ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე საქართველოში

თათია ლაშაური

 17 მაისს, რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან სექსუალური უმცირესობები და მათი ქომაგები შეიკრიბებიან.

აქცია ჰომოპოფობიის წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობის ინიციატივით ტარდება. პარალელურ რეჟიმში, სოციალურ ქსელებში ვრცელდება რელიგიურ აქტივისტთა განცხადებები. რამდენიმე მამაო მრევლთან ერთად აქციაზე მისვლას და პარალელურად საპროტესტო მსვლელობის მოწყობას აპირებს. ისინი ახადებენ, რომ საპატრიარქოს ნებართვითა და კურთხევით მოქმედებენ. თუმცა ამის შესახებ საპატრიარქოს მხრიდან არანაირი ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. აქციის მონაწილეების უსაფრთხოების მიზნით, იდენტობა საგანგებო მითითებების სიას აქვეყნებს.ორგანიზაცია აქციაზე მისვლის მსურველებს მოუწოდებს, რომ არ შეეშინდეთ მოსალოდნელი საფრთხის და მაინც მიიღონ მონაწილეობა, რადგანაც აქციის გამართვა მათი კონსტიტუციური უფლებაა, პოლიცია კი ვალდებულია, დაიცვას მათი უსაფრთხოება. ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციას დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილიც გამოეხმაურა. პრემიერმა განაცხადა, რომ უმცირესობების უფლებათა დაცვა სახელმწიფოს პრიორიტეტია. ივანიშვილის განცხადებით, 17 მაისის აქციის მონაწილეთა გამოხატვის უფლებებს დაიცავს. იდენტობა იმედოვნებს, რომ რომ აქცია ჰომოფობიის წინააღმდეგ ყოველგვარი დაპირისპირებისა და დაძაბულობის გარეშე ჩაივლის.