ნაცრისფერი ზონა-ძალადობა ქალებზე

ნინია მაჭარაშვილი; სოფო დათუაშვილი

ყოველწლიურად, მსოფლიოში 5 ათას ქალს საკუთარი ოჯახის წევრი კლავს, ყოველ მესამეს კი სხვადასხვა სახის ძალადობა გამოუცდია.უმეტესწილად, მოძალადე მათივე პარტნიორი მამაკაცია. საქართველოში ყოველი მესამე ქალი და ფეხმძიმე ქალების დაახლოებით სამი პროცენტი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. ქვეყანაში, სადაც ოჯახის მარჩენალთა 30% ქალია, მოსახლეობის აზრით უმჯობესია ქალი საერთოდ არ მუშაობდეს, რომ ქალის უმთავრესი დანიშნულება და ფუქნცია გამრავლება, ბავშვებსა და მეუღლეზე ზრუნვა და სახლის წესრიგში მოყვანაა. ქართველ ქალთა უმეტესეობა თვლის, რომ ოჯახური ძალადობის პრობლემები მხოლოდ ოჯახში უნდა განიხილებოდეს. სურათი კი არაასრულია, რადგან ძალადობის მსხვერპლ ქალთა დიდი ნაწილი არ მიმართავს დახმარებას, შიშისა და სირცხვილის გამო.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ქალების 38%, ხოლომამაკაცთა 54% მიიჩნევს, რომ ცოლმა ოჯახის შენარჩუნების მიზნით შეურაცხყოფა უნდა აიტანოს. 37წლის მარიამი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად უკვე სამი თვეა ოჯახში ძალადობის მსხევრპლთა თავშესაფარში ცხოვრობს. თხუთმეტწლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლემ სმა და ცოლისა და შვილების ცემადაიწყო, რასაც მარიამი “ცუდ ენებს” აბრალებს. ფიზიკური, მორალური და ფინანსური ძალადობის მიუხედავად მას არასდროს უფიქრია სამართალდამაცავებისათვის მიემართა ან ოჯახიდან წასულიყო, რადგან, წასასვლელი არსად ჰქონდა. ანონიმურობის დაცვის მიზნით რესპონდენტის ხმა და პირადი მონაცემები შეცვლილია.

მარიამი: „პათოლოგი იყო ჩემი მეუღლე, რომელიც მუდმივად სვამდა. ეს გამოიხატებოდა ძალადობით, ცემით ბავშვებზე და ჩემზეც; და ეს გრძელდებოდა თითქმის ყოველ დღე. და ერთ დღესაც, როდესაც ჩემი სამი შვილით ვიყავი რაიონში და ჩამოვედი, სახლის გასაღები არ მქონდა და გაყიდული დამიხვდა სახლი. დავრჩი სამი ღამე ქუჩაში. არავინ მომაქცია ყურადღება, არც მეუღლემ და არც მისმა ოჯახმა. პატრული გამოვიძახეთ და მისი მეშვეობით გავიგეთ, რომ იყო თავშესაფარი. არ მქონდა არსად თავშესაფარი, არც მშობლები მყავს და არც დედმამიშვილს აქვს იმის საშუალება, რომ ჩემი ოჯახი არჩინოს. ორი შვილი მყავს და არც ვიცოდი სად უნდა წავსულიყავი, სანამ უკიდურეს მდგომარეობამდე არ მივედი და სანამ ქუჩაში არ აღმოვჩნდი. თან ვითმენდი იმის გამო, რომ დღეს შეიძლება გამოსწორდეს, ხვალ.. სამი შვილი მყავს და ადვილი არ არის ნამდვილად ოჯახის დანგრევა.“

ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ფსიქოლოგი ნინო გელიაშვილი, რომელიც მარიამს პირადად უწევდა კონსულტაციას, ამბობს, რომ თავშესაფარში მიყვანის დროს ის არაკონტაქტური იყო და გადაწყვეტილებების მიღება უჭირდა. „ერთ–ერთი გამორჩეულად რთული ბენეფიციარი იყო ჩვენთვის. იმიტომ რომ ის დაახლოებით 16 წლის მანძილზე ცხოვრობდა მეუღლესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში. სამწუხაროდ, მის მიმართ მეუღლე ძალადობდა როგორც ფსიქოლოგიურად, ემოციურად, ეკონომიკურად, ასევე ფიზიკურადაც. და არამარტო მასზე, არამედ შვილებზეც და სამივე საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იყო. ის არავისთან შედიოდა კონტაქტში, ცდილობდა ყოფილიყო მხოლოდ თავის ოთახში, არ გამოდიოდა, ან გამოდიოდა მხოლოდ რამდენიმე წუთით.“

გელიაშვილის აზრით ძალადობის მსხვერპლი ქალების ბედთან შეგუების და მორჩილების მიზეზი მათი დაბალი თვითშეფასებაა. თავშესაფარში მიღებული კომპლექსური ფსიქოლოგიური დახმარების შედეგად, ქალები ახერხებენ საკუთარი უნარების უკეთ გამოვლენას. აქ ისინი ეუფლებიან პროფესიულ უნარ-ჩვევებს, რაც მომავალში დამოუკიდებლად ცხოვრებასა და თვითდამკვიდრებაში ეხმარებათ.

ნინო გელიაშვილი: „ადამიანებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლი არიან, მუდმივად ეუბნებიან, რომ არაფრის გამკეთებლები არ არიან, რომ ისინი ვერაფერს შეძლებენ, არიან დამოკიდებული როგორც ემოციურად და ფსიქოლოგიურად თავიანთ მეუღლეებზე, ასევე ეკონომიკურადაც. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, მათ უბრალოდ არ აქვთ უნარი, რომ საკუთარი თავი დაარწმუნონ, რომ რაღაცის გაკეთება შეუძლიათ. სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად, ჩვენ ვახერხებთ ამ ადამიანების დასაქმებას, სწორედ ეს და რა თქმა უნდა ფსიქოლოგიური დახმარების, ამ ორი კომპონენტის შეერთებით ხდება მათი რეიტენტეგრირება სამომავლოდ სოციუმში.“

თბილისში ამჟამად ერთი სახელმწიფო და ერთი არასამთავრობო ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარია. თითეული ცხრამეტ ბენეფიციარზეა გათვლილი. დღესდღეობით ყველა ადგილი ათვისებულია. მარიამი დარწმუნებულია, რომ თავშესაფრის დატოვების შემდეგ თავის რჩენას დამოუკიდებლად შეძლებს. „ოჯახურ გარემოში ვიგრძენი თავი, რაც არც მე და არც ჩემს შვილებს დიდი ხანია არ გვიგრძვნია. გადაწურული მქონდა ყველანაირი იმედი. აქ თანადგომა ვიგრძენით. ბავშვი შემაყვანინეს ბაღში, ბავშვები მიმაყვანინეს სკოლაში, მეც მომხედეს. დავდივარ სალონში კურსებზე, რომელსაც ორ კვირაში დავასრულებ და მპირდებიან რომ სამსახურსაც დამაწყებინებენ. მივმართავ ყველას, რომ არ გახდნენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. ამად არავინ ღირს, ჯობს დროზე მიმართოთ თავშესაფარი იქნება თუ ნებისმიერი დაწესებულება, სადაც გვერდზე დაგიდგებიან. თქვენ თქვენი თავი იპოვნეთ და არავის მსხვერპლი არ გახდეთ - არც შვილები და არც თქვენ. უარესია მათთვის, ყოველდღიურად რომ ხედავენ მისი მშობლები როგორ ურთიერთობაში არიან, ეს უკვე ბავშვების ფსიქიკაზე ძალიან ცუდად მოქმედებს.“ განსახვავებით მარიამისაგან, გაურკვეველია რა ბედი ელის იმ ასობით თუ ათასობით ძალადობის მსხვერპლ ქალს, რომლებსაც დღემდე ვერ გადაუწყვეტიათ ხმამაღლა ისაუბრონ თავიანთ პრობლემებზე.

პროექტი ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში“ ჰქვია. ჩვენი სტუმარი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის მენეჯერი ირინა ჯაფარიძეა.

ნ.მ: რა არის ძალადობა და როგორი ფორმები აქვს მას?

ირინა ჯაფარიძე: ძაალდობა არსებობს მრავალი ფორმის, ძირითადად კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უფლებების დარღვევა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ. საქართველოს კანონმდებლობა იცნობს ძალადობის ხუთ ფორმას: ფიზიკური, სექსუალური, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური ძალადობა და იძულება.

ნ.მ. : რა არის ძალადობის გამომწვევი ფაქტორები?

ირინა ჯაფარიძე: ძალადობის გამომწვევი მიზეზი არის ძალაუფლებისა და კონტროლის მოპოვების სურვილი. გენდერული უთანასწორობის პირობებში და პატრიარქალურ საზოგადოებაში ოჯახში ძალადობა ძალიან კარგად ერგება ამ უთანსწორობის ფორმას. ასევე ამბობენ, რომ ოჯახში ძალადობას იწვევს ეკონომიკური სიდუხჭირე, ალკოჰოლიზმი, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ასეთი ფაქტორები შეიძლება მოგვევლინოს როგორც დამამძიმებელი გარემოებები და არ შეიძლება მივიჩნიოთ გამომწვევ მიზეზებად.

ნ.მ.: როგორია ძალადობის ქართული ფენომენი?

ირინა ჯაფარიძე: როგორც წესი, რეგიონების მიხედვით მკევთრად განსხვავებულ ფორმებს ვერ მოვიძიებთ. მაგალითად, აფრიკის კონტინენტზე გავრცელებულია გენიტალიების დამახინჯება, რაც საქართველოში არ გვხვდება. ოჯახურ ძალადობას რაც შეეხება, მეტ–ნაკლებად გეოგრაფიულ განსხვავებებს ვერ ვხედავთ.

ნ.მ. : რატომ ითმენენ ქალები ოჯახურ ძალადობას?

ირინა ჯაფარიძე: ითმენენ იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ცნობიერება და საზოგადოებრივი აზრი ავალდებულობს ქალს მოითმინოს ოჯახში ძალადობა, რადგან იგი ითვლება არასრულფასოვან ადამიანად და საზოგადოების არასრულფასოვან წევრად. ეს გახლავთ გავრცელებული სტერეოტიპი. ასევე, მას იშვიათად უწევენ მხარდაჭერას მეგობრები, ოჯახის წევრები, რომ თავი დააღწიოს ძალადობას. ხშირად, მსხვერპლის ფსიქოლოგია ასეთია, რომ მიაჩნია თავი დამნაშავედ, რაღც არ გააკეთა სათანადოდ და ამიტომაც გახდა ძალადობის მსხვერპლი.

ნ.მ.: რატომ არ უწევენ ოჯახის წევრები და მეგობრები მათ მხარდაჭერას?

ირინა ჯაფარიძე: სამწუხაროდ უჭირთ, რადგან დახმარების აღმოჩენა საკმაოდ რთულია. ამიტომაც, ურჩევნიათ ალადობის მსხვერპლმა მოითმინოს, რომ მათ ეს პრობლემა ნაკლებად შეეხოს.

ნ.მ.: რატომ არ საუბრობენ ქალები ღიად თავიანთ პრობლემებზე და არ მიმართავენ შესაბამის ორგანიზაციებს?

ირინა ჯაფარიძე: შიში და სირცხვილი საკმაოდ სერიოზული ფაქტორია. აქ არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ფააქტორიც, თუმცა, მათ ასევე არ აქვთ ცოდნა არსებული მომსახურების შესახებ, რომელსაც სთავაზობს სახელმწიფოც და არასამთავრობო სექტორიც. ქალებს არ სურთ სამართალდამცავი ორგანოების ჩართვა ამ საქმეში, როგორც წესი მოძალადესთან ემოციური მიჯაჭვულობა აქვთ და ერიდებიან ამბის გახმაურებას.

ნ.მ. : მუშაობს თუ არა სამართლებრივი მექანიზმები და რას აკეთებს სახელმწიფო ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად?

ირინა ჯაფარიძე: 2006 წლიდან , როდესაც ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ კანონი მიიღეს, კანონით გათვალისწინებული იქნა სამართლებრივი დაცვის მექანიზმი, როგორიცაა დამცავი ორდენი, რომელსაც სასამართლო გამოსცემს და შემაკავებელი ორდენი, რომელსაც პოლიცია გამოსცემს. ეს არის მექანიზმი, რომლითაც სახელმწიფო უზღუდავს მოძალადეს გარკვეული ქმედებების განხორციელებას კონკრეტული ვადით, ეს ინდივიდუალურ შემთხვევებში სხვადასხვა სახის ქმედების შეზღუდვას მოიაზრებს. შეიძლება მოძალადეს აეკრძალოს მსხვერპლთან მიახლოება, შეიძება ის განერიდოს საცხოვრებელს, იმის მიხედავად მისი საკუთრებაა თუ არა, შეიძლება აეკრძალოს ტელეფონით დაკავშირება მსხვერპლთან, ბავშვებთან, სკოლაში მისვლა და აშ. ასე ხდება მსხვერპლისათვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა გარკვეული პერიოდით სანამ სხვა ღონისძიებები იქნება მიღებული.

ნ.მ.: როგორ შეუძლია საზოგადოებას ძალადობის აღკვეთა?

ირინა ჯაფარიძე: მნიშვნელოვანია საზოგადოების თითეული წევრის როლი. არ უნდა ვიყოთ ძალადობის მიმართ შემწყნარებელი და არ უნდა დავხუჭოთ თვალი. თითეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობაა, როცა მსგავსი ფაქტის შესახებ შევიტყობთ რაიმე ვიღონოთ. ასევე არსებობს ოცდაოთხ საათიანი სახელმწიფო ცხელი ხაზი, რომლის ნომერიც არის 2 309 903. ნებისმიერ პირს შეუძლია დარეკოს ამ ნომერზე და მიიღოს ინფორმაცია თუ რა მომსახურება არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვისათვის. ასევე, თუ მძინე შემთხვევას შეესწრო ადამიანია, აუცილებელია პოლიცია ჩაერთოს. რამოდენიმე წლის წინ გარდაიცვალა პატარა ბავშვი ოჯახში ძალადოპბის სედეგად, რის შემდეგაც გაირკვა, რომ მთელმა სოფელმა იცოდა, რომ ბავშვი ძალადობის მსხვერპლი იყო. ვინმეს რაიმე რომ ეღონა და შეეტყებინებინა სამართალდამცავი ორგანოებისათვის, შეიძლება მსგავსი რამ არ მომხდარიყო.