IN VITRO VERITAS?

ნინია მაჭარაშვილი; სოფო დათუაშვილი

ეს 1978 წელს მოხდა, რაც დიდწილად ექიმის პატრიკ სტეპკოსა და ემბრიოლოგი რობერტ ეტუატსის დამსახურება იყო.

ახალდაბადებულ გოგონას ლიზა დაარქვეს, ის ამჟამად 35 წლისაა. ლიზამ რა თქმა უნდა იცის, რომ პირველი "სინჯარის" ბავშვია. რაც შეეხება საქართველოში ჩასახულ და დაბადებულ პირველ ინ ვიტრო ბავშვებს არავინ იცნობს, რადგან ასეთი გახლდათ მშობლების ნება. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ინ ვიტრო განაყოფიერების ალბათობა დაახლოებით 40-45 % პროცენტია ამ პროცესის წარმატებით განხორციელებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი დედის ასაკი და ემბრიონის ხარისხი. ნანა 16 წელია შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. სპეციალობით აღმოსავლეთმცოდნე კვირაში ოთხ თორმეტსაათიან სამუშაო დღეს ერთ-ერთ ნერვოლოგიურ კლინიკაში ინსულტების განყოფილებაში ატარებს, სადაც ექთნად მუშაობს. შტატებში ჩასვლიდან ორიოდ წელიწადში ნანამ მომავალი მეუღლე გაიცნო და ოჯახი შექმნა. რამოდენიმე წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ნანასთვის ცნობილი გახდა, რომ მისი ბიოლოგიური გზით შვილოსნობის შანსი ძალიან დაბალი იყო: „ძალიან დიდი გინეკოლოგიური გამოკვლევები გავიკეთე-მეთქი, რომ გითხრათ - არა, მაგრამ, არანაირი მაჩვენებელი არ იყო იმისა, რომ მე რაიმე პრობლემა უნდა მქონოდა. მერე, როცა უკვე ასაკის გამო კრიტიკულ ფაზაში შევედი, ძალიან გამოწყვლითი გამოკვლევა ჩავიტარე და აღმოჩნდა, რომ.. არსებობს საშვილოსნოს მჟავიანობა, და ეს მქონდა ძალიან მაღალი და ფაქტიურად განაყოფიერებისთვის არახელსაყრელ გარემოს ქმნიდა საშვილოსნოში და ასეთ საშვილოსნოს ხალხურად "არასტუმართმოყვარე" საშვილოსნოს ეძახიან“. ინ ვიტრო განაყოფიერების შესახებ ნანას ნათესავები და მეგობრები საქმის კურსში არ ჩაუყენებია: „ეს უფრო ქართული სინამდვილისთვის დამახასიათებელი თვისებებია, ასეთ პრივატულ საკითხზე ვინმეს აზრი იკითხო გარდა შენი და შენი მეუღლისა, და გაინტერესებდეს ზოგადად. მე მაგალითად არ მაინტერესებდა. არავის აზრი არ მიკითხავს, არავინ არ ჩამირევია გადაწყვწტილებაში, რასაც ჩემი ოჯახის მომავალი ერქვა“. ინ ვიტრო განაყოფიერების რამოდენიმე წარუმატებელი ცდის შემდეგ ნანამ პროცედურები შეწყვიტა: „პრობლემა იყო ის, რომ უკვე განაყოფიერებული კვერცხუჯრედი კვდებოდა. ეს ჩემი კონკრეტული შემთხვევა იყო. და საკმაოდ მტკივნეულიც იყო. ეს ზუსტად ის შემთხვევა იყო, როცა ორი ან სამი ცდის შემდეგ თავად გეუბნებიან ექიმები, რომ აზრი არ აქვს. აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ შენ ფსიქოლოგიურად, ემოციურად იტვირთები, მერე ვებერთელა სტრესის ქვეშ ხარ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ პრე, ჰორმონალურ მკურნალობაზე, რომელიც უნდა გაიარო ინ ვიტროს წინ. ინ ვიტროს დაახლოებით 70-დან 80 %-მდე ამერიკის სინამდვილეში წარმატებულია. ჩემი შემთხვევა გამონაკლისი იყო და ასეთი გამონაკლისები სამედიცინო სამყაროში ძალიან ბევრია“. ქართულ საზოგადოებაში ინ ვიტრო განაყოფიერების შესახებ აზრი ორად არის გაყოფილი. თუ კი საზოგადოების ნაწილი მედიცინის ამ მიღწევაში ხსნას ხედავს, სხვებისთვის ეს მიუტევებელი ცოდვაა: „თუ შენ მორწმუნე ხარ და გჯერა, რომ ლოცვით მოგეცემა, მე არაფერი მაქვს ამის არც გასაკრიტიკებელი, არც განსაქიქებელი, მაგრამ, იგივეს ვითხოვ ჩემს მიმართაც, როდესაც მე ვამბობ, რომ არ მაინტერესებს სხვა რას იტყვის. ვიღაცას სჯერა, რომ ევა ადამის ნეკნისგანაა გაჩენილი, ვიღაცას სჯერა, რომ დიდი ოჯახის თეორია არსებობს, მაგრამ, მე მჯერა, რომ სანამ სიცოცხლე არსებობს, ყოველთვის ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ახალი სიცოცხლე გაჩნდეს, ვიღაცამ ლოცვით, ვიღაცამ მარხვით, ვიღაცამ ინ ვიტროთი“

 ჩვენს კითხვებს პასუხს ორი რესპონდენტი გასცემს. პირველი ბოლნისის ღვთისმშობლის ტაძრის მღვდელმსახური ილია ჭიღლაძეა. მეორე კი ექიმი-რეპროდუქტოლოგი ია ხიზანიშვილი.

ნ.მ: საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ეწინააღმდეგება ინ ვიტრო განაყოფიერებას. იქნებ, განგვიმარტოთ ამის მიზეზები. ილია ჭიღლაძე: ეკლესია ყოველთვის იღებს სამედიცინო დახმარებას და არ არის წინააღმდეგი სამედიცინო დახმარებისა, მაგრამ იგი წინააღმდეგია განსაკუთრებული არაბუნებრივი ჩარევებისა ადამიანის ორგანიზმში. როდესაც ხელოვნურ განაყოფიერებაზე ვსაუბრობთ, უნდა ვახსენოთ რომ არის რამდენიმე ფორმა ხელოვნური განაყოფიერებსა. ეკლესიისათვის კატეგორიულად მიუღებელია სუროგაციის ფორმა და ინ ვტრო განაყოფიერების ისეთი ფორმა, როდესაც ხდება მრავალი კვერცხუჯრედის განაყოფიერება, ანუ ზიგოტის, ემბრიონის მიღება. შემდეგ ერთის ან ორისთვის სიცოცხლის მინიჭება და დანარჩენების განადგურება. რადგანაც ქრისტიანული ღვთიმეტყველებისათვის, განაყოფიერებული კვერცხუჯრედი, ანუ იგივე ზიგოტა, არის უკვე ადამიანის სხეულისა და სულის ერთობლიობა. რუსეთის ეკლესიამ რამდენჯერმე ღიად განაცხადა, რომ მათთვის მისაღებია მეუღლეთა შორის იმ შემთხვევაში, თუ არ ხდება ემბრიონთა განადგურება და მხოლოდ ერთის, ან ორი ემბრიონის განვითარება. ეკლესიური პოზიციით ეს არის იგივე აბორტები.

ნ.მ: ჩვენ ვესაუბრეთ ექიმ რეპროდუქტოლოგს, რომელმაც აბსოლუტურად გამორიცხა ერთის ხარჯზე მრავალი ემბრიონის განადგურება ინ ვიტრო განაყოფიერების დროს.

ილია ჭიღლაძე: ზოგადად, რა თქმა უნდა, მედიცინას ხელეწიფება გაანაყოფიეროს ერთი კვერცხუჯრედი და მას მისცეს საშუალება სიცოცხლის. უბრალოდ, პრაქტიკაში ხდება რომ, ძირითადად, იმისათვის რომ თავი დაიზღვიონ ზედმეტი ცდისა და ფინანსების ხარჯვისაგან, დაინერგა მრავალი კვერცხუჯრედის განაყოფიერება და მერე ერთის შერჩევა, გადარჩენა.

ნ.მ: ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ თუ ქალის ორგანიზმში მხოლოდ ერთ ზიგოტას განათავსებენ მაშინ დასაშვებია ინ ვიტრო განაყოფიერება?

ილია ჭიღლაძე: დიახ, როდესაც ეს მოხდება მეუღლეთა შორის ყოველთვის. შეიძლება ითქვას რომ მისაღებია როგორც განსაკუთრებული გამონაკლისი. ეკლესიისთვის მიუღებელი იქნება ხელოვნური განაყოფიერება არამეუღლეთა შორს.

ნ.მ: არამეუღლეთა შორის მიღებულ ხელოვნური განაყოფიერებაში რა პრობლემა შეიძლება დავინახოთ?

ილია ჭიღლაძე: ეკლესიისათვის შვილიერება ლეგალურია მხოლოდ მეუღლეთა შორის. არამეუღლეთა შორის სქესობრივი კავშირი, რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით ცოდვათ ითვლება ქრისტიანული ღვთისმეტყველებით. იწოდება არარჯულიერ შვილად, ანუ რჯულიერი ქორწინების გარეშე დაბადებულ შვილად. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი მომდევნო სტუმარია ექიმი - რეპროდუქტოლოგი, ია ხიზანიშვილი:

ნ.მ: რამდენი ხანია რაც ჟორდანიას ინსტიტუტი მუშაობს ინ ვიტრო განაყოფიერებაზე და მთელი წლის მანძილზე, დაახლოებით, რამდენ ბენეფიციარს ეხმარებით ხელოვნური განაყოფიერების გაკეთებაში?

ია ხიზანიშვილი: ჟორდანიას ინსტიტუტი, როგორც რეპროდუქციის სახის ინსტიტუტი, არსებობს 50 წელზე მეტია. რაც შეეხება ინ ვიტრო განაყოფიერებას, ის აქ13 წელია წარმოებს. ინ ვიტრო განაყოფიერებისათვის ჟორდანიას ინსტიტუტს წელიწადში 500-დან 800 პაციენტამდე მომართავს.

ნ.მ: ჯანმრთელობის რა პრობლემების გამო მომართავენ ინ ვიტრო განაყოფიერებას წყვილები?

ია ხიზანიშვილლი: მიზეზი დღესდღეობით საკმაოდ ბევრია. ბევრი დაავადება, რომლებსაც ადრე განუკურნებლად მიიჩნევდნენ ან სჭრდება ქირურგიული ჩარევა, მაგალითად, ენდომეტრიოზი, დღეს ასევე ინ ვიტრო განაყოფიერების გაკეთებას ექვემდებარება. პირველ რიგში წყვილი გვიყვება თავის ანამნეზს, შემდეგ ტარდება ლაბორატორიული გამოკვლევები, რომლლის შედეგადაც ვადგენთ, რა სახის უშვილობასთან გვაქვს საქმე. პირველი, რის გამოც არის ინ ვიტრო განაყოფიერება შემოსული, ეს არის მილისმიერი უშვილობა. როდესაც ქალს რაიმე მიზეზის გამო აქვს მილისმიერი უშვილობა, ერთადერთი გამოსავალი ამ დროს არის ინ ვიტრო განაყოფიერება. შემდგომში, შეიძლება იყოს ჰორმონალური დარღვევა, მამაკაცის სპერმატოგენეზის დარღვევა. ძალიან ხშირად, მამაკაცის უშვილობა, ეს იქნება აზოოსპერმია თუ სხვადასხვა სახის სპერმატოგენეზის დარღვევა, საკმაოდ გაუტოლდა ქალის პათოლოგიებს. თავიდან მხოლოდ ქალები მომართავდნენ ხოლმე დახმარებას და რატომღაც, მამაკაცები თვლიდნენ, რომ მათ პრობლემა არ აქვთ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ 21-ე საუკუნის მიღწევაა ის, რომ მამაკაცებმა აღიარეს, რომ მათაც აქვთ პრობლემები, რომ შვილი წყვილით უნდა შეიქმნას. ამის გამოა, რომ მამაკაცთა უშვილობის პროცენტმა მოიმატა საკმაოდ.

ნ.მ: თუ შეგიძლიათ ავუხსნათ მსმენელს თუ რა პროცედურებთან არის დაკავშირებული ინ ვიტრო განაყოფიერება?

ია ხიზანიშვილი: ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის იწერება გეგმა. ამისათვის პაციენტი მოგვმართავს ციკლის მეორე-მესამე დღეს და ინიშნება მედიკამენტები, ე.წ, გონადოტროპინები, რომლის საშუალებით ხდება ოვულაციის ინდუქცია. უფრო სწორად, რამდენიმე ფულიკულის მომწიფება, რომელშიც არის კვერცხუჯრედები. როდესაც მათი ზომა და ჰორმონალური მაჩვენებელი მიაღწევს იმ დონეს, რა დონესზეც უკვე ექიმი მიზანშეწონილად თვილის, რომ ჩაატაროს პუნქცია, ხუთწუთიანი ანესთეზიის საშუალებით ხდება მომწიფებული ფულიკულებიდან კვერცხუჯრედების ამოღება. ამავე დროს მეუღლე ან დონორი ღვრის სპერმას და სპერმატოზოიდებს კვერცხუჯრედებთან ახვედრენ. არსებობს ორი მეთოდი. კლასიკური მეთოდი - როდესაც ისე ხდება მათი შეხვედრა, როგორც ბუნებაში, ერთ სინჯარაში. სწორედ ამიტომ ჰქვით მათ სინჯარის ბავშვები და სხვა არანაირი დატვირთვა ამ სიტყვას არ აქვს. და მეორე, როცა არის მძიმე ოლიგოსპერმია, ანუ სპერმატოზოიდების რაოდენობა არის მხოლოდ ემბრიოლოგის ამოსარჩევი, როგორც მორფოლოგიურად, ასევე ვიზუალურად. ამ შემთხვევაში ხდება თითო-თითო სპერმატოზოიდის შეყვანა კვერცხუჯრედში. ამ პროცედურას ჰქვია იქსი მეთოდი, ანუ ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია.

ნ.მ: რა შემთხვევაში შეიძლება არ შედგეს ინ ვიტრო განაყოფიერება? რა რისკებთან არის დაკავშირებული სასურველი შედეგის მიღება?

ია ხიზანიშვილი: როგორც მოგახსენეთ, ციკლის მეორე დღეს ვიწყებთ წამლებით ოვულაციის ინდუქციას, რასაც შეიძლება მოჰყვეს ბევრი ფულიკულის მომწიფება, განსაკუთრებით ახალგაზრდა და გამხდარ გოგონებში. ამდენად, მას შეიძლება ახლდეს ისეთი გართულება, როგორიც არის გიპერსციმულაცია. დღეს არსებობს ათასგვარი საშუალება რომ ეს თავიდან ავიცილოთ, ამიტომ ნაკლებად გვაქვს ამისი შიში. მეორე - პუნქციის დროს, რადგან ეს არის მცირე ინვაზიური პროცედურა და შეიძლება მოხდეს სისხლდენა. ესეც ძალიან იშვიათია და კლინიკაში მსგავსი შემთხვევა არ გვქონია. შემდგომში, შეიძლება უკვე შემდგარი ორსულობა დადგეს არა საშვილოსნოში, არამედ საშვილოსნოს გარეთ, მაგალითად, მილში. ეს როგორც ბუნებაში ხდება გარე ორსულობა, ჩვენს შემთხვევაშიც დასაშვებია. შეიძლება იყოს თვითნებითი აბორტი, ანუ შეწყდეს ჩვენი ორსულობა. ესეც იგივე პოპულაციაში ხდება, როგორც ფიზიოლოგიური ორსულობის დროს.

ნ.მ: საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ეწინააღმდეგება ინ ვიტრო განაყოფიერებას. ეს მათ უკანასკნელ ეპისტოლეშიც გამოიხატებოდა. მათი ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ მრავალი ემბრიონი ერთის გადასარჩენად იღუპება. რა კომენტარს გაუკეთებდით მათ განცხადებას?

ია ხიზანიშვილი: პირველ რიგში, დავპატიჟებდი ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურაზე დასასწრებად, თუნდაც იმ ადამიანს, ვინც ამას ეწინააღმდეგება. მეორე, არავის გადასარჩენად არავის განადგურება არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს, იმიტომ, რომ ერთი მეორეს არანაირად არ უშლის. ეს არის უმცირესი ორგანიზმი, რომელსაც ესაჭიროება მცირე რაოდენობა ნიადაგის რომ იარსებოს,მცირე ტერიტორია, რომ იყოს შენახული თუნდაც საშვილოსნოს ღრუში გადასატანად. ამიტომ, არავინ არავის განადგურება არავის გადასარჩენოდ საერთოდ ბუნებაში არ არის საჭირო.