ნაცრისფერი ზონა - სტიგმა და შიდსი

ნინია მაჭარაშვილი; სოფო დათუაშვილი

შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდი თბილისის ცენტრში, ერთ პატარა და ხმაურიან ქუჩაზე მდებარეობს. მყუდრო, ფართოფანჯრებიან ოთახებში, ქუჩიდან მანქანების ხმაური და საყვირის ხმა აღწევს. აქ ადამიანები სტიგმისა და საზოგადოების მხრიდან დისკრიმინაციისაგან თავის დასაღწევად იკრიბებიან. მათთვის საზოგადოებრივი აზრი გაცილებით საშიში რამ არის, ვიდრე თავად ვირუსი. სწორედ საზოგადოებრივი აზრის, გარიყვისა და დისკრიმინაციის გამო არ სურთ აივ დადებითების დიდ ნაწილს გაამჟღავნონ თავიანთი სტატუსი.

ფსიქოთერაპევტი და სოციალური მუშაკი გიორგი წოწკოლაური, ამბობს, რომ დეპრესიისა და თვითსტიგმატიზაციის რისკი გაცილებით მაღალია იმ ადამიანებში, რომლებიც საკუთარ სტატუსს დიდი ხნის განმავლობაში მალავენ.

„რაც უფრო გვიან მიმართავს დახმარების ფონდს ადამიანი და გვიან გაამხელს თავის სტატუსს, მით უფრო ჩაკეტილი ხდება. თუ პირველი ექვსი თვის მანძილზე არ გაუმხელს აივ-დადებითი თავის სტატუსს ვინმეს, მაშინ რისკია, რომ დეპრესია განვითარდება. მას ეშინია დისკრიმინაციის, თუ როგორ მიიღებენ მას. არის შემთხვევები, როცა არ უწევენ სამედიცინო დახმარებას, რიყავენ მეგობრები. უამრავი ღონისძიება ჩატარდა რომ ხალხს გაეგო, თუ როგორ ვრცელდება აივ ინფექცია, მაგრამ დისკრიმინირება მაინც ხდება. ისეთი შემთხვევებიც გვაქვს, როცა მოგვმართავენ აივ-დადებითები და გვთხოვენ, რომ არავის შევახვედროთ. არა მარტო ჩვენი თანამშრომლების გაცნობის სურვილი არ აქვთ, არამედ არც სხვა აივ-დადებითების.

ნათია შიდსით დაავადებულთა დახმარების ცენტრში გავიცანით. როგორც თავად გვითხრა, შიდსზე ლაბორატორიული კვლევის ჩატარება წონაში სწრაფმა კლებამ გადააწყვეტინა. პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ანონიმურობის დაცვის მიზნით, რეპონდენტის სახელი და ხმა შეცვლილია.

ნათია: „ჩემი ისტორია სხვების ისტორიებისგან რამდენადმე განსხვავებულია. მე ვიცოდი, რომ ჩემი მომავალი მეუღლე ინფიცირებული იყო და ამას ხელი არ შეუშლია მის მიმართ სიყვარული გამნელებოდა, ან უარი მეთქვა მის ცოლობაზე. გავყევი მას. გვყავს შვილი ერთი. ახლა მეორეს ველოდებით. თავდაცვის გარეშე ვიცხოვრეთ და ასე დავინფიცირდი. მართალი გითხრათ, ამაზე საშინელი რექცია არ მქონია. სიმპტომებს რაც შეეხება, წონში დავიკელი. ჩემი მეუღლის ოჯახის წევრებმაც იცოდნენ და დღე ჩემებმაც იციან. მათ რაიმე განსაკუთრებული რეაქცია არ ჰქონიათ. ტრაგედია არ შექმნილა. დედაჩემმა განიცადა ყველაზე მეტად. ყველანი გვერდში მიდგანან დღეს.“

2013 წლის 5 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია აივ ინფიცირების 4000 მეტი შემთხვევა. მათ შორის 3000-ზე მეტი მამაკაცი და 1000-მდე ქალია. მათი საშუალო ასაკი 29 -დან 40 წლამდე მერყეობს. ბოლო მონაცემებით, 1730 ადამიანი აივ მკურნალობას გადის. მათგან 41 ბავშვია. მიუხედავად სახელმწიფო სამსახურებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული აქციებისა, რომლებიც საზოგადოების აივ-ინფიცირების შესახებ ინფორმირებას ისახავდა მიზნად, ადამიანის უმეტესობისთვის ეს დაავადება, ჰომოსექსუალობასთან, სექმუშაკებთან და ნარკომანიასთან ასოცირდება. ეს ყველაფერი სტიგმის გამყარებას, აივ დადებითების გარიყვასა და თვითიზოლაციას უწყობს ხელს.

გიორგი წოწკოლაური: „როდესაც აივის დიაგნოზი დამისვეს და ქუჩაში მივდიოდი, მეგონა მთელი ქუჩა მე მიყურებდა და იცოდნენ ჩემი სტატუსის შესახებ“ - გვიხსნის გიორგი წოწკოლაური. „ძირითადად სირცხვილის მომენტები ქალბატონების მხრიდან მოდის. გავრცელებული სტერეოტიპის მიხედვით, შიდსი აუცილებლად უნდა ჰქონდეს მეძავს, ჰომოსექსუალს ან ნარკომანს. ერთ-ერთი ქალბატონის სიტყვები რომ გავიხსენო, - მე ვარ კარგი ოჯახის შვილი. მე ეს როგორ დამემართა. ახლა რას იფიქრებენ ჩემზე. ამ შემთხვევაში, თვითსტიგმატიზაციასთან გვქონდა საქმე.“

თანამედროვე მედიცინის პირობებში, აივ ინფექცია კონტროლირებადია. სათანადო მკურნალობს შედეგად, აივ დადებითები საზოგადოების სრულფასოვან წევრებად გვევლინებიან, განაგრძობენ ცხოვრებას ჩვეულ რიტმში, ქმნიან ოჯახებს. ხოლო სწორი თერაპიის შემთხვევაში, მათ შვილებს დაინფიცირების საფრთხე არ ემუქრებათ.

გიორგი წოწკოლაური: „აგრესია ნაკლებად, უფრო გული სტკივათ ხოლმე. ისეთი სტიგმის შემთხვევაში, როგორიცაა მაგალითად სამედიცინო მომსახურების არგაწევა - ნებისმიერი ქირურგიული, სტომატოლოგიური, გენოკოლოგიური და ასე შემდეგ. დედამ თუ შვილი არ მიიღო და ასე შემდეგ. გული სტკივათ ხოლმე ძალიან. ზოგს იმიტომ არ სურს თავისი სტატუსის გაგება, რომ გარიყვის ეშინია, ეშინიათ არ დაკარგონ მათთვის ძვირფასი ადამიანები. ზოგს სურვილი აქვს ჩამოიხსნას ნიღაბი და პირდაპირ თქვან - იმიტომ კი არ ვმალავ რომ მრცხვენია, არამედ იმიტომ, რომ ეს შენთვის არის მიუღებელი.“

ცალკეული პირების მიმართ სტიგმატიზაციისა და დიკრიმანაციის გამოვლინება, მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ოჯახისა და საზოგადოების მხარდაჭერაზე. ისევე როგორც, თავად ინფიცირებულთა პერსონალურ განწყობაზე. საკუთარი სტატუსისა და სექსუალური ორიენტაციის შესახებ მათი გახსნილობის ხარისხზე. ნათია კარგი მაგალითია იმისა, თუ რა მნიშვნელოვანია ადამიანის შინაგანი განწყობა, ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხარდაჭერა, იმისთვის, რომ ცხოვრება ჩვეულ რიტმში განაგრძოს და თვითსტიგმატიზაციას დააღწიოს თავი.

ნათია: „ჩემთვის უკეთესი იყო გამეგო ჩემი სტატუსი და მერე მიმეხედა საკუთარი ჯანმრთელობისთვის. ცენტრში მოსვლის მიზეზი იყო, რომ გამეცნო ჩემნაირი ადამიანები, გამეგო მათ აზრები, რას განიცდიდნენ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ჩემი დეპრესია მინიმუმ ორი-სამი თვე გაგრძელდა. ისიც მაშინ, როდესაც მკურნალობა დავიწყე. ეს ამბავი დღესაც არ მანერვიულებს და სწორედ ეს მინდოდა გამეზიარებინა აივ დადებითებისათვის.“

  პროექტი ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში“ ჰქვია. ჩვენი სტუმარი შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის დირექტორი იზა ბოდოკიაა.

ს.დ: გვიამბეთ თქვენი ორგანიზაციისა და მისი საქმიანობის შესახებ:

იზა ბოდოკია: ჩვენი ორგანიზაციად აარსდა 1998 წელს, რომელმაც გააერთიანა აივ ინფიცირებულები. გადავწყვიტეთ, რომ დრო იყო არასამთავრობო ორაგანიზაცია დაარსებულიყო და მათი უფლებები ჩვენ დაგვეცვა. კანონი და სახელმწიფო ერთია, მაგრამ მათ ამას გარდაც სჭირდებოდათ დაცვა. რაც არ უნდა ველაპარაკო მათ თავიანთ პრობლემებზე, როდესაც ერთ პოზიციაზე დგას ორი ადამიანი, იმისი ბევრად სჯერა. ჩვენი ფონდის ეფექტი სწორედ ეს არის. აქ დასაქმებულები არიან აივ ინფიცირებულები, რომლებმა უკვე გაიარეს ეს ეტაპი, რაც მათთვის მძიმე იყო და ადვილია მათთვის ახალ ინფიცირებულებთან მუშაობა. მათი უფრო სჯერათ.

ს.დ: როგორ უკავშირდებით ადამიანებს, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ?

იზა ბოდოკია: ჩვენი საკონსულტაციო ცენტრებია ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში და თბილისში. ქალაქებში, სადაც ყველაზე მეტი ბენეფიციარია, ჩვენი ცენტრები არის. ჩვენი თანამშრომლები ზუსტად ისე მუშაობენ იმ ქალაქებში, როგორც თბილისში.

ს.დ: რა სახის პრობლემებს აწყდებიან ყველაზე ხშირად თქვენი ბენეფიციარები საქართველოში?

იზა ბოდოკია: დავუშვათ სტომატოლოგმა არ მიიღო, პრობლემა გვაქვს სამშობიაროში, საავადმყოფოში მისი სტატუსი გაამხილეს. ან უსიამოვნებაა ოჯახში ცოლ-ქმარს შორის, ოჯახის წევრებს შორის. იმიტომ რომ სტიგმა და დისკრიმანაცია საზოგადოებაში ძალინ მწვავეა. დიდი ნაწილი ერიდება, მაინც შიში აქვთ, ერიდებათ რომ ისეთი დაავადება აქვთ, რომ ჰაერ-წვეთოვანი გზით გადავიდეს. საზოგადოება ამ ადამიანებს ისე არ იღებს, როგორც მაგალითად, ონკოლოგიური სახის დაავადებების მქონეებს. მითუმეტეს, რომ ყველაზე ნაკლებად საშიშია გადადების მხრივ.

ს.დ: როგორია სტატისტიკა? გაიზარდა მომართვიანობა თუ არა? ასევე გვაინტერესებს, სახელმწიფო აფინანსებს თუ არა შიდსზე ლაბორატორიულ გამოკვლევებს?

იზა ბოდოკია: ეპიდემიის საშიშროება არ არის, თუმცა აღინიშნება სტაბილური ზრდა. დაუშვათ, თვეში 30-დან 35-მდე ახალი ინფიცირება. სახელმწიფო პროგრამით ადრე 2000 ადამიანი იკვლეოდა უფასოდ. 3 წლის წინ უფასო პროგრამები შემცირდა და ახლა თვეში უფასოდ 700 ადამიანის გამოკვლევის უფლება გვაქვს. გამოკვლეული ადამიანების რაოდენობა ნაკლებია. ვთვლი, რომ ორჯერ მეტი მაინც იქნებოდა, ჩვენ რომ მეტი ადამიანის გამოკვლევის საშუალება გვქონდეს.

ს.დ: ყველაზე ხშრად რა შეკითხვებით მოგმართავენ აინვ ინფიცირებულები?

იზა ბოდოკია: როდესაც თავიანთი სტატუსის შესახებ იგებენ ინფექციურ საავადმყოფიოში, ზოგი დაბნეულია, ზოგს სტრესული მდგომარეობა აქვს. ბევრმა არ იცის ამ დაავადების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია. სხვადასხვა რეაქცია აქვთ. მაგალითად, ზოგი გვეკითხება რამდენ ხანში მოვრჩები. ზოგი გვთხოვს სხვა ინფიცირებულებთან შეხვედრას. ბევრს არავის დანახვა არ უნდა. ის უნდა მოემზადოს იმისათვის, რომ განეწყოს სხვასთან შესახვედრად.

ს.დ: რა პრობლემებს აწყდებიან აივ ინფიცირებულები სამედიცინო დაწესებულებასთან ურთიერთობის დროს?

იზა ბოდოკა: ორი შემთხვევა გვონდა საავადმყოფოში, როდესაც სტატუსი გამჟღავნდა. დღეს სასამართლოში გვაქვს საქმე შეტანილი. ვთვლით, რომ ის ორგანიზაციები უნდა დაისაჯონ. ჯერჯერობით სამედიცინო დაწესებულების სახელს არ გავამჟღავნებ. მეორე შემთხვევა მქონდა სამშობიაროში. აივ ინფიცირებულს მშობიარობამდე ერთი კვირით ადრე სამმა სამშობიარომ მომსახურებაზე უარი უთხრა.

ს.დ: როგორც ვიცით, კანონი არ ავალდებულებთ აივ ინფიცირებულებს, რომ გაამხილონ სტატუსი სამედიცინო დაწესებულებებში. რა ხდება ამ მხრივ მშობიარობის დროს?

იზა ბოდოკია: მშობიარობის დროს არ შეიძლება არ გაამჟღავნო. შესაძლოა საკეისრო კვეთაა საჭირო, გადასხმაა საჭირო. შეიძლება ბავშვს სჭირდება პირველივე დღეს ანალიზის ჩატარება. მკურნალობის შედეგად, ბავშვები ჯანმრთელები იბადებიან, მაგრამ გარანტირებული არ არის. კანონი მართლაც ნებას რთავს ადამიანებს საიდუმლოდ შეინახონ თავიანთი სტატუსი, თუმცა მათ ევალებათ გაუმხილონ თავიანთ მეუღლეს, პარტნიორს.

ს.დ: რას ურჩევდით აივ დადებითებს, რომლებსაც ჯერაც ვერ გადაუწვეტიათ თავიანთი სტატუსის გამხელა?

იზა ბოდოკია: ჩვენ არ ვძაბავთ ადამიანებს. ეს აღარ შედის იმ საშიშ დაავადებათ ნუსხაში, როგორიც 15 წლის წინ იყო. დღეს არის აბსოლუტურად მართვადი.

ს.დ: აქვს თუ არა დაავადებას სიმპტომები? რა შემთხვევაში აგზავნიან ექიმები პაციენტებს შიდსზე ლაბორატორიული გამოკვლევებისათვის?

იზა ბოდოკია: სიმპტომები არის ბევრი. გაციებიდან, ფილტვების ანთებდან, კუჭის აშლიდან. როცა იმუნური სისტემა ქვეითდება, ბევრი დაავადება წამოყოფს თავს. ჩვენ ხშირ შემთხვევაში დაგვიანებულ პაციენტებს ვიღებთ. და შესაძლოა დაგვიანებული მკურნალობას აღარ დაემორჩლოს. ბევრი გვყოლია ასეთი. დღეს, როცა ინფიცირებულთა სიკვდილიანობა თითქმის აღარ არის, მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ მკურნალობა დაგვიანებულია. შიდსის დიაგნოზი ხდება მხოლოდ ლაბორატორიული ანალიზით.