ღარიბაშვილის შეხვედრა უმცირესობის წარმომადგენლებთან

შეხვედრას დავით ბაქრაძე უძღვებოდა. მინისტრი და უმცირესობის წევრები ორი საათის განმავლობაში, კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილავდნენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

შეხვედრის დასაწყისში მინისტრმა ბოდიში მოიხადა, რადგან მიუხედავად უმცირესობის მიმართვისა,

გადატვირთული გრაფიკის გამო ორჯერ მოუხდა შეხვედრის გადადება. საუბრის დასაწყისში ღარიბაშვილმა   ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გასაცემად მზადყოფნა გამოთქვა და ოთხი თვის მუშაობა მოკლედ შეაჯამა. მან განაცხადა, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული მდგომარეობა სრულ კონტროლს ექვემდებარება და მიუხედავად ამინისტირებულ პირთა დიდი რაოდენობისა, მისი მკვეთრად გაუარესება არ მომხდარა. მინისტრმა ასევე ისაუბრა სისტემაში გატარებული რეფორმების შესახებ და ე.წ „კუდისა“ და „სოდის“ გაუქმების მიზეზები განმარტა: „ორივე სტრუქტურაში პოლიციური, სახელმწიფო და უსაფრთხოების ფუნქციები იყო არეული, გაიმიჯნა პოლიციისა და უშიშროების ეს შერწყმული ფუნქციები და შეიქმნა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული სააგენტოები“.

მან ასევე ისაუბრა პოლიციელების ტესტირებაზე და აღნიშნა, რომ მისი მიზანი იყო ხარვეზების იდენტიფიკაცია და შესაბამისი გადამზადების კურსების დაგეგმვა. ღარიბაშვილმა ისაუბრა იმაზეც, რომ ის და მისი გუნდი, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობას ანიჭებენ საერთაშორისო ურთიერთობებს: „ამ მხრივ გამოვყოფდი ჩემს ვიზიტს აშშ-ში, სადაც ცალსახად დაგვპირდნენ უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებას“.

ამის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და პირველი კითხვის დასმის საშუალება გია ბარამიძეს მიეცა. მან გააკრიტიკა მინისტრის განცხადება პოლიციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს ის პოლიცია იყო, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა. შემდეგ კი ქვეყანაში ამჯერად არსებული კრიმინოგენული მდგომარეობა ძველ მდგომარეობას შეადარა და აღნიშნა, რომ მეტი პროფესიონალიზმია საჭირო ამ მდგომარეობის დასარეგულირებლად და ამასთან დაკავშირებით სთხოვა მინისტრს კომენტარის გაკეთება. ამის პასუხად ღარიბაშვილმა კონკრეტული კვლევის შედები მოითხოვა, რომლის მიხედვითაც კრიმინალის რიცხვი გაიზარდა და მიუხედავად დასახელებული კონკრეტული კვლევებისა, იგი პირდაპირ შედეგებს მოითხოვდა. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ხალხში დაძაბულობის გაღრმავებას იწვევს უმცირესობის მწვავე განცხადებები ამ თემასთან დაკავშირებით და 2003 სამი წლის შემდეგ ყველა წლის სტატისტიკა მოიყვანა იმის მაგალითად, რომ ქვეყანაში ამ მხრივ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.

დარბაზში ხმაური ზაქარია ქუცნაშვილის გამოჩენამ გამოიწვია, რომელმაც მინისტრი ხუმრობის ხასიათზე დააყენა და ჰკითხა უმცირესობაში ხომ არ გადასულა. უმცირესობის წევრებმა კი გამოთქვეს ვარაუდი, რომ ქუცნაშვილი მინისტრის დასახმარებლად შეუერთდა შეხვედრას. მინისტრმაც არ დააყოვნა და სთხოვა მას გასულიყო, რადგან მარტოც მოახერხებდა პასუხების გაცემას და არ „დაიჩაგრებოდა“. მიუხედავად ამისა, ქუცნაშვილი კიდევ კარგა ხანს იმყოფებოდა დარბაზში, თუმცა შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია და საუბარში არ ჩართულა.

თენგიზ გუნავას საქმესთან დაკავშირებული კითხვის პასუხად მინისტრმა მიმოიხილა ყველა ის ფაქტი და ვერსია, რაც ამ საქმის გარშემო არსებობდა და აღნიშნა, რომ არ დაელოდა გამოძიებას და თვითონ ჩაერთო საქმეში. მიუხედავად იმისა, რომ არ დადასტურდა გუნავასთვის იარაღის ჩადების ფაქტი, რაღაც უზუსტობების გამო მან მაინც გაათავისუფლა ის 5 თანამშრომელი, რომლებიც ამ საქმეში იყვნენ ჩართულები.

ნეპოტიზმის თემასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე კი მინისტრის პასუხი შემდეგი იყო: “თქვენ არ იცით, რომ მეუღლის ნათესავი, ნათესავი არ არის?“ და მინისტრის ახლად დასაქმებული ნათესავების სიას, რომელიც ირმა ნადირაშვილმა წაიკითხა, არასერიოზული უწოდა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ თუ ადამიანი კარგი სპეციალისტია, არანაირ დარღვევას არ წარმოადგენს მისი სამინისტროში მუშაობა, მიუხედავდ იმისა, არის თუ არა ის მინისტრის ნათესავი. მისი თქმით, მას არანაირ დისკომფორტს არ უქმნის ის ფაქტი, რომ მისი ნათესავი გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელია.

ლუკა კურტანიძის პრორექტორად დანიშვნასთან დაკავშირებით შეკითხვამ საკანონმდებლო ორგანოში საკმაოდ მწვავე დებატები გამოიწვია. მინისტრის პასუხი კი იყო, რომ კურტანიძე არ არის პოლიციელი და კურირებს სპორტს, გეგმვას სპორტულ ღონისძიებებს და მთელი გულით არის ჩართული მათში, თუმცა კურტანიძის ნათქვამზე „ოპოზიციის წევრების გატყავებასთან“ დაკავშირებით აღნიშნა, რომ ის არ იზიარებს მის აზრს. ხოლო იმაზე დაისჯება თუ არა კურტანიძე კრიმინალური ქმედებისთვის, რაც ადამიანზე ფიზიკური ძალადობაში გამოიხატება, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ამ ფაქტს პროკურატურა იძიებს და მას მიმართონ კითხვით.

ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის შესახებ შეკითხვას პარლამენტში დიდი განხილვა მოჰყვა. მინისტრმა განაცხადა, რომ ცხელ კვალზე არ მოხდა საქმის გახსნა და გამოძიება ჩიხში შევიდა. მან ასევე აღნიშნა, რომ იჩქარა როცა განაცხადა, რომ მალე წარადგენდა გამოძიების შედეგებს და დასძინა - „საქმე არ არის მარტივი, თუმცა საქმის გამოძიების რეალური პერსპექტივები არსებობს“.

უმცირესობას ასევე ჰქონდა კითხვა თუ რატომ არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ეკა ბესელიას შვილის მიმართ, რომელმაც ადამიანი დაჭრა. მინისტრმა კი უპასუხა, რომ მას უკვე პირადად ჰქონდა ეს საქმე გამოძიებული და არ დადასტურდა ის ფაქტი, რომ ბესელიას შვილმა ვინმე დაჭრა - “დაჭრა არ იყო, დაზარალებული არ ყოფილა და მომჩივანი არ ყოფილა. არაფერი იქ გამოსაძიებელი არ იყო, უბრალოდ მოხდა შელაპარაკება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

8 თებერვლის ამბებთან დაკავშირებით კი ღარიბაშვილმა იგივე გაიმეორა, რასაც ამ კითხვაზე მანამდე პასუხობდა და თქვა, რომ უმცირესობის წევრები და მათ შორის პრეზიდენტიც, მათთან შეუთანხმებლად მოქმედებდნენ და განმარტა, რომ წინა დღეს უნდა ყოფილიყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მხრიდან მომართვა  და უნდა შემდგარიყო გეგმა, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა უმცირესობის წევრების ბიბლიოთეკაში შეყვანა. თემამ, იცოდა თუ არა მინისტრმა, რომ იმ დღეს ღონისძიება იგეგმებოდა საჯარო ბიბლიოთეკაში და შეეძლო თუ არა ინციდენტის თავიდან აცილება, დიდი აურზაური გამოიწვია საკანონმდებლო ორგანოში და ამ აურზაურისა და დებატების ფონზევე დამთავრდა შეხვედრა.

რაც შეეხება შეხვედრის შედეგებს, ღარიბაშვილმა შემდეგი სახის განცხადება გააკეთა: "ვერ ვიტყოდი, რომ ეს იყო იდეალური, მაგრამ მე მაქსიმალურად კორექტული და კონსტრუქციული ვიყავი. რაც შეეხება უმცირესობას, მათი მხრიდან განსაკუთრებით კონსტრუქციული იყო დავით ბაქრაძე და კიდევ რამდენიმე ბატონი. მე ვფიქრობ, რომ მათ მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გავეცი. მივესალმები ამ ფორმას". უმცირესობის წევრები შეხვედრის მიმდინარეობისას გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას იმის შესახებ, რომ მათი კითხვები მაინც პასუხგაუცემელი დარჩა.