Newscafe

მანანა ნადიბაიძის მკვლელობა

გვანცა ნადიბაიძე

მანანა ნადიბაიძე
 
მანანა ნადიბაიძე
უკვე ორი წელია, რაც ღვთისო ნადიბაიძეს ოჯახმა მარნეულის სოფელ თამარისში საცხოვრებელი სახლი დატოვა და იმავე სოფელში, ოდნავ მოშორებით ახალ აშენებულ სახლში გადავიდა.

 

ოჯახმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ღვთისო ნადიბაიძის 17 წლის ქალიშვილი მანანა 2014 წლის 19 მარტს სასტიკად მოკლეს.

51 წლის იაგო წიკლაურმა მანანა სახლში მარტო ყოფნის დროს ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი ბლაგვი საგანი ჩაარტყა და დანაშაულის დაფარვის მიზნით გვამი დაწვა.

მკვლელსა და ნადიბაიძეების ოჯახს საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.

იაგო წიკლაური მათი მეზობელი იყო და ხშირად საოჯახო საქმეებშიც ეხმარებოდა.

როგორც გარდაცვლილის მამა იხსენებს, მკვლელობის დღეს ოჯახის ყველა წევრი, მანანას გარდა კარტოფილის სათესად იყო წასული.

მანანა შინ დარჩა სადილის მოსამზადებლად და სამეცადინოდ.

იაგო წიკლაური ნადიბაიძეების სახლში სწორედ ამ დროს მივიდა, სააბაზანოში შევიდა და წყლის გამათბობლის შესაკეთებლად დახმარებისთვის მანანას დაუძახა, რა დროსაც მასზე სექსუალურად იძალადა.

„როცა ჩემი გოგონა სახლში იყო სადილს აკეთებდა ან მეცადინეობდა, ამის გამო ძალიან ხშირად ყურმილს გვიან იღებდა ან საერთოდ არ იღებდა.

იმ დღესაც ვურეკავდი და არ მიპასუხა, მაგრამ ამაზე არ მინერვიულია, რადგან ვიფიქრე, რომ საქმეში იქნებოდა ჩართული. თუმცა, როცა სახლში დავბრუნდით სააბაზანო არეული დაგვხვდა, კედლებზე სისხლის კვალი იყო და არც ჩემი შვილი ჩანდა სახლში“ - აღნიშნა ღვთისო ნადიბაიძემ.

გარდა ამისა, დანაშაულის დღეს იაგო წიკლაურმა მანანას სახელით დაწერილი წერილი დატოვა, თითქოს ის გათხოვდა და სახლიდან წავიდა.

თუმცა, მანანას მასწავლებელმა მარტივად ამოიცნო, რომ ეს მანანას ხელწერა არ იყო, რაც მოგვიანებით, ექსპერტიზამაც დაადასტურა.

მანანას გაუჩინარებისთანავე ოჯახი პოლიციაში წავიდა.

 

ნადიბაიძეების ოჯახის ახალი სახლი სოფელ თამარისში, რომელიც ჯერ კიდევ დაუმთავრებელია
 
ნადიბაიძეების ოჯახის ახალი სახლი სოფელ თამარისში, რომელიც ჯერ კიდევ დაუმთავრებელია

 

ღვთისო ნადიბაიძე აღნიშნავს, რომ იაგო წიკლაური პოლიციაში მათთან ერთად იმყოფებოდა და მოკლულის მამას კითხვებზე პასუხების გაცემაში ეხმარებოდა.

გარდა ამისა, პოლიციაში ყოფნისას ოჯახმა შეამჩნია, რომ იაგო წიკლაურს სახესა და ხელებზე ნაკაწრები ჰქონდა.

როგორც ღვთისო ნადიბაიძე აღნიშნავს, მანანა ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი იყო და როგორც ჩანს, ის მოძალადეს წინააღმდეგობას უწევდა.

„როცა პოლიციაში ვიყავით, ჩემმა უფროსმა შვილმა იაგოს ჰკითხა რატომ ჰქონდა ნაკაწრები სახესა და ხელებზე. მან კი უთხრა, რომ როცა მეზობელს ფიჩხების მოგროვებაში ეხმარებოდა მაშინ დაიზიანა. მის ამ ვერსიაში ეჭვიც არ შეგვპარვია“- თქვა ღვთისო ნადიბაიძემ.

პოლიციამ რამდენიმე საათში მეზობლების სახლების ჩხრეკა დაიწყო და იაგო წიკლაურის სახლში სისხლიან ტანსაცმელს და შემდეგ დამარხულ გვამსაც მალევე მიაგნეს.

იაგო წიკლაურმა დანაშაული მაშინვე აღიარა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობდა, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

ღვთისო ნადიბაიძე, მსხვერპლის მამა.ის თავისი შვილის ფოტოებს ათვალიერებს
 
ღვთისო ნადიბაიძე, მსხვერპლის მამა.ის თავისი შვილის ფოტოებს ათვალიერებს
სექსუალური დანაშაული საქართელოში ერთ-ერთ დიდ პრობლემად რჩება.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში სექსუალური დანაშაულის მოტივით 300 საქმე აღიძრა, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 257 იყო, ხოლო 2016 წელს - 336.

გაზრდილი მონაცემების გამო, შსს-მ ახალი კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც სექსუალურ მოძალადეებს რეგულაციებს უმკაცრებს.

შსს მინისტრის მოადგილის ნათა მეზვრიშვილის განცხადებით, გამკაცრებული რეგულაციები პედოფილებისთვის სამუდამო სასჯელს ითვალისწინებს, ასევე სექსუალურ მოძალადეებს არ ექნებათ საშუალება საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმუშაონ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგაც კი.

გარდა ამისა, შეიქმნება სექსუალური მოძალადეების სპეციალური ბაზა, რომელსაც სამინისტრო გააკონტროლებს და მათ გარკვეულ სერვისებზე ხელმისაწვდომობას შეუზღუდავს.

„ჩვენ ვმუშაობთ მოზარდების მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევების პრევენციაზე, რადგან სტატისტიკური მაჩვენებლები გაზრდილია. ეს ძირითადად განპირობებულია მიმართვიანობის მაჩვენებლის ზრდით. სულ უფრო მეტი მოზარდი, მათი ოჯახის წევრი, პედაგოგი, მასწავლებელი, მანდატურის სამსახური, ფსიქოლოგი მოგვმართავს, რაც დადებითი ტენდენციაა. საზოგადოების ცნობიერება ამაღლდა“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა 25 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.

აღნიშნული კანონპროექტი განსახილველად პარლამენტს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.

 

მანანა ნადიბაიძის ფოტოების კუთხე ახალ სახლში
 
მანანა ნადიბაიძის ფოტოების კუთხე ახალ სახლში