აზრი არ აქვს თქვენს ბრძოლას, დროზე წამოდით სანამ ცოცხლები ხართ.’’ არადა გუშინ თითქოს ყველფაერი წესრიგში იყო. დიდი ბაბუაც კი, რომელიც ყველაზე დარბაისელი და ხანდაზმული იყო ჩვენს შორის აღელვდა. ‘’კი მაგრამ, რა ბრძოლა, რის ბრძოლა?! დღეს ხომ პარასკევია. მატჩი მსოფლიოს პირველობაზე, მაია ჩიბურდანიძე სიე ძუნის წინააღმდეგ.’’                                                                                        ‘

’საღამოს 9:00, საქართველოს ტელევიზიის საინფორმაციო საშუალებები გადმოსცემდნენ: ‘’ქართულ შეიარაღებულ ძალებსა და აფხაზ სეპარატისტებს შორის დაწყებული ბრძოლა უკიდურეს ფაზაში გადავიდა, მეამბოხენი თავს დაესხნენ ოჩამჩირეს სოფელ ოხურეის, დაიღეპა და დაშავდა, როგორც ქართველი ასევე აფხაზი მოქალაქეები.’’ ცოტა შიში, ცოტა ფორიაქი, ვიღაც ოქროს თხრის ხის ქვეშ. ვიღაც ბავშვებს აცმევს, მამამ არაყს გადაჰკრა. ბებია ძაღლებს ეძებს. ლადა და დიკიც ჩვენთან არიან. დედა ცხრა კლიტულით რაზავს კარს.. ‘’ვითომ გააღებენ?! ჩვენ ხომ მალე დავბრუნდებით!’’                                                             

23 წელი გავიდა აფხაზეთის დაცემიდან, იმაზე გაცილებით მეტი ვიდრე ელისოს დედას წარმოედგინა, მაგრამ შეკითხვა, რომელიც მას სახლიდან წამოსვლისას დაებადა დღემდე პასუხგაუცემელია.  1992 წელს აფხაზეთის ომში 30 ათასი ქართველი დაიღუპა, 250 ათასი კი უსახლკაროდ დარჩა. ბევრი დღესაც თავშესაფრის ძიებაშია. ‘’რთულია იცხოვრო იქ სადაც შენი წარსულის არც ერთ წუთს არ გაუვლია. რთულია დაიწყო მთელი ცხოვრება თავიდან.’’ ამბობს ელისო. 

ელისოსთვის ის ადგილი სადაც დაიბადა დღემდე სამოთხეა. მოგონება,  რომელსაც ისე ფრთხილად და ფაქიზად ინახავს, რომ არც კი სჯერა თუ ოდესმე ცხადად აუხდება.

ბრიტანული გაზეთის გარდიანის მონაცემებით, დღეს მსოფლიოში 64 მილიონზე მეტი დევნილი და თავშესაფრის მაძიებელი პირია. საქართველოს დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისსტროს მონაცემებით საქართველოში ეს რიცხვი 310 ათასს აჭარბებს, რაც მოსახლეობის 8% ია. დევნილის ყოველთვიური შემწეობა ერთ სულზე 28 ლარია. მათ ნაწილს დღესაც არ აქვს სტაბიულური საცხოვრებელი.  თუ დევნილი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირიც არის, მას არ აქვს უფლება ისარგებლოს სოცილაური შემწეობით რომელიც თვეში დამატებით 32 ლარს გულისმხობს.