აჭარელი ეკომიგრანტები თავშესაფარს ორ თვეზე მეტია ითხოვენ

სალომე შიხაშვილი; მაგდა წიკლაური

აჭარელი ეკომიგრანტები ორ თვეზე მეტია ხელისუფლებისგან დახმარებას ელიან. საბერძნეთში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო ბერძნები წალკაში, კუთვნილ ბინებში ბრუნდებიან. შედეგად კი 3000-მდე ოჯახი, შესაძლოა, ღია ცის ქვეშ დარჩეს. ბუნებრივი კატასტორფის გამო აჭარლების წალკაში ჩასახლება 1997 წლიდან დაიწყო. დღეს წალკაში 2700-მდე სტიქიით დაზარალებული ოჯახი ცხოვრობს.

 

 

 ეკომიგრანტების ოფიციალურად აღიარებული განმარტება არ არსებობს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) ეკომიგრანტებს ასეთი განსაზღვრება მოუძებნა: ”ეკომიგრანტები არიან ინდივიდები, ან ინდივიდთა ჯგუფები, რომლებიც, გარემოში მიმდინარე უეცარი ან პროგრესირებადი ცვლილებების გამო, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს მათ ცხოვრებასა და სასიცოცხლო პირობებზე, ნებით ან იძულებით ტოვებენ საცხოვრებელ სახლებს, დროებით ან სამუდამოდ, და გადაადგილდებიან ქვეყნის შიგნით ან საზღვარგარეთ.” საქართველოს სახალხო დამცველის 2012 წლის საპარლამენტო ანგარიშის ერთ-ერთი რეკომენდაციაა მომზადდეს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ეკომიგრანტებისათვის ეფექტურ სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს. პირველ რიგში კი, დაადგენს ეკომიგრანტების სამართლებრივი სტატუსის მინიჭების პროცედურებს. ანგარიშში წერია, რომ ასევე აუცილებელია: “სამართლებრივ დონეზე განისაზღვროს დროებითი ან მუდმივი განსახლების, შემდგომი ადაპტაცია–ინტეგრაციის და სოციალური პირობებით უზრუნველყოფის მექანიზმი და პროცედურები”. 18 ივლისს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ეკომიგრანტთა საკითხებზე სპეციალური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ეკომიგრანტთა სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა საკანონმდებლო დონეზეა აუცილებელი და მათ ისეთივე ფინანსური დახმარება უნდა გაეწიოთ, როგორც დევნილებს. იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ აღნიშნა, რომ არსებული კანონმდებლობა „ეკომიგრანტის“ ცნებას არ იცნობს. შესაბამისად, სამინისტრომ დაიწყო მუშაობა საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებაზე და შექმნილია სამუშაო ჯგუფიც. „დღევანდელი მდგომარეობით, სამინისტროს მონაცემთა ბაზაში აღრიცხულია 37 ათასზე მეტი ოჯახი, რომლებიც დაზარალდნენ სტიქიური მოვლენების შედეგად. მათი სამართლებრივი მდგომარეობა კი არ არის განსაზღვრული. უნდა გამოიკვეთოს დეფინიცია - თუ ვინ არის „ეკომიგრანტი“ და შემდეგ რა დახმარება უნდა გაეწიოთ მათ. “ - განაცხადა დავით დარახველიძემ.