დავით ნარმანია დეცენტრალიზაციაზე

მინისტრმა შეხვედრაზე დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები განიხილა.

დავით ნარმანიამ სტუდენტებთან რეფორმის მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმის შედეგად ქვეყანაში ჩამოყალიბდება ორდონიანი - მუნიციპალური და რეგიონული თვითთმართველობა. მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს მოსახლეობის დაახლოებას საკუთარ თვითმმართველობებთან და, შესაბამისად, გაზრდის მათ ჩართულობას ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტის პროცესში.

მინისტრმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა უფლებამოსილებები და კომპეტენციები მიენიჭება თითოეული დონის თვითმმართველობას, როგორ ჩამოყალიბდება მუნიციპალური და სამხარეო ბიუჯეტები და როგორ გახორციელდება ზედამხედველობის ფუნქციები.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, რეფორმის შედეგად გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა, ხოლო სოფლებისგან ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც მოხდება მუნიციპალიტეტების ფორმირება. რეფორმის შედეგად სოფლებში 3 500 საზოგადოებრივი თვიმმართველობის საბჭო შეიქმნება და მათი ფუნქცია სოფლის პრიორიტეტების განსაზღვრასა და ადგილობრივი პრობლემების გადაჭრაში მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა იქნება. მინისტრის თქმით, ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის თბილისშიც, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები იქნება არჩევითი.

კითხვაზე - თუ რა ფინანსებით იფუნქციონირებს თვითმმართველობები, მინისტრმა უპასუხა, რომ ყველა მუნიციპალური თვითმმართველი ერთეულისა და მხარისთვის გამოყოფილი იქნება ცალკე, დამოუკიდებელი ბიუჯეტი, ხოლო საგადასახადო შემოსავლების გამიჯვნისას, კანონმდებლობით გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი, ზიარი და საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2015 წლიდან ეტაპობრივად გაიზრდება ადგილობრივი და სამხარეო ბიუჯეტების წილი, რაც 2017 წლისთვის მთლიანი საჯარო ფინანსების არანაკლებ 33%-ს შეადგენს. ''2013-2014 წლებში გატარდება სხვადასხვა სამართლებრივი, ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებები, რათა 2014 წელს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნებისთვის უზრუნველყოფილი იქნას დეცენტრალიზაციის მიმართულებით რეფორმების და არსებითად ახალი სისტემის ფორმირების მნიშვნელოვანი ეტაპი. 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდგომ ეტაპზე განხორციელდება ახლად ჩამოყალიბებული სისტემის შემდგომი სრულყოფა ინსტიტუციური, საფინანსო-ეკონომიკური, მართვის ეფექტიანობისა და დემოკრატიულობის კუთხით'', - აღნიშნულია სამინისტროს ვებ-გვერდზე.