კულტურის პოლიტიკა

ხათუნა ხაბულიანი; ნიკოლოზ ნადარეიშვილი; ანა დავითაშვილი

ქვეყნის უახლესი ისტორიის მანძილზე იდენტობის დისკურსის არასაკმარისი ინტენსივობა იმ მიზეზითაც არის გამოწვეული, რომ მასში სრულად არ მონაწილეობს საზოგადოების ინტელექტუალური და შემოქმედებითი რესურსები, რისი ამოქმედებაც სპეციფიური პროექტების განხორციელებასა და მენეჯმენტს ითხოვს.

კულტურის პოლიტიკა

2 აგვისტო 2013

კულტურის პოლიტიკის განსაზღვრის აუცილებლობის შესახებ საუბარი დიდი ხანია გრძელდება, თუმცა ჯერჯერობით შედეგის გარეშე. პოსტ საბჭოთა მოცემულობის პირობებში საქართველოში არ მომხდარა კულტურის, როგორც სტრატეგიული რესურსის გააზრება, მოდერნიზაცია ერთგვარად ზედაპირულად ხდება. ქვეყნის უახლესი ისტორიის მანძილზე იდენტობის დისკურსის არასაკმარისი ინტენსივობა იმ მიზეზითაც არის გამოწვეული, რომ მასში სრულად არ მონაწილეობს საზოგადოების ინტელექტუალური და შემოქმედებითი რესურსები, რისი ამოქმედებაც სპეციფიური პროექტების განხორციელებასა და მენეჯმენტს ითხოვს.

საბჭოთა რეჟიმის პირობების გამო ჩვენი სივრცე საკმაოდ დიდ ხანს იყო მოწყვეტილი საერთაშორისო არტ პროცესებს, მეოცე საუკუნის ძალიან ინტენსიურ არტისტულ ექსპერიმენტებსა და ზოგჯერ რევოლუციურ ცვლილებებსაც კი, რამაც გარკვეული კვალი დატოვა და განსაკუთრებით თანამედროვე ხელოვნების ფორმების აღქმა-გააზრების პრობლემა შექმნა. აქტუალური ხელოვნების ფორმები, რელაციური ესთეტიკა, ინტერდისციპლინარულ-არტისტული ინიციატივები, მუზეუმებისა და გალერეების სოციალურ კონტექსტებში ჩართვა ჩვენი რეალობისთვის ჯერჯერობით უცხო გამოცდილებაა.

 არტისტი: აი ვეივეი

მეორე მხრივ კი ინერციით გრძელდება საბჭოთა ტრადიცია, სადაც ხელოვნება იდეოლოგიური ინსტრუმენტი იყო და დომინანტური ოფიციოზი ცალმხრივად წყვეტდა როგორი ხელოვნება უნდა შექმნილიყო და საზოგადოებას რომელ ფორმებთან ერთად უნდა ეცხოვრა. დღეს სრულიად კურიოზულად გამოიყურება, როცა თავისებურად გაგებული „თანამედროვე“ ფორმები საზოგადოებას ისევ საბჭოთა მანერით, „ზემოდან“ მიეწოდება, რაც ზოგად თანამედროვე ხელოვნების არსს ეწინააღმდეგება.

კულტურის პოლიტიკის განსაზღვრის პრობლემებზე საუბრობენ ნინა გუნია-კუზნეცოვა - კულტურის პოლიტიკის ექსპერტი და ანა რიაბოშენკო - ხელოვანი, კურატორი.