საქართველოს პოლიტიკა ანექსიის წინააღმდეგ

ნატა ბიწაძე

ცხინვალის დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნულ ხელშეკრულებას მოსკოვი ცხინვალთან 2015 წლის დასაწყისში გააფორმებს.

ე.წ. ხელშეკრულების  თანახმად, შეთანხმების ვადა განისაზღვრება ათი წლით და  მისი მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება იმ შემთხვევაში ხუთი წლით, თუ ერთი მხარე მეორეს ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე არ შეატყობინებს ამის შესახებ. ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ პარტნიორ სახელმწიფოზე სამხედრო შეტევას, მეგობარი სახელმწიფოები მათზე განხორციელებულ აგრესიად აღიქვამენ. ასეთ დროს მხარეები ვალდებულნი არიან დაიცვან და აღმოუჩინონ ერთმანეთს სამხედრო დახმარება. დოკუმენტის მიხედვით გამკაცრდება საქართველოს საზღვარზე კონტროლი, რუსეთთან საზღვარზე კი, პირიქით - მოიხსნება  ბარიერები.  შეთანხმება თანამშრომლობის ახალ დონესაც ითვალისწინებს, ასევე, საბაჟო, ეკონომიკურ, სოციალურ, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში. 

ხელშეკრულების თანახმად, საგარეო პოლიტიკა მოიცავს ურთიერთის ინტერესების გათვალისწინებას „თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროებში“, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ ერთმანეთის „ინფორმირებას“. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს „ერთობლივ ზომებს“ აფხაზეთის საზღვრების დასაცავად, რადგან ერთობლივად იქნას დაცული არა მხოლოდ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი, არამედ სეპარატისტული რეგიონის სახმელეთო და საზღვაო საზღვრების სხვა მონაკვეთებიც. ამავე ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთი იღებს ვალდებულებას, რომ „დამატებითი ზომები მიიღოს“, რათა „აფხაზეთის მოქალაქეებისთვის“ რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად საჭირო პროცედურები გაამარტივოს.

საქართველოს პრემიერის განცხადებით, მოსკოვსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულების გაფორმება ყველაზე მეტად საქართველოს აზიანებს. ამავე დროს, ღარიბაშვილი რუსეთის მიმართ სანქციების გაუქმებაზე საუბრობს, ოპოზიცია კი, ოკუპანტისთვის დამატებითი სანციების შემოღების მომხრეა. მოგვიანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღიარებს, რომ რუსეთთან ურთიერთობაში პროგრესს ვერ მიაღწია და შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის აფხაზეთთან ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების გამო. სამინისტრო იუწყება, რომ ქვეყნის მთავარი ბერკეტი საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება და ეუთოს მინისტერიალში თემის აქტუალიზებაა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო ტერიტორიული მთლიანობის შელახვას არასოდეს შეეგუება და ამ საკითხში არავითარ კომპრომისზე არ წავა.

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი პრემიერთან შეხვედრისას აცხადებს, რომ ნატო აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს. ,,ჩვენ გზას ვუჭრით რუსეთის ხომალდებს. სანქციები ნათელი გზავნილია იმისა, რომ რუსეთის ქმედებებს შედეგი მოსდევს “,- ამბობს სტოლტენბერგი.

ექსპერტ რამაზ საყვარელიძის აზრით, საქართველოს თემას მას შემდეგ მოეკიდნენ ყურადღებით, რაც რუსეთმა უკრაინას შეუტია. “რუსეთი უკან არ იხევს, მაგრამ ქვეყანაში სანქციებით გამოწვეული ეკონომიური პროცესები უფრო და უფრო მძიმე ხდება”, – აღნიშნავს საყვარელიძე.

რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ სააკაშვილის მემკვიდრეობაა აზრი, რომ საქართველოს მხოლოდ დასავლეთი უშველის. მთავრობამ უნდა შეიმუშაოს სხვა სტრატეგიები, იმუშაოს რუს საზოგადოებასთან, გაააქტიუროს ურთიერთობას აფხაზებისა და ოსების მოსახლეობასთან. ,,ოსები და არა ოსეთი, აფხაზები და არა აფხაზეთი, ხალხი უნდა გახდეს საქართველოში პოლიტიკური ქმედებების ერთ-ერთი ფაქტორი“, – ამბობს საყვარელიძე.

ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობებში, გიორგი რუხაძე ფიქრობს, რომ მკაცრი განცხადებები და საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება არ იქნება საკმარისი . საქართველო უნდა შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს დ ა ქვეყანაში უნდა გაიყინოს კრემლთან დაკავშირებული რუსული კომპანიების აქტივები.

,,როცა რუსი ჯარსკაცები უკრაინელებს ხოცავდნენ, თბილისი მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებით იწონებდა თავს და სამარცხვინოდ დუმდა იმის შიშით, რომ რუსულ დახლებზე ხილ-ბოსტნეულს ვეღარ დაალაგებდა. რუსეთთან ფლირტი უკვე დასრულებულია. ხელისუფლებას უნდა ეყოს გამბედაობა იმისთვის, რომ შეცდომები აღიაროს და აფხაზეთის ანექსისს წინააღმდეგ ბრძოლაში მთელი პოლიტიკური სპექტრი და სამოქალაქო საზოგადოება გააერთიანოს.”, – აღნიშნავს რუხაძე.

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი, სოსო ცისკარიშვილის აზრით, საქართველოს მხრიდან აგრესიაზე და სანქციებზე ფიქრი მომაკვდინებელი იქნება. ,,ეს იუმორის თემაა კრემლისთვის, და არა რაიმე საფრთხე. უნდა ვცადოთ გონით მივაღწიოთ ჩვენთვის სასურველ მიზნს და არა ღონით”, – აცხადებს ექსპერტი.