დღის მნიშვნელოვანი მოვლენები

ელენე მახარობლიშვილი

ხვალიდან სოციალურად დაუცველი მოსახლეობა სამარშრუტო ტაქსით განახევრებულ ფასად იმგზავრებს. გადაწყვეტილება კომპანია ,,თბილისის მიკროავტობუსმა” მერიის ინიციატივით მიიღო. სპეციალური ბარათის გამოყენება დღეში მხოლოდ ოთხჯერ იქნება შესაძლებელი. სოციალურად დაუცველთა შეღავათიანი მგზავრობისთვის ბიუჯეტიდან 300 000  ლარია გამოყოფილი.  

 

საქართველო ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მონაწილეობს. ქართული დელეგაციის ნაწილი ლიტვის დედაქალაქში უკვე ჩავიდა. სამიტი ხვალ გაიხსნება, რომლის ფარგლებშიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება უნდა მოხდეს. 29 ნოემბერს, სამიტზე  საქართველოს პრეზიდენტი-გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვა. ამავე დღეს,   ქართული დელეგაცია ვილნიუსში ვიზიტს დაასრულებს. ამ დღეს სრულდება აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მესამე სამიტი, რომელსაც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა მასპინძლობს.  ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით, პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ევროპისკენ კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯზე საუბრობს. ,,საქართველო ევროპული ქვეყანაა თავისი კულტურით, ისტორიითა და, რაც მთავარია, ღირებულებებით. სწორედ ამიტომ, ევროკავშირში ინტეგრაცია არის ერთადერთი გზა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, საქართველო ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ევროპულ ქვეყნად,“ - ნათქვამია განცხადებაში.  

საახალწლოდ პატიმართა კიდევ ერთი შეწყალებაა დაგეგმილი. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განმარტებით, ამ დროისათვის კომისიაში 600 განაცხადია შესული.  მათგან 150 შეწყალების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. განაცხადების მიღება ჯერ არ დასრულებულა. მისივე თქმით, კომისიის წევრები განაცხადებს არსებული დებულების მიხედვით განიხილავენ. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა დებულების კრიტერიუმების ცვლილებაზე.