თბილისში გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობა ამბობს, რომ დღეს საქართველოში ლგბტქ ადამიანების უფლებები დაცული არ არის, თუმცა, ამ რეალობის შეცვლა გამოკითხულთა მხოლოდ ნაწილს სურს.
რა განწყობით შეხვდნენ 17 მაისს - ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის დღეს თბილისში, უნდა აღვნიშნავდეთ თუ არა მას და რამდენად დაცულია სექსუალური უმცირესობების უფლებები საქართველოში? ამ კითხვებით GIPA-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის პროგრამის პირველკურსელებმა 30-მდე სხვადასხვა პროფესიის და ასაკის ადამიანს მიმართეს.
მოსაზრებები ძირითადად ორ ნაწილად გაიყო: 30 წლის და ნაკლები ასაკის გამოკითხულები აღნიშნავდნენ, რომ სახელმწიფომ ლგბტქ პირები უნდა დაიცვას და მათ მხარი დაუჭიროს, ხოლო უფროსი თაობის ნაწილისთვის სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა „ქმედებები მიუღებელია“.
„ძალიან ბევრი ბისექსუალი და გეი მეგობარი მყავს“, - განაცხადა 22 წლის ნიკოლოზ პაპინაშვილმა, რომელსაც მიაჩნია, რომ ლგბტქ თემის წარმომადგენლებს სრული უფლება აქვთ, ისე იცხოვრონ, როგორც სურთ.
გამოკითხულმა ნაწილმა ყურადღება გაამახვილა იმ პრობლემაზეც, რომ გეი, ბისექსუალი თუ ტრანსგენდერი ადამიანები საქართველოში ხშირად, საკუთარი ორიენტაციის გამო, შიშის ქვეშ ცხოვრობენ.
სალომე, 18 წლის: “ბევრი მეგობარი მყავს,რომლებიც ლგბტ საზოგადოების რიცხვს განეკუთვნება და საზოგადოების შიშის გამო საკუთარ ვინაობას ვერ ამხელენ, რადგან თვლიან, რომ ეს მათთვის საშიშია. მათი უფლებები დაცული უნდა იყოს, ვერ ვხედავ მათ საქციელში დასაგმობს ვერაფერს“.
მათი ნაწილი ასევე მხარს უჭერს საქართველოში ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას და, ზოგადად, სექსუალური უმცირესობების საჯაროდ მხარდაჭერას.
თეკლა დავითულიანი, 27 წლის: „ყველა ადამიანს აქვს უფლება, დააფიქსიროს საკუთარი აზრი... მაგრამ დღეს მათი უფლებები დაცული არ არის, რადგან ლგბტ საზოგადოების ბევრი წევრი შეეწირა საკუთარი უფლებების დაცვას“.
„თუკი მე მაქვს უფლება გამოვხატო ჩემი აზრი, რატომ არ უნდა ჰქონდეთ მათ“? - ამბობს 34 წლის დათო აბრამიშვილი.
თუმცა, გამოკითხულთა შორის იყვნენ ისეთებიც - ძირითადად, 40 წელზე უფროსი თაობის წარმომადგენლები - ვინც 17 მაისის აღნიშვნას, ისევე როგორც, ზოგადად ლგბტ თემის მხარდაჭერას არ ემხრობიან. ეს პოზიცია უმრავლესობამ უბრალოდ პირადი ანტიპათიით დაასაბუთა, უფრო კონკრეტული მიზეზის დასახელება კი გაუჭრდათ. ხოლო 77 წლის ქალბატონი ლელასთვის, ლგბტქ ადამიანებისთვის მხარდაჭერის არ გამოცხადება ეროვნებასთან არის კავშირში:
„არ შეიძლება იყო ქართველი და ამართლებდე მათ ქმედებას”, - განაცხადა 77 წლის ლელამ. მას არ ეთანხმება 65 წლის ქალბატონი, რომელმაც სახელის და გვარის გამხელა არ ისურვა:
„რაც შეეხება 17 მაისის აქციას ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება დააფიქსიროს საკუთარი აზრი...ძალადობა მიუღებელია... 8 თვეა ევროპიდან დავბრუნდი, იქ ყველას უფლება დაცულია. არ ეშინიათ ლგბტ საზოგადოების წევრებს გარეთ გამოსვლის... საქართველოში კი, იმის გამო, რომ უფლებები დაცული არ არის, მათ უწევთ სამშობლოდან წასვლა თავის გადასარჩენად“.
ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის დღეს მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ. ამის მცდელობა 2013 წელს საქართველოშიც იყო, თუმცა ამ დღეს მშვიდობიან აქციას მასშტაბური არეულობა მოჰყვა: მართლმადიდებელი აქტივისტები და სასულიერო პირები ლგბტქ ადამიანებსა და მათ მხარდამჭერებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
17 მაისს ლგბტქ თემის - ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანების უფლებების დაცვისთვის ღონისძიება წელსაც არ შედგა, თუმცა, ამ თემაზე კვირეულის გამართვა თბილისში 18-23 ივნისს იგეგმება. ღონისძიების ორგანიზატორის „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენელთა განცხადებით, კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური აქტივობაა დაგეგმილი. თუმცა აქტივობების ფორმატსა და ადგილმდებარეობაზე პრაიდის წარმომადგენლებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის შეთანხმება ვერ შედგა, რადგან სამინისტრომ მათ „პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით“ ღონისძიებისთვის ალტერნატიული ადგილები, ძირითადად, შემოაზღვრული სივრცეები შესთავაზა. შეზღუდვამ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების აღშფოთება გამოიწვია.