თამარ კორძაია : "ეს იქნება გაკვეთილი ხელისუფლებისთვისაც"

თათია ლაშაური

- არსებობს ვიდეო მასალა და თვითმხილველების განცხადებები იმის შესახებ, რომ პოლიციამ ორ ადგილას გახსნა კორდონი და გზა მისცა კონტრ-აქციის მონაწილეებს. თვლით თუ არა, რომ ეს არის უკანონო ქმედება და უნდა აღიძრას საქმე კონკრეტული სამართალდამცავებისა და მათი მეთაურების წინააღმდეგ?

პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჯერ არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიციამ შეგნებულად და სპეციალურად გახსნა კორდონი. ამაზე უნდა ჩატარდეს გამოძიება. არ მგონია, რომ ეს ასე ყოფილიყო. ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით დამატებითი გამოძიებაა საჭირო, იმ ადამიანების დაკითხვა, რომლებიც კორდონის იმ მხარეს იდგნენ. ზუსტად უნდა გაირკვეს რა მოხდა. ამიტომაც, ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო კანონდარღვევა. ისე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პასუხი გაეცეს ყველა კითხვას გამოძიების მხრიდან.

- ანუ თქვენ მიიჩნევთ, რომ პოლიციის ნებით არ გახსნილა კორდონი და ის ხალხის ტალღამ გახსნა?

ხალხის ტალღა იყო ძალიან დიდი და ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ პოლიციელებმა თვითონ უნდა გასცენ ამ ყველაფერზე პასუხები. არსებობს ორმხრივი შეფასებები, თუმცა მე ვფიქრობ, რომ გამოძიებამ უნდა უპასუხოს ამ შეკითხვებს, რა მოხდა იმ წუთას და ხალხის მასამ როგორ იმოქმედა.


- არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებული იყო თუ არა დაეცვა მანიფესტანტები ყველა შესაძლო გზით? ამ სიტუაციაში მოეთხოვებოდათ თუ არა კანონის ძალით უფრო მკაცრი ზომების მიღება?

ჩვენი ხელისუფლება ძალიან კარგად აცნობიერებს, რომ ორი მანიფესტაციის დროს, ორივე მხარის ინტერესები უნდა იყოს დაცული. ფაქტია რომ 17-ში პოლიციამ უზრუნველყო და შეძლო უმცირესობის გაყვანა. 
უმრავლესობა, რომელიც ზღუდავდა უმცირესობის უფლებას, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ ძალიან დიდი იყო. სხვაობა, იყო აშკარად ძალიან დიდი და შესაძლოა პოლიცია არც ელოდა ამ რაოდენობის ხალხს, მაგრამ პოლიციამ მაქსიმალური გააკეთა, რაც შეეძლო, რომ გაეკეთებინა და შეასრულა საკუთარი მოვალეობა. შესაძლოა, მსჯელობა იყოს იმაზე, რომ მათ უნდა გამოეყენებინათ იარაღი და მკაცრი ზომები, მაგრამ ამ წუთას ეს აზრი არის ძალიან აბსტრაქტული. ეს იყო მოქალაქეთა ორი ჯგუფს შორის დაპირისპირება. ამიტომაც, პოლიცია იყო ძალიან ფრთხილი არსებული ვითარებიდან გამომდინარე. 

შესაძლოა პოლიცია ელოდა დაპირისპირებას, მაგრამ ამ მასშტაბით დაპირისპირებას შესაძლოა არა. ჩემი აზრით, იქიდან გამომდინარე, რაც მოხდა, პოლიციამ გააკეთა ისე, რომ არ იყო მნიშვნელოვანი ზარალი. თუმცა, ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა და ეს იქნება გაკვეთილი ხელისუფლებისთვისაც. ახლა მთავარია ხელისუფლებამ გამოიძიოს ვინ ძალადობდა და სათანადო პასუხისმგებლობა დააყენოს მოძალადეების და იმ პირების, ვინც შესაძლოა, შეგნებულად უწყობდა ხელს ამ ძალადობის ფაქტებს. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება სახელმწიფო მოხელე, მოქალაქე, ეკლესიის წარმომადგენელი თუ ასე შემდეგ. ახლა, მთავარია ყველაფერი იქნეს ობიექტურად გამოძიებული. მე ზედაპირული შეფასებებისგან თავს შევიკავებ. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა.


- იყო თუ არა პოლიცია აქციის მასშტაბიდან გამომდინარე სათანადოდ აღჭურვილი? იყო თუ არა საკმარისი რაოდენობის სამართალდამცავები მობილიზებული?

სათანადო არის ძალიან ზედაპირული და ზოგადი ფრაზა. იქნებ, ამაზე პოლიციამ თვითონ გაგცეთ პასუხი. ძალიან ცუდი ფაქტი იყო ის, რომ ადამიანებს არ მიეცათ შეკრების და აზრის გამოხატვის საშუალება და ძალიან ცუდია, რომ საზოგადოებაში ამხელა აგრესია არსებობს. ეს არის ყველაზე მეტად შემაშფოთებელი და იმისათვის, რომ ეს ხარვეზები და პრობლემები გამოსწორდეს. მთავარია, მომავალში მოხდეს ადექვატური რეაგირება და მოხდეს სათანადო გამოძიება.


- თვლით თუ არა, რომ იმ დღეს დაირღვა ადამიანის ფუნდამენტური უფლება - გამოხატვის თავისუფლება. თქვენი აზრით სახელმწიფომ უზრუნველყო თუ არა 17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეების გამოხატვის უფლების დაცვა?

სახელმწიფომ წინასწარ მიიღო ზომები. პოლიციამ გააკეთა გასაკეთებელი მათი დაცვისათვის. უბრალოდ აგრესიული მასა ადამიანებისა, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ამ აქციის ჩატარებას, იყო ძალიან დიდი და დარწმუნებული ვარ ეს, ალბათ, მოულოდნელი იყო ყველასთვის.


- ფიქრობთ თუ არა, რომ საჭიროა ქვეყანაში სიძულვილის ენის კრიმინალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივის წამოჭრა?

ეს ძალიან რთული თემაა. მე არ ვფიქრობ, რომ სიძულვილის ენის კრიმინალიზაცია ასე იოლად გადასაწყვეტი საკითხია. მე ვფიქრობ, რომ გაცილებით ეფექტური გზა არის თითოეულ გამოვლინებაზე, აი, ასეთი ტიპის გამოვლინებაზე, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ ასეთი აგრესია გამოავლინონ, რომელიც გადადის სისხლის სამართლის დანაშაულში, სათანადო პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.