სიძულვილის ენა საქართველოში

მაგდა წიკლაური

მედიის განვითარების ფონდის სტატისტიკურმა მონაცემებმა ცხადყო, რომ ქართულ მედიაში სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებმა წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად იმატა.

ქართულ მედიაში ჟურნალისტები და საჯარო პირები სიძულვილის ენას ხშირად იყენებენ სხვადასხა ჯგუფების მიმართ. 

თვითონ ტერმინი სიძულვილის ენა საქართველოში ახალი დამკვიდრებულია. ალბათ სწორედ ამიტომაა, რომ ჯერ კიდევ გვიჭირს ტერმინის გაანალიზება, რაც თავის მხრივ აფერხებს დასკვნების გამოტანის საშუალებას.

ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღემ საქართველოში განსაკუთრებული აგრესიით ჩაიარა. 17-მა მაისმა ცხადყო, რომ სიძულვილის ენის შემცველიფრაზები სულ უფრო ხშირად ისმის ქართულ ტელე სივრცეში. ძირითადი პრობლემა, რომელიც 17 მაისის მოვლენების გაშუქებისას გამოიკვეთა, ტერმინოლოგიური უზუსტობა იყო. დღის საინფორმაციო გამოშვებებში, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი2, იმედი, მე-9 არხი ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს ლგბტ-ის წარმომადგენლებად და სექსუალურ უმცირესობებად მოიხსენიებდნენ. საერთო სურათის საჩვენებლად, რამდენიმე მაგალითის მოყვანაც საკმარისი იქნება. ტელეკომპანია მე-9 არხის ჟურნალისტები თამთა სანიკიძე და ლევან ჯავახიშვილი, ასევე მეცხრე არხის ჟურნალისტი თამარ გოგესაშვილი, ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტები ვასილ დაბრუნდაშვილი და ლევან ფოჩხუა ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს ლგბტ-ის წარმომადგენლებად მოიხსენიებდნენ. კადრებში მუქარის შეძახილებიც ისმის. ასეთი ტიპის მაგალითები არა მარტო ტელევიზიებში, არამედ პრესაშიც მრავლადაა, თუმცა პრობლემის დასანახად ეს მაგალითებიც კმარა. ასეთ შემთხვევაში ბუნებრივად ისმის კითხვა, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ისედაც რადიკალურად განწყობილი საზოგადოება, მედიამ ძალადობისა და სიძულვილისკენ უფრო მეტად არ წაახალისოს. არის თუ არა სიძულვილის ენის კრიმინალიზება საჭირო. საქართველოში სიძულვილის ენის გამოხატვას კანონი არ არეგულირებს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი ნათია კუპრაშვილი თვლის, რომ ჟურნალისტებს აქვთ მცდელობა სიძულვილის ენის გარეშე ესაუბრონ მაყურებელს, თუმცა არ ჰყოფნით პროფესიონალიზმი.

საზოგადოებრივ მაუწყებელს საკუთარ ქცევის კოდექსში მესამე მუხლის ბ პუნქტში განსაზღვული აქვს, რომ: ,,სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ინტერესების გათვალისწინება განურჩევლად მათი პოლიტიკური, კულტურული, ეთნიკური, რელიგიური, რეგიონული, ენობრივი, ასაკობრივი თუ გენდერული კუთვნილებისა”. თუმცა სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები პირველ არხზეც დაფიქსირდა. მოამბის 8 საათიანი გამოშვების სიუჟეტი თორმეტი კონტრაქციის მონაწილის სინქრონს შეიცავს. რესპოდენტთა დაბალანსება უფლებადამცველთა კომენტარებით შეიძლებოდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი სოფო ურუშაძე ამბობს, რომ მაუწყებლის ყველა ჟურნალისტი მაქსიმალურად ცდილობს დაიცვას კოდექსით გათვალისწინებული დებულებები და თავი აარიდოს სიძულვილის ენას.

ჰომოფობიური ტერმინებისა და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები ხშირად ისმოდა საჯარო პირებისაგან. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა მაესტროს პირდაპირ ეთერში თქვა: ,,თავისთავად ღია ტიპის ღონისძიება ბუნებრივად წამოშობდა რეაქციას ჩვენს საზოგადოებაში, იმიტომ რომ ქართველობას იდენტობა არ აქვთ გეებთან და ლეზბოსელებთან, ქართველობას იდენტობა აქვთ მართლმადიდებლობასთან, ტრადიციასთან.” სიძულვილის ენის შემცველი ფრაზების გამოყენებას არც სხვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მოერიდა. დავით საგანელიძემ პირდაპირ ეთერში განაცხადა: ,,არც მინდა მაგათი სახელის ხსენება (საუბარია სექსუალურ უმცირესობებზე), იმიტომ, რომ ქვეყნისთვის მაგათ სასიკეთო არაფერი არ მოაქვთ - არც ქვეყნისთვის, არც ოჯახისთვის, არც მომავლისთვის, არც ტრადიციისთვის და საერთოდ, არც არაფრისთვის დედამიწაზე.” ტელეკომპანია მაესტროს პირდაპირ ეთერში ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემაში ,,პოლიტმეტრი”, ბიზნესმენი ლევან ვასაძე ამბობს: ,, იმ ქვეყნებში, სადაც მამაკაცები ერთმანეთს აღოღდებიან და ქალები და ეს არ ითვლება სირცხვილად, ეს არის ცხოველების ფერმა.”

ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლევან ცაგარელი თვლის, რომ ,,ამისთვის პასუხისგებლობა, უწინარესად, შესაბამის პირებს ეკისრებათ. არანაკლებია ჟურნალისტების პასუხისგებლობა - ისინი ხომ ხშირად თავად აძლევენ ბიძგს ამგვარ კომუნიკაციას. და ბოლოს, პასუხისგებლობა ეკისრება საზოგადოებასაც, რომელიც უდრტვინველად „იღებს“ ამგვარ გამოსვლებს იმის მაგივრად, რომ გამოთქვას აღშფოთება და საჯაროდ დაგმოს სიძულვილის ენის გამოყენების თითოეული შემთხვევა. მომავალში ამგვარ კომუნიკაციაზე პასუხისგებელი იქნება განათლების დღევანდელი პოლიტიკა, რადგან სწორედ ეს უკანასკნელი განსაზღვრავს საზოგადოების დამოკიდებულებას სიძულვილის ენისა და ბევრი სხვა ფენომენის მიმართ.”

ჟურნალისტი ნინო ჯაფიაშვილი ამბობს, რომ საჯარო პირების მხრიდან წამოსული ჰომოფობიური განცხადებები არანაკლებ საშიშია საზოგადოებისთვის და ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტმა უნდა გააფრთხილოს რესპოდენტი, თავი აარიდოს ასეთი ტიპის გამონათქვამებს.

ვინ უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა სიძულვილის ენის გამოყენების საქმეში, ჯერ კიდევ გაურკვეველია. რადგან იურისტთა დიდი ნაწილი თვლის, რომ საკითხის კრიმინალიზება გამოსავალი არ არის, პასუხისმეგბლობა მეტწილად ისევ მედიას აკისრია. იურისტი ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ მედიამ თვითრეგულირების მექანიზმები თავად უნდა შემოიღოს.