დოპინგი საქართველოში წელსაც აქტუალურია

ეკა ლოლუა

სტრესული მდგომარეობა მათი ცხოვრების თანმდევი ნაწილია. ზოგი ხდება საუკეთესო და მსოფლიოს ამახსოვრებს თავს, ზოგი „ლუზერია“ და ადრე, თუ გვიან, უწევს გაცნობიერება, რომ სპორტით ფულს ვერ იშოვნის. ზოგს კარიერული წინსვლა „აფუჭებს“, ამბიციებში იხრჩობა და ისევ რიგითი ხდება, ზოგიც არასპორტული საქციელით იმკვიდრებს სპორტის ისტორიაში სახელს.

თუ ხარ წარმატებული სპორტსმენი გაქვს ბევრი ფული, ხდები სასურველი, გყავს უამრავი გულშემატკივარი, ბევრს შურს შენი და ამ პრივილეგიას უნდა გაუფრთხილდე. თუმცა, რთულია ასაკთან ერთად შეინარჩუნო ფიზიკური მონაცემები, რომლითაც ხარ განსაკუთრებული. სწორედ ამიტომ, არაერთ სპორტსმენს დაუნგრევია საკუთარი კარიერა შესაძლებლობების ხელოვნურად შენარჩუნებით. ზოგსაც საერთოდ არ ჰქონია ეს მონაცემები და დოპინგში იპოვნეს ხსნა.

დოპინგი არის სტიმულატორი, რომელიც ფიზიკურ მონაცემებს აუმჯობესებს, ეს შეიძლება იყოს, როგორც მეტამფეტამინის ჯგუფის პრეპარატი, ასევე ანაბოლიკი სტეროიდი, ჰორმონალური პრეპარატი, ბეტა2-აგონისტი, მეტაბოლიკი მოდულატორი და სხვა ტიპის შემნიღბავი საშუალება. დოპინგის ერთ-ერთი პირველი სახეობა, მეტამფეტამინის ჯგუფიდან, გორდონ ალისის სახელთან ასოცირდება. შემქმნელმა პრეპარატს Speed, ქარტული შესატყვისით „სისწრაფე“ უწოდა. პრაქტიკაში მისი ფართომასშტაბიანი გამოყენება პირველად მეორე მსოფლიო ომში მოხდა. პრეპარატი ადამიანს ართმევს საღად აზროვნების უნარს, ხდის რისკიანს და იწვევს აღზნებას. 1942 წელს იტალიელმა ველომრბოლელმა, ფაუსტო კოპიმ, შვიდი ტაბლეტი ამფეტამინი მიიღო გამოსვლის წინ. კოპი გადარჩა და გაიმარჯვა. მის კოლეგას, კნუდ ენემარკ ჯენსენს კი, არ გაუმართლა და გარდაიცვალა პრეპარატის ზემოქმედებისგან 1960 წელს.

ანაბოლიკი სტეროიდი სწრაფი რეგენერაციის, კუნთების სწრაფი ზრდისა და ულევი ენერგიის წყაროა. ოლიმპიური თამაშებიც გაჟღენთილი იყო ამ ტიპის პრეპარატების მომხმარებლებით. შედეგი ყველას ნანახი გვაქვს - არნოლდ შვარცნეგერის ფიზიონომია.

ასევე, აკრძალულია მარიხუანა, რომელიც დოპინგის რანგში გადის და თუ დოპინგ-ტესტმა ორგანიზმში მისი არსებობა დაადასტურა, სპორტსმენი ავტომატურად იხსნება შეჯიბრიდან. 2010-2013 წლებში ქართველმა სპორტსმენებმა თავი გამოიჩინეს მარიხუანას გამო დისკვალიფიკაციით.

როგორც ყველაფერი, დოპინგიც დაიხვეწა დროთა განმავლობაში. უფრო და უფრო მეტი ვარიაციები გაჩნდა. სპორტსმენები აქტიურად იღებდნენ და იგებდნენ ყველაფერს, რაც მოსაგები იყო. ყველა სპორტს თავისი სპეციფიკა აქვს და თუ გინდა გააყალბო შედეგი, მაშინ დოპინგის სწორი პრეპარატი უნდა შეარჩიო. თუ ზოგს ფიზიკური მონაცემების გაძლიერება სჭირდება, მსროლელებს (მშვილდი, თოფი) პულსის შემანელებელი პრეპარატების გამოყენება ურჩევნიათ, სამიზნეში უკეთ სასროლად.

ფაქტია, საჭირო გახდა ხელოვნური გზით წარმატების მიღწევის აღმოფხვრა სპორტში. თავიდან ეს მოვალეობა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს დაეკისრა. შემდეგ მოხმარების ინციდენტების სიხშირისა და საკითხისადმი ინტერესის გაღვივებასთან ერთად 1999 წელს შეიქმნა „მსოფლიო ანტი დოპინგური სააგენტო“ (WADA), რომლის პირდაპირი და ერთადერთი მოვალეობა, სწორედ დოპინგ-კონტროლია.

სამწუხაროდ უამრავი ცნობილი ადამიანი გამოესალმა კარიერას, ან უარეს შემთხვევაში სიცოცხლეს, დოპინგის მოხმარების გამო. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული, ჩვენს თანამედროვეობაში, ველომრბოლელი ლენს არმსტრონგის საქმეა. არანაკლებ ცნობილია, ბეისბოლის მოთამაშე, როჯერ კლემენსი, რომელიც ყველა დროის საუკეთესო ჩამწოდებელთა შორის მესამე ადგილზეა. მისი მფარველობა პირადად ჯორჯ ბუშმა ითავა, როდესაც კლემენსის საქმეს სასამართლოში განიხილავდნენ. გულშემატკივრები სრულ ფრუსტრაციას განიცდიან, როდესაც მათ კუმირზე ესმით, რომ დოპინგს იღებდა და მთელი მისი მიღწევები არაკეთილსინსისიერია, უბრალო ფარსი და სიცრუე. კლემენსს მოხმარება არ დაუმტკიცდა, თუმცა რეპუტაცია ბევრის თვალში შეელახა.

მიუხედავად, უამრავი მაგალითისა, თუ სადამდე მიიყვანა „თაღლითი“ სპორტსმენები დოპინგმა და როგორ დაუნგრია მათ ცხოვრება, საქართველოში შარშან, 2010-2013 წლის ანგარიშის მიხედვით 15-მა სპორტსმენმა მიიღო დისკვალიფიკაცია დოპინგის გამოყენებისთვის, საერთაშორისო ჩემპიონატებზე. პრეპარატების გამოყენება დაუმტკიცდათ: ძიუდოისტებს ირაკლი ცირეკიძეს და თენგიზ პოპიაშვილს, მორაგბე მიხეილ სუჯაშვილს, ბირთვის მკვრელ ბენიკ აბრამიანს, მოჭიდავე ბესარიონ გოჩაშვილს, ძალისმიერ სამჭიდში შოთა ომარაშვილს და გიორგი შეყლაშვილს, მკლავჭიდელებს ირაკლი გამთენაძეს, მერაბ კაკაბაძეს და გენადი კვიკვინიას, ძალოსნებს დავით გოგიას, რაულ ცირეკიძეს, ლაშა ტალახაძეს და შოთა მიშველაძეს. თითოეულ მათგანს 6-თვიდან, 2-წლამდე დისკვალიფიკაცია მიესაჯათ. 2013 წლის დასაწყისში, საქართველოს სპორტის სამყაროში ამ მოვლენამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა სამაგალითო ქართველი სპორტსმენებისთვის. 2014 წლის დასაწყისში, უკვე, ორ მოჭიდავეს, გიორგი ედიშერაშვილსა და ლევან არაბულს დაუმტკიცდათ დოპინგის მოხმარება.

ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ საქართველოში, ანტი-დოპინგური სააგენტო (GADA), მსოფლიო სააგენტოს გახსნიდან მალევე დაარსდა და 2001 წელს ევრო საბჭოს ანტიდოპინგურ კონვენციას შეუერთდა. დაარსების ინიციატორი პავლე კასრაძე იყო, რომელიც მხოლოდ წელს შეცვალა მისმა მოადგილემ, თემურ უკლებამ. მეტიც, თემურ უკლება არის, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონალური ანტიდოპინგური სააგენტოს თავმჯდომარე (წარსულში პავლე კასრაძე). რეგიონალური ანტიდოპინგური სააგენტო მოიცავს პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, საქართველო, მაკედონია, მოლდოვა და მონტენეგრო. GADA ანტიდოპინგურ შემოწმებებს, საქართველოს გარდა, ატარებს მეზობელ ქვეყნებში: სომხეთი აზერბაიჯანი და თურქეთი.

საქართველოში ანტი-დოპინგური სააგენტოს კარი ყოველთვის ღიაა, თუმცა საჭიროზე იშვიათად იღება. ოლიმპიური კომიტეტი ენდობა ანტიდოპინგურ სააგენტოს, თუმცა დოპინგის მოხმარების შემთხვევები მაინც ხშირია. უმთავრესი მიზეზი, რასაც ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელობა ასახელებს მათი სერვისის სიძვირეა. ამას მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო აკონტროლებს. დოპინგ-ტესტის ჩატარება მრავალსაფეხურიანი და საკმაოდ რთული პროცედურაა. მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო გასცემს ლიცენზიებს ლაბორატორიებზე და ეს ლიცენზია, მხოლოდ რამოდენიმე ლაბორატორიას აქვს, მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, საქართველოში აღებული სინჯი წესების დაცვით უნდა გაიგზავნოს ამ ლიცენზირებულ ლაბორატორიაში და ძალა მხოლოდ მათ პასუხს აქვს. მიუხედავად იმ რესურსისა, რაც საქართველოში გვაქვს - უამრავი ლაბორატორია, და მიუხედავად საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოსადმი დიდი ნდობისა საერთაშორისო სააგენტოს მიერ, არცერთი ქართული ლაბორატორია არ აკმაყოფილებს მოთხოვნილ სტანდარტებს.

დოპინგ-ტესტი შემდეგნაირად ტარდება: შესამოწმებელი პიროვნება არ უნდა გაფრთხილდეს წინასწარ, მასთან მიდიან ანტიდოპინგური სააგენტოს სპეციალურად გადამზადებული კადრები, იღებენ ანალიზს (შარდის) სპეციალურ კოლბაში, რომელიც შემდეგ ილუქება და იგზავნება ლაბორატორიაში. გაგზავნას თავისი ვადები აქვს, რადგან მასალა მალე ფუჭდება და საჭიროა სწრაფი მიწოდება ადრესატამდე. მასალის გაყალბების პრევენციის მიზნით, დოპინგ კონტროლის ოფიცრები პირადად ესწრებიან მასალის შეგროვების პროცესს. გუნდური სპორტის სახეობებში ძირითადად ლატარიის წესით ხდება შემოწმება. საერთაშორისო ჩემპიონატებზე და ოლიმპიურ თამაშებზე მოწმდება უკლებლივ ყველა მონაწილე სპორტსმენი.

პავლე კასრაძის თქმით 2013 წლის ინციდენტის შემდეგ რაგბის ფედერაციამ აქტიურად დაიწყო ანტიდოპინგურ სააგენტოსთან მუშაობა, თუმცა სხვა გუნდური სახეობების ფედერაციებს  თითქმის არ აქვთ შეხება სააგენტოსთან. თუმცა, იმავე წელს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამაც დაიწყო აქტიური თანამშრომლობა ანტიდოპინგურ სააგენტოსთან, ორმხრივი შეთანხმების გაფორმებით და ტესტირება ჩაუტარდათ რეგულარული ჩემპიონატის მონაწილეებს. ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელობა ზოგადად ფედერაციებთან თანამშრომლობის პრობლემებს გამოკვეთს, რომ ფედერაციები დოპინგ-ტესტს ზედმეტ ხარჯად მიიჩნევენ და უკიდურესი აუცილებლობის გარეშე, ცდილობენ თავი აარიდონ ამ პროცედურას, რადგან თითოეული სპორტსმენის შემოწმების ფასი სამნიშნა ციფრებით გამოისახება.

თავად სპორტსმენებში საკმაოდ დაბალია განათლების დონე დოპინგთან დაკავშირებით. მხოლოდ საზღვარგარეთ „გასულ“ სპორტსმენებს აქვთ  მიახლოებითი წარმოდგენა. ბევრ მოქმედ სპორტსმენს, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე არ გასულა არასდროს, დღემდე არცერთხელ ჩატარებია დოპინგ-ტესტი. ბევრი სპორტსმენი დოპინგის მიღებას იმ ყოველდღიური სტრესით ამართლებს, რაც მათ აქვთ დატვირთული ვარჯიშისა და შეჯიბრებების გამო. გამოკითხული 10 ქართველი სპორტსმენიდან არცერთმა არ იცოდა აკრძალული პრეპარატების ჩამონათვალი, ყველამ იცოდა, რომ დოპინგი აკრძალულია, რომ ზოგი სპორტსმენი იყენებს, ისიც იცოდნენ, რომ მომხმარებლები ინტერნეტის მეშვეობით უკვეთავენ მას, თუმცა არცერთმა იცოდა, რომ მარიხუანა დოპინგის კლასში გადის. ამერიკელი კალათბურთელები ქართველ სპორტსმენებზე ოდნავ უფრო გათვითცნობიერებულნი აღმოჩნდნენ, გამოკითხული 7 სპორტსმენიდან, ყველას პასუხი ერთი იყო: „კოლეჯში საკმაოდ კარგად გვასწავლეს რა არის დოპინგი და ამას ცხოვრებაში არ გავეკარები!“