’’ღმერთს გარეუბნის ბომჟებთნ იპოვნი, რადგანაც ტაძარში მოძღვრები არიან’’

ნინო ჯაფარიძე

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ უსახლკარო პირი  ეს არის მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში რეგისტრირებულია, როგორც უსახლკარო.  დღეს ასეთი ადამიანების რიცხვი საქართველოში უამრავია.

 

რამდენად ახერხებს  სახელმწიფო საერთაშორისო  ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, შესწევს კი მას უნარი დაიცვას ამ ადამიანების უფლებები?! ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ქვეყანაში დღემდე არ არსებობს უსახლკარო პირთა სტატისტიკა. არ არსებობს სტრატეგიაც რომელიც ამ ადამიანების პრობლემის გადაჭრის წინაპირობა იქნებოდა.

 

გურამი 61 წლისაა. სოხუმიდან არის. ჯერ ფაბრიკაში მუშაობდა ქალაქის ცენტრში. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ კი ბაზარში დასაქმდა. ჯერ სუნელებს ყიდდა ბაზრის  შესასვლელთან, შემდეგ კიცელოფნებს ბაზრის კიბეებთან. მისი თქმით დეზერტირების ბაზრის დანგრევის შემდეგ საქმე ვერ აეწყო და იძულებული გახდა სხვა რამე ეკეთებინა. ხან ტვირთი გადაჰქონდა სადგურზე, ხანაც კი ფიზიკურად მუშოაბდა ელიავაზე: ’’

 

ბაზარში რომ ბიზნესი ამწყობოდა დღეს უკეთეს პირობებში ვიქნებოდი, მაგრამ ბედის მჯერა. ასე იყო ალბათ საჭირო და ჩემი ყოფით არასდროს ვწუწუნებ.’’ დევნილი და სოციალურად დაუცველი პირი, რომელსაც არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი დღეს უსახლკაროა . 2011 წლამდე სარგებლობდა როგორც დევნილის ასევე სოციალურად დაუცველი პირის სტატუსით, მაგრამ ერთხელაც მორიგი შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ უფლება, ერთდროულად ყოფილიყო დევნილიც, სოციალურად დაუცველიც  და უსახლკაროდ მყოფი პირიც არ ჰქონდა.

 

როგორც თავად ამბობს, აგერ უკვე მეოთხე წელია რაც  დინამოზე, აკაკი წერეთლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მუყაოსგან გაკეთებულ გადახურულში ცხოვრობს. ბევრჯერ მიმართა სახელმწიფოს. ხან წერილით, ხან თხოვნით ხანაც მუქარით. ჯერ საცხოვრებელს ითხოვდა, შემდეგ შემწეობას, ბოლოს კი იმ დახმარების აღდგენას რომელიც 2011 წელს შეუწყვიტეს, მაგრამ უშედეგოდ.

 

’’დევნილთა სამინისტროში მითხრეს, რომ ჩემს კუთნილ დახმარებას - 28 ლარს ვეღარ მივიღებდი, რადგანაც უკვე ვსარგებლობდი სოციალური შემწეობით - 30 ლარით. ან ერთი უნდა ამერჩია ან მეორე. მეც სოციალურად დაუცველი პირის სტატუსი ვარჩიე, რადგანაც ეს დახმარება 2 ლარით მეტი იყო.’’

 

ვალია ისაკაძე 69 წლისაა. ის არც დევნილია და არც სოციალურად დაუცველთა სიაში ირიცხება. თუმცა სტაბილური თავშესაფარი არც მას აქვს. დღისით ბოთლებს აგროვებს, ღამით კი გასათევის ძიებაშია. როგორც თავად ამბობს, წლების მანძილზე დიდუბეში, მაუდის ქარხნის ნანგრევებში ეძინა, მაგრამ მას შემდეგ რაც ეს ადგილი უცნობმა ინვესტორმა შეიძინა და ფართს დაცვა აუყვანა, იქიდან გამოაძევეს.

 

ისაკაძის თქმით დღე მალე გადის: ‘’დავდივარ, ჯერ ბოთლებს ვეძებ, მერე ვაბარებ, მერე კიდევ ვეძებ და კიდე ვაბარებ. ძაანაც რო ციოდეს ხურდები. აი ღამე კი ძნელია, ხო ვერ ივლი ღამე, ღამე იმისაა დაიძინოს კაცმა, მარა სად გინდა დაიძინო ამ ყინვაში, გასათევი მაინც იყოს.’’

ბრიტანული გაზეთის გარდიანის მონაცემებით მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი უსახლკარო პირია.

 

 ნიგერია, პალესტინა, ფილიპინები, რუსეთი და ინდონეზია ის ქვეყნებია, სადაც უსახლკარო პირთა საერთო რაოდენობა 50 მილიონს აჭარბებს. მთლიან ევროპაში კი მხოლოდ სამი მილიონი ადამიანია უსახლკაროდ დარჩენილი. გარდიანი ამბობს, რომ უსახლკარო პირთა პრობლემა პირდაპირ ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟზე მეტყველებს. ისეთ ქვეყნებში როგორიცაა შვეიცარია, ისლანდია, ნორვეგია, ბელგია და ახალი ზელანდია უსახლკარო პირები განსაკუთრებული პრიორიტეტებითაც კი სარგებლობენ.

 

გარდა იმისა, რომ მათ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თავშესაფარი და კვება უზრუნველყოფილი აქვთ, შესაბამისი შემწეობითაც სარგებლობენ. გადიან სპეციალური გადამზადების კურსებს, რომელიც ამარტივებს მათ დასაქმებასა და შემდგომში საზოგადოებაში ინტეგრირების პროცესს. საქართველო კი ერთ-ერთი ის სახელმწიფოა, სადაც უსახლკაროთა პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას. თბილისის ქუჩები სავსეა უსახლკარო ადამიანებით, გაზაფხული, ზაფხული , შემოდგომაც და ზამთარიც მათთვის წელიწადის ერთი და იგივე დროა, რადგანაც არც ზაფხულის სიცხე და არც ზამთრის სიცივე მათ ადგილმდებარეობას არ ცვლის. უმეტესობას ქუჩებში სძინავთ.ზოგს პარკებით და მუყაოს ყუთებით აშენებულ გადახურულში, ზოგს კი პირდაპირ ავტობუსის გაჩერებაზე. ვისაც როგორ უხერხდება.

 

სახელმწიფოს არ გააჩნია პრობლემის გადასაჭრელი არავითრი სტრატეგია,თუმცაჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ წლევანდელი ზამთარი პრობლემის მოგვარების დასაწყისად შეიძლება იქცეს.

 

13 დეკემბერს, მოსკოვის პროსპექტზე დროებითი საგანგებო თავშესაფარი გაიხსნა. ის ზამთრის ბოლომდე იფუნქციონირებს. პროექტი საქართველოს მთავრობის, რეგიონული განვითარების, და ინფრასტრუქტურის სამინისტროების დახმარებით განხორციელდა. ამ ეტაპზე თავშესაფარში სამოცამდე კარავია, რომელიც დღე ღამის განმავლობაში 120 ადამიანის შენახვას, გამოკვებას, ჰიგიენური ნივთებითა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფს. საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით მსგავსი თავშესაფრები საქართველოს სხვა ქალაქებში -ც ქუთაისსა და ბათუმში უნდა გაიხსნას.

 

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის, გია კაკაჩიას თქმით ამ ეტაპზე, საქართველოში დაახლოებით 460 ათასი უსახლკარო ადამიანია. ცივმა ზამთარმა და ტემპერატურის უეცარმა დაცემამ საგრძნობლად იმოქმედა სახელმწიფოს გეგმებზე, მაგრამ პროექტი, რომელიც უსახლკარო ადამიანებისთვის ორი სტაბილური თავშესაფრის გახსნას გულისმობს 2014 წლის ბოლოსთვის მაინც დასრულდება.