მთის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები

ნინო ბაქრაძე

ქართული მთის პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებთან დაკავშირებით “დემოგრაფიული აღორძინების ფონდის", რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ორგანიზებით დღეს “ქორთიარდ მარიოტში” სპეციალური კონფერენცია ჩატარდა.

"დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლებას მთის საკითხებთან დაკავშირებით სპეციალური სააგენტოს ან სამინისტროს შექმნის წინადადებით მიმართა.

ლევან ვასაძე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ასევე სთავაზობს მთიან და მაღალმთიან რეგიონებთან მიმართებაში საგადასახადო შეღავათების ამოქმედებას, დემოგრაფიული დახმარების პროგრამების გააქტიურებას და კომუნალური გადასახადების სრულ სუბსიდირებას.

 ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ყველა მთიან ქვეყანას აქვს ასეთი ტიპის უწყება და საფრანგეთში მთის სკითხების ხელმძღვანელი პირი ვიცე-პრემიერია. ვასაძემ მაგალითად ასევე დაასახელა შვეიცარია და გერმანია.

მთის პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბრობს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თავის წერილში, რომელიც კონფერენციის მსვლელობისას წაიკითხეს.

“ კარგი იქნება, თუ დავასახლებთ (წინასწარი მომზადების შემდეგ) მშობლების მზრუნველობამოკლებულ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც 18 და მეტი წელი შეუსრულდა და რომელთაც აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, ფაქტიურად, ქუჩაში წასვლა უწევთ. შეიძლება ვიფიქროთ იმ ოჯახებზეც, რომლებმაც გაჭირვების გამო დაკარგეს სახლ-კარი და ღვთის ანაბარად დარჩნენ. ასევე სასურველია, მთის დაუსახლებელ ტერიტორიებზე მოეწყოს მიმაგრების ადგილები, რომ შედარებით მსუბუქი დანაშაულის მქონე ადამიანებმა მოიხადონ სასჯელი და თავისი შრომით წვლილი შეიტანონ მხარის აღორძინებაზე,” წერს პატრიარქი.