განათლება VS გენდერული ძალადობა

კვლევა თბილისში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ჩატარდა და მასში 1500 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 

 

როგორც საზოგადოებრივი კვლევის ინსტიტუტის დირექტორმა ნანა სუმბაძემ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ ათი წლის წინ არავინ საუბრობდა ღიად გენდერულ ძალადობაზე და მიჩნეული იყო, რომ „საქართველოში ოჯახური ძალადობა არ არსებობდა“, ხოლო დღეს გამოკითხულთა თითქმის 80%–ს მიაჩნია, რომ ძალადობა ოჯახში ძალზე ან საკმაოდ ხშირი მოვლენაა. 
„ეს იმას ნიშნავს, ბოლო ათწლეულის მანძილზე შემცირდა ტოლერანტობა ძალადობის მიმართ და ის უფრო მეტად აღიქმება კრიმინალად, ვიდრე ოჯახის საქმედ,“ აღნიშნა სუმბაძემ. 
კვლევის შედეგების პასუხები რეგიონების მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითისათვის, სამეგრელო–ზემო სვანეთში მუქარა, გარკვეული აკრძალვები და ფულის კონტროლი სერიოზულ ძალადობად არ აღიქმება, კახეთში ნაკლებ სერიოზულად მიაჩნიათ ფიზიკური და სექსუალური, ხოლო თბილისში ფსიქოლოგიური ძალადობა. 
კვლევამ ასევე ცხადყო, განათლების როლი მნიშვნელოვად განაპირობებს ძალადობის მიმართ დამოკიდებულების ჩამოყალიბებასა და მის შეფასებას. ქალის ცემას ქმრის მიერ ბევრად უფრო ამართლებენ საშუალო, ვიდრე უმაღლესი განათლების მქონე პირები, ხოლო უმაღლესი განათლების მქონდე ადამიანები ნაკლებტოლერანტულები არიან ძალადობის სხვადასხვა ფორმების მიმართ, ვიდრე საშუალო განათლების მქონენი. 
გამოიკვეთა ისიც, რომ 18–30 წლის ადამიანები მწვავედ აღიქვამენ ძალადობას (მათ შორის სიტყვიერსაც) და უპირისპირდებიან მას, ხოლო 60 წელს გადაცილებულები პირიქით. 
„მე მგონია, რომ ეს არ არის ის, რასაც ასაკის მომატებასთან ერთად შეიცვლება, მე ვთვლი, რომ ახალი თაობა სხვა ღირებულებებს ფლობს და მათთვის ძალადობა მომავალშიც მიუღებელი იქნება,“ განაცხადა სუმბაძემ. 
გამოკითხულ რესპონდენტთა 58 % თვლის, რომ ძალადობა მიუღებელია, დანაშაულია და კანონით უნდა დაისაჯოს; 34%–ის აზრით ძალადობა მიუღებელია, მაგრამ კანონით არადასჯადი. მხოლოდ გამოკითხულთა 4% თვლის, რომ ძალადობა მისაღები და დასაშვებია. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოკითხულთა 69% ქმრების მიერ მეუღლეების ცემას დაუშვებლად და დანაშაულად მიიჩნევს და თვლის, რომ ქალი მოძალადე ქმარს უნდა დასცილდეს.  25%თვლის, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ოჯახის საქმეა, ხოლო 17% ფიქრობს, რომ ქალმა ძალადობა უნდა მოითმინოს. 
კითხვაზე რა უნდა მოიმოქმედოს, ან ვის უნდა მიმართოს ქალმა იმ შემთხვევაში თუ ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდა, გამოკითხულთა 65% და კიდევ უფრო ნაკლები ფიქრობს, რომ ძალადობის მსხევრპლი პოლიციას, ადვოკატს ან შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა დაუკავშირდეს, ხოლო თითქმის 74% თვლის, რომ მსხერპლმა ეკლესიას უნდა მიმართოს, მაშინ, როდესაც 2009 წელს ჩატარებულ მსგავს კვლევაში მოსახლეობის მხოლოდ 3.2% უამბობდა მოძღვარს ოჯახში ძალადობის შესახებ. 
სუმბაძის აზრით, შეუძლებელია არ დავინახოთ და არ ავღნიშნოთ ეკლესიის მნიშვნელობა საზოგადოებისათვის, თუმცა, ამავე დროს საჭიროა სიფრთხილე გამოვიჩინოთ ამ საკითხის მიმართ, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია ეწინააღმდეგება ძალადობას, ის უარყოფს ქალისა და მამაკაცის თანასწორობას. ხოლო, ძალადობა ჩნდება იქ, სადაც უთანასწორობაა. 
გამოკითხულთა დაახლოებით 66% თვლის, რომ ძალადობის შემთხვევაში მსხერპლმა პოლიციას უნდა მიმართოს, რასაც არ ეთანხმება 23.8% და ამის მიზეზად უმთავრესად სირცხვილს, მეტი ძალადობისა და ოჯახისა და საზოგადოებისგან გაკიცხვის შიშს ასახელებს. 
გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის მენეჯერი ირინა ჯაფარიძე თვლის, რომ კვლევის შედეგები დაეხმარებათ მომავალში სწორად დასახონ სტრატეგია ძალადობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებად, ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის დასანერგად და პოტენციურ მსხვერპლებამდე არსებული მომსახურების შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მისატანად. 
„პრობლემა რა თქმა უნდა არსებობს და ეს ცხადია, მაგრამ, რაც მთავარია გაიზარდა მომართვიანობა, ეს ნიშნავს გაიზარდა ცნობიერებაც,“ აღნიშნა ჯაფარიძემ. შეხვედრის დასასრულს გამართულ დისკუსიაში საუბარი შეეხო სხვადსხვა სახის სოციალურ–კულტურული აქტივობებისა და პროქტების აუცილებლობას საზოგოადოებრივი ცნობიერების ამაღლებისათვის, ასევე გამოიკვეთა პედაგოგების, როგორც გენდერული თანასწორობის აგენტების და ზოგადად განათლების, მნიშვნელოვანი როლი და ფუნქცია გენდერული ძალადობის შემცირებისათვის.