Newscafe

„ზაპოროჟეცი“ თუ „მერსედესი“ – თაობათა მოლოდინები სომხეთში

სოფო აფრიამაშვილი, გრიგორ თამაზიანი

ცხრამეტწლიანი მმართველობის შემდეგ, სომხეთის „რესპუბლიკურმა პარტიამ“ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ხმათა საკმარისი რაოდენობის მოპოვება ვერ შეძლო და ამომრჩეველთა ხმების 4,7%-ით პარლამენტს გარეთ დარჩა. ვაკანტური 132 ადგილიდან მოქმედი პრემიერ მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა „ჩემი ნაბიჯი“ 70,43 %-ით გაიმარჯვა. მეორე და მესამე ადგილი კი პარტიებმა „აყვავებული სომხეთი“ (8,27%) და „ნათელი სომხეთი“ (6,37%) დაიკავეს.

„ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, ვფიქრობ მოსახლეობას უძლიერდება რწმენა პოლიტიკური ინსტიტუციების მიმართ, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია ქვეყნის განვითარებისთვის.“ – ამბობს დავით პეტროსიანი, ახალგაზრდული სამოქალაქო ორგანიზაციის YSU Restart-ის ერთ-ერთი ლიდერი.

DSC_0443

შეკითხვაზე თუ რამდენად განსხვავდება ახალგაზრდებისა და უფროსი თაობის წარმომადგენლების ხედვები სომხეთის მომავალთან დაკავშირებით, პეტროსიანმა განაცხადა, რომ თაობათა შორის მკვეთრად განსხვავებული შეხედულებები არ შეიმჩნევა – „უმეტეს შემთხვევაში, უფროსი თაობის წარმომადგნელებს სურთ ჰქონდეთ ახალგაზრდებთან თანაბარი შესაძლებლობები, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ მათი ძირითადი ხედვები ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით განსხვავდება ჩვენი ხედვებისგან.“

DSC_0483

Spotlight დაინტერესდა თუ რას ფიქრობს ერევნის მოსახლეობა ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. ქუჩაში გამოკითხული სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენელთა აზრი რამდენიმე ძირითადი საკითხის გარშემო ერთიანდება.

მოსახლეობა ძირითად პრობლემად კორუფციას და უმუშევრობას ასახელებს, თუმცა ქვეყნის მომავალს იმედიანად უყურებს –  „მჯერა,არჩევნების შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება, რადგან სათავეში ახალი ადამიანები მოდიან, ძველი პარლამენტი კი აღარ არსებობს.“ – ამბობს ერევნის მცხოვრები 53 წლის კარინ კარაპეტიანი, რომელიც ამჟამად ტაქსის მძროლად მუშაობს – „არ ველოდები, რომ პირადად ჩემთვის შეიცვლება რაიმე, ჩემი საქმე ტაქსის მძღოლობაა და ალბათ ასეც დარჩება, თუმცა მჯერა, რომ ახალგაზრდებისთვის აქ ცხოვრება უკეთესი იქნება, აშენდება ქარხნები და შეიქმნება სხვა სამუშაო ადგილები, რომელიც ძირითადად ახალგაზრდებზე, 30 წლამდე ადამიანებზე იქნება გათვლილი.“

DSC_0486

უმუშევრობის პრობლემებზე საუბრობს ერევნის მცხოვრები 70 წლის პენსიონერი, ჰარუციონ ნაკაციანიც – „სომხეთში მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, ვიმედოვნებ არჩევნების შემდეგ ეს პრობლემა გამოსწორდება. ყველამ ვიცით, რომ ეს უცებ ვერ მოგვარდება, თუმცა დროსთან ერთად ყველაფერი შეიცვლება.“ – ამბობს ნაკაციანი.

70 წლის ჰარუციონ ნაკაციანის მსგავსად, სომხეთის მომავალს იმედიანად უყურებს 23 წლის ანჟელიკა მამსესოვა – „სომხეთი იმედით არის სავსე, ჩვენ გვჯერა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ყველაზე დიდი მოლოდინები კი სისტემის შეცვლას უკავშირდება“ – ამბობს მამსესოვა, რომელიც სომხეთის დიასპორის სამინისტროში მთარგმნელისა და მინისტრის თანაშემწის თანამდებობებს იკავებს – „ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში უამრავი უარყოფითი მოვლენა ხდებოდა, მათ შორის ყველაზე მძიმედ კორუფციის პრობლემა მიმაჩნია. ვფიქრობ ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად სისტემის შეცვლაა აუცილებელი, რომელიც არ გულისხმობს ერთი პოლიტიკური პარტიის უბრალოდ მეორეთი ჩანაცვლებას.“

DSC_0476

მიუხედავად საერთო იმედიანი ფონისა, სომხეთის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი პოლიტიკური ძალები ქვეყნის მდგომარეობის გამოსწორებას ვერ შეძლებენ – „არანაირი ცვლილებების მოლოდინი არ მაქვს, „ზაპოროჟეცი“ ვერასდროს გახდება „მერსედესი“, ახალ მთავრობას არ აქვს არანაირი რესურსი რაიმეს შესაცლელად“ – ამბობს 60 წლის რობერტ პეტროსიანი, რომელიც ერევნის ცენტრში, სამკაულების გაყიდვით არის დაკავებული.

2018 წლის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა სომხეთის მოსახლეობის 48,63%-მა მიიღო, რაც გასული წელს არჩევნებში მონაწილე მოსახლეობის მაჩვენებელს დაახლოებით 13%-ით ჩამორჩება. ამჟამინდელმა პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ამ საკითხთან დაკავშირებით, პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ გასული 15 წლის განმავლობაში ყოფილი ხელისუფლება მოსახლეობას არჩევნებზე წასვლას აიძულებდა, გარდა ამისა აყალბებდა არჩევნებს და რესურსად იყენებდა ათასობით არარსებული და გარდაცვლილი ადამიანის ხმას.