19 აპრილის აქციის შეფასებები

ქეთი ჟვანია

 Newscafe.ge გთავაზობთ საინფორმაციო სააგენტოებიდან ამოკრეფილ შეფასებებს.

Netgazeti.ge: საპარლამენტო უმრავლესობა 19 აპრილის აქციას აფასებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არაადეკვატური ამბიცია აქვს. 

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის  ეკა ბესელიას თქმით, ნაკლებად საინტერესოა, დაიცდის თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" მომავალ არჩევნებამდე. მისივე თქმით, დარჩა განცდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" წარსულში დარჩა.

Frontnews.ge: სალომე ზურაბიშვილი: „ნამდვილად დამთავრდა ნაცსახელმწიფო“

„მახსენდება სხვა აპრილი და სხვა ხალხი .... და ასი დღე წვიმაში და ქარბუქში გატარებული .... და ათი ათასზე ნაკლები იშვიათად თუ ყოფილა...მაგრამ მარგინალებს და რადიკალებს გვეძახდნენ... და არც სახელმემწიფო/პარტიული ბიუჯეტი გვეხმარებოდა ხალხის მოზიდვაში და არც "უპარტიო" პრეზიდენტი "გვიმშვენებდა" მხარს .... ნამდვილად დამთავრდა "ნაცსახელმწიფო"! ესენი შეძლებენ თუ არა ოპოზიციად გარდაქმნას, საეჭვოა... იწყება საქართველოსთვის პოლიტიკური დამშვიდების და ქვეყანაზე ზრუნვის დრო!"- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ facebook-ის საკუთარ გვერდზე.

EPN.ge: ნაციონალური მოძრაობის აქცია უმრავლესობის წევრებმა შეაფასეს

როგორც უმრაველესობის ერთ-ერთმა წევრმა, კობა დავითაშვილმა განაცხადა, აქციაზე შეკრებილი ხალხის რაოდენობამ შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.
„დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ მოახდინა მობილიზაცია და ცოცხზე კაცი გამოიყვანა. ხალხის რაოდენობამ შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. ახალი ეროვნული მოძრაობისთვის კი არა, კაი ქელეხისთვის იყო ცოტა. მე მიმაჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობა დასრულდა“, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.

აქციას  საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, ლევან ბერძენიშვილიც გამოეხმაურა.
„მე არ მჯერა ნაციონალური მოძრაობის აღორძინების. ჩვენ სხვა რამეს ვხედავთ, მათ აქვთ შიდა პრობლემები, აქვთ ერთამანეთთან დაპირისპირება და ვისი პარტიაა ბოლოს და ბოლოს - ქარდავასი, ახალიასი, მერაბიშვილის თუ საკაშვილის ვერ გავერკვიეთ“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

Netgazeti.ge: ღარიბაშვილი: ”ნაციონალების” აქციაზე ვერანაირი სიურპრიზი ვერ ვნახე

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 19 აპრილს, ტელეკომპანია ”იმედის” გადაცემაში ”ღია ეთერი”, შეაფასა ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ თბილისში გამართული საპროტესტო აქცია და განაცხადა, რომ  ეს იყო ერთი ჩვეულებრივი, დამარცხებული პოლიტიკური ძალის აქცია.

IPN.ge: ირაკლი ღარიბაშვილი - პოლიციამ დღეს ახალი სტანდარტები აჩვენა

შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, პოლიციამ დღეს უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის კუთხით ახალი სტანდარტები აჩვენა.

Frontnews.ge: ვანო მერაბიშვილი დღევანდელი აქციით კმაყოფილია

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი დღევანდელი აქციით კმაყოფილია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღევანდელი აქციის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებამდე განუცხადა. "კმაყოფილი ვარ! რა, არ უნდა ვიყო კმაყოფილი?!" – განაცხადა შს ექს–მინისტრმა და ყოფილმა პრემიერმა.

 

Pirweli.com.ge: "ვანო მერაბიშვილმა მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა"

 

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია "ჯეპრას" უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა.
მისი თქმით, დღევანდელ აქციაზე ყოფილმა მმართველმა პარტიამ იმ რაოდენობის მომხრეების მობილიზება ვერ მოახერხა, რამდენიც რეალურად ჰყავს.

 

News.ge: "ნაციონალებისთვის" ევროპული არჩევანი ადამიანების დახოცვა და გვამების მაღაზიის თავზე შემოწყობაა"

 

პარლამენტის ვიცეს-სპიკერის მანანა კობახიძის შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც დღეს საკუთარ თავს ეროვნულ მოძრაობას უწოდებს, ქართველმა ხალხმა პირველ ოქტომბერს ძალიან სერიოზული პასუხი გასცა.
კობახიძის თქმით, „ნაციონალების“ აქციაზე დღეს ახალი არაფერი მომხდარა. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამბობს, შეკრების უფლება ყველას აქვს. ხოლო საზოგადოება ხედავს საით მდის ქვეყანა.

 

News.ge: "ბოკერიას და მერაბიშვილის ეროვნული მოძრაობა მთლად ადექვატური არ არის"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის თქმით, მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას შემდეგ ახალი ეროვნული მოძრაობა, რომელსაც ბოკერია და მერაბიშვილი დაიწყებს, ადექვატური არ არის.

News.ge: "სააკაშვილი რითი მივიდა აქციაზე, ველოსიპედით?"- აქციის საპარლამენტო გამოხმაურება

"სააკაშვილი რითი მივიდა აქციაზე ველოსიპედით? სადმე ორმო თუ ნახა აუციელბად ჩავარდებოდა. „ნაციონალური მოძრაობა“ და ეროვნული მოძრაობა ისეა ახლოს, როგორც ქუთაისში განთავსებული პარლამენტის შენობა და ჩინეთის კედელი. მკვლელები, სადისტები ეროვნულ მოძრაობას საქართველოში არასდროს არ აყალიბებდნენ. ჯალათებისა და არჩევნების გამყალბებლების მიერ ჩამოყალიბებული ეროვნული მოძრაობა მე არ მახსოვს,“ - ამბობს უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი. 

Netgazeti.ge: სოსო ჯაჭვლიანი 19 აპრილის აქციას გრანელის ლექსით გამოეხმაურა

სოსო ჯაჭვლიანის თქმით, ტერენტი გრანელმა გასულ საუკუნეში იცოდა ამ აქციის შესახებ:

„გენიოსი იმიტომ არის გენიოსი, რომ მისი ფიქრი და აზრი საუკუნეებს უძლებს, დღეს 19 აპრილია, ვიცით, რა დღეც არის, "ნაციონალები" იკრიბებიან რუსთველზე. ჩვენმა გენიოსმა ტერენტი გრანელმა მეოცე საუკუნეში უკვე ამის შესახებ იცოდა".

Medianews.ge: დღევანდელი დღე არის დიდი მოძრაობის სერიოზული დასაწყისი _ გიორგი გაბაშვილი

„თქვენ დღეს აქ ნახეთ 10 ათასობით ჩვენი მხარდამჭერი. ეს არის ჩვენი საზოგადოების დიდი და სერიოზული ნაწილი. მათი აზრის გაუთვალისწინებლობა ხელისუფლებისთვის სერიოზული დანაშაული იქნება. ეს არის დიდი მოძრაობის სერიოზული დასაწყისი, რომელშიც აუცილებლად გავიმარჯვებთ“, _ აღნიშნა გაბაშვილმა.