Newscafe

შრომა, როგორც ,,ჯილდო“




ანი ხარშილაძე


,,მიუხედავად იმისა რომ ფისიქიატრიულ დაწესებულებაში ერთ თვეს ვატარებდი ხოლმე იქ ყოფნა ჩემთვისაც ძალიან მტკივნეული იყო. როცა არაფერი გაქვს - არც წიგნები, არც რადიო, ტელევიზორი, ტელეფონი, მითუმეტეს კი კომპიუტერი, რა უნდა გააკეთო? იქ დარჩენა და არაფრის კეთება მთელი დღე უკიდურესად ძნელია. შენობიდან შენობაში პურით სავსე ტომრებს ვატარებდი, არა სიგარეტის ან ნორმალური საჭმლის სანაცვლოდ, უბრალოდ 10 წუთით სუფთა ჰაერზე ყოფნა მინდოდა  და ამისთვის მზად ვიყავი მძიმე ტომრები მეთრია.“  

ამ სიტყვების ავტორი 37 წლის ოლგა კალინაა, რომელიც ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ორჯერ იმყოფებოდა და დღეს ევროპული ფსიქიატრიის სერვისის მომხმარებელთა და გადარჩენილებთა ქსელის (EUNSP) თავმდჯომარე და სახალხო დამცველის წარმომადგენელია. კალინა საკუთარი ინიციატივით მუშაობდა, მაგრამ აქვე აღნიშნავს, რომ მისი ჯგუფის წევრს ფსიქიატრიული დაწესებულების პერსონალი მუქარით ეუბნებოდა, თუ არ დაეხმარებოდა სასეირნოდ არ გაუშვებდა. მაშინ როდესაც ეზოში სეირნობა პრივილეგია არ არის  და პაციენტის შრომის გამოყენება კი არაერთი კანონის და შშმ პირთა უფლებების კონვენციისა დარღვევაა.

საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესახებ მოიცავს მთელ რიგ უფლებებსა და სახელმწიფოს ვალდებულებებს.   მე-12 მუხლში წერია: ,,სახელმწიფო უზრუნველყოფს ზომების მიღებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ექსპლუტაციის, ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის ყველა  ფორმის პრევენციის მიზნით, ასევე ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, მათი ოჯახის წევრებისა და მომვლელი პირების დახმარებასა და მხარდაჭერას ასაკისა და სქესის გათვალისწინებით ექსპლუტაციის, ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევების გამოვლენისა და თავიდან აცილების მიზნით.“

სახალხო დამცველის 2019 წლის მონიტორინგმა გამოავლინა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში შრომითი ექსპლუტაციის შემთხვევები, მათ შორის, ბედიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, სადაც „პაციენტები, ,,ნებაყოფლობით“, ფულადი ანაზღაურების გარეშე, რამდენიმე ღერი სიგარეტის, ლიმონათის, დამატებითი საკვების სანაცვლოდ, ალაგებენ პალატებს, უვლიან პაციენტებს, ასუფთავებენ ეზოს, პაციენტებს მაღაზიიდან და სამზარეულოდან ამარაგებენ საკვებით, საჭირო ნივთებით.“

ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში პერსონალი პაციენტების შრომას ანაზღაურების გარეშე იყენებს, სადაც  ზოგიერთი მათგანი ალაგებს ტუალეტს, ეხმარება პერსონალს ლოგინად ჩავარდნილი პაციენტების მოვლაში, აღგზნებული პაციენტის ფიზიკურ შეზღუდვაში.

სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციის ჯგუფი, რომელიც ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგს უზრუნველყოფს, ზემოაღნიშნულ პრაქტიკას პაციენტების შრომითი ექსპლუტაციად აფასებს. რომ პაციენტებისთვის სტაციონარში, ალტერნატივის სახით,  „არ არის სხვა შინაარსიანი და თერაპიული საქმიანობითი დაკავების შესაძლებლობა და ბენეფიციარები იძულეულნი არიან დათანხმდნენ ზემოაღნიშნული სამუშაოების შესრულებას. ხოლო მეორე, მხირვ, განყოფილებაში პეროსნალის დეფიციტის გამო, პაციენტები თავს მორალურად ვალდებულად თვლიან, დაეხმარონ სხვა პაციენტებს“.

რამაზ მუჯირიშვილი სარეაბილიტაციო ცენტრებში 8-10 წელი გადიოდა რეაბილიტაციას. (პირველად ასათიანზე მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში, დანარჩენ ორს კი არ ასახელებს) მან სურვილი გამოთქვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ემკურნალა, მაგრამ მისვლისთანავე წამოვიდა: ,,საპირფარეშოში და აბაზანაში მილი გამსკდარი იყო, საკანალიზაციო წყალი წვეთავდა, მირჩევნია სახლში მოვკვდე, ვიდრე აქ დავწვე-მეთქი და გამოვიქეცი“, - ამბობს მუჯირიშვილი.  თუმცა, მას მუშაობა  სარეაბილიტაციო ცენტრებშიც უწევდა: ,,სამი ადგილი გამოვიცვალე, ამდენი ავეჯის გადატანა-გადმოტანა ხო საჭირო იყო და ჩვენ გავაკეთეთ, ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებმა.“

სარეაბილიტაციო ცენტრში შესრულებულ სამუშაოებს რამაზ მუჯირიშვილი შრომით ექსპლუტაციად არ მიიჩნევს: ,,სულ უსაქმოდ ჯდომას, ჯობია ეს გააკეთო, თუ არ შეგიძლია  უბრალოდ სკამი აიღე და გაიტანე.“ დღეს ის რამდენიმე ადგილას მუშაობს. ერთ-ერთი ხის საწარმო ,,კოდალაა“, სადაც სახელმწიფო პროგრამის საშუალებით მოხვდა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ადვოკატის და კოორდინატორ-მკვლევრის, მარიამ ჯანიაშვილის თქმით, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მყოფი ადამიანების ცხოვრება იმ უმძიმეს პირობებში ყოველდღიურად კანონდარღვევაა: ,,მათ შორისაა შრომითი ექსპლუტაცია: ესაა არა მხოლოდ ამ კანონების დარღვევა, არამედ კონსტიტუციის, საერთაშორისო სტანდარტების და, პირველ რიგში, გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვეციისა“.

გაეროს შშმ პირთა კონვენციის მე-16 მუხლში - ექსპლუატაციის,  ძალადობისა და შეურაცხყოფისაგან თავისუფლება, საუბარია მონაწილე სახელმწიფოების ვალდებულებებზე: ,,მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის საკნონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ, საგანმანათლებლო და სხვა ზომებს, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვა ექსპლუტაციის, ძალადობისა და შეურაცხყოფისგან.“

საქართველოს კანონში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, მე-5 მუხლში კი ვკითხულობთ: ,,პაციენტს უფლება აქვს ისარგებლოს ჰუმანური მოპყრობით, რომელიც გამორიცხავს მისი ღირსების შემლახველ ყოველგვარ მოქმედებას.“

უფლებადამცველები, პაციენტები და ფქსიქიატრიულ დაწესებულებებში მომუშავე პირები ჩვენთან საუბარში ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ექსპლუტაციის რამდენიმე მიზეზს გამოყოფენ, მათ შორის მთავარი პაციენტების მიერ საკუთარი უფლებების არცოდნაა.

,,ერთ-ერთი ფსიქიატრიულის პაციენტი, (რესპოდენტი კონკრეტულად დაწესებულების სახელს არ ასახელებს)  რომელიც კონსულტაციაზე მირეკავდა ხოლმე, (უფლებადამცველთან სატელეფონო საუბარი ძალიან იშვიათია) მეუბნებოდა, რომ ოთახში ლოგინად ჩავარდნილი მეზობელი ჰყავს. ეს პაციენტი სრულიად უზრუნველყოფს მის მოვლას; ტვალეტის კომპონენტი იქნება ეს, დასუფთავება თუ დაბანა. იგი ამ უკანასკნელს ექსპლუტაციად არ აფასებს. იდენტიფიცირება მაშინ შევძელი, როდესაც საცხოვრისის გამოცვლის საჭიროება დადგა, თავისი მზრუნველობისქვეშ მყოფი მეგობრის დატოვება კი არ უნდოდა“, - იხსენებს პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) პროექტების ხელმძღვანელი ნანა გოჩიაშვილი, - ,,მას ისე უყვარს ის ადმაიანი, რომ მისი მხარდაჭერა სურს, საერთოდ არ უყურებს ამ ყოველივეს უფლებების დარღვევად“. 

ფსიქიატრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების გამეგობის წევრი ნანა ზავრადაშვილი პაციენტების ინფორმირებულობის ნაკლებობასა და პერსონალის მიერ პაციენტების უფლებების არცოდნაზეც საუბრობს: ,,როდესაც მიდიხარ დაწესებულებაში და პერსონალს ეუბნები რომ თქვენ ამ ადამაინების შრომას იყენებთ, პასუხის სულ ერთი და იგივეა - აქეთ გვეხვეწებიან, ჩვენ არ ვაძალებთ და ეს შრომა-თერაპიაში რატომ არ გადის? მათრახით არავინ ამუშავებს. მადლობასაც ეუბნებიან, ოღონდ რამე გააკეთონ“.

უფლებადამცველები აღნიშნავენ რომ ფსიქიატრიული დაწესებულების ყველა კედელზე გამოკრული უნდა იყოს პაციენტთა უფლებები, სახალხო დამცველის, იურისტის, უფლებადამცველის ნომერები. რუსთავისა და ხონის ახალ დაწესებულებებში ერთ ან ორ ბუკლეტს თუ შეხვდებით მაგიდაზე ,,დაგდებულს“, ისიც პაციენტებისგან მოშორებულ ტერიოტრიაზე.

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) პროექტების ხელმძღვანელი ნანა გოჩიაშვილი თავად მონაწილეობდა ბროშურების მომზადებასა და ბენეფიციარებისთვის უფლებების გაცნობაში. ის იხსენებს, რომ სპეციალურ ჯგუფთან ერთად ატარებდა ჯგუფურ და ინდივიდუალურ შეხვედრებს და პაციენტებს  აწვდიდნენ საჭირო ინფორმაციას, მათ შორის, უფასო იურიდიული დახმარების შესახებ, თუმცა, მისი თქმით ეს დიდი ძალისხმევის ფასად დაუჯდათ და მხოლოდ ცალკეულ დაწესებულებებში შევიდნენ: გლდანის, ქავთარაძის და ბედიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. აქვე ხსნის დაწესებულებებში შესვლის სირთულეს, რომ ამ ყველაფრისთვის მთელი რიგი საჯარო განცხადებების დაწერა მოუწიათ.

საქართველოს კანონში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კი ნათქვამია: ,,პაციენტს უფლება აქვს ისარგებლოს დამცველის მომსახურებით. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს პაციენტის დამცველთან შეხვედრა მესამე პირის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა არ იძლევა ამის შესაძლებლობას.“

ნანა გოჩიაშვილი ექსპლუტაციის გამომწვევ კიდევ ერთ პრობლემას გამოყოფს - პერსონალის დამოკიდებულებას პაციენტებისადმი: - ,,არათანასწორად აღიქვამენ ამ ადამიანებს, რაღაც ნივთებად, მოვლის ობიექტებედაც კი არა. მაშინ როდესაც ადამიანს თანასწორად არ აღიქვამ კომუნიკაციაც შეურაცხმყოფელია, ღირსების შემლახველი და ხშირად, შეიძლება, ძალადობრივიც კი.“

ამავე პრობლემას გამოყოფს EMC-ის ადვოკატი მარიამ ჯანიაშვილი, რომელიც მონაწილეობდა ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგში ,,შეფასების ანგარიში ქვეყნის მასშტაბით - 2019 წელი“.  მან რამდენიმეკაციან ჯგუფთან ერთად მოინახულა ათეულობით დაწესებულება, ასეულობით პაციენტი. ,,პერსონალი ყოველთვის ეცდება პაციენტის დაჩაგვრას, ეს არის კულტურა, ინსტიტუციონალიზაციის კულტურა, რომელიც ამ ადამიანებს დაქვემდებარებულ მდგომარეობაში ამყოფებს, ვერანაირი ფინანსურის რესურსი ვერ შეცვლის ამას.“

სახალხო დამცველის წარმომადგენელი ოლგა კალინა იხსენებს შემთხვევას, როდესაც ,,პერსონალმა ერთ-ერთ დაწესებულებაში ,,რეაბალიტაციის მიზნით“ ქალებს წინდებით სავსე ტომარა მისცა და მამაკაცების განყოფილებისთვის გაკერვა დაავალა, რა თქმა უნდა, ანაზღაურების გარეშე. პერსონალი ამ ყოველივეს შრომა-თერაპიას უწოდებს, როდესაც მთელი ტომრა წინდების გაკერვა ადამიანის შრომის უხეშად, შეურაცხმყოფელად გამოყენებაა.“

,,როცა დაინახეს, ძალიან მკაცრად მივუდექით, თითქმის მინიმუმამდე დაიყვანეს ჭუჭყიანი საქმეების კეთება. ექთნები და სანიტრები გაფრთხილებულები არიან თავისი საქმე თავად აკეთონ. ადრე ვერც ხვდებოდნენ, ახლა შეიძლება არ ეთანხმებიან ამ აზრს, მაგრამ იციან რომ, ეს შეფასებულია პაციენტის შრომის გამოყენებად. ტუალეტების დალაგება ისეთი აშკარა აღარაა,“ ამბობს საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების გამგეობის წევრი ნანა ზავრადაშვილი და ასევე აღნიშნავს, რომ პერსონალიც მძიმე მდგომარეობაშია: ,,ყოველთვის ამბობენ რომ დაბალი ხელფასია და კადრები არ ჰყოფნით“.

თუმცა, ყველა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მსგავს სურათს არ შეხვდებით. რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მაგიდებზე, თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო ბროშურები აწყვია, ხოლო კედლებზე პაციენტთა უფლებების შესახებ განცხადებებია გაკრული, ასევე ყველა საჭირო ტელეფონის ნომერი: სახალხო დამცველის, უფლებადამცველის, პოლიციის... ამის შესახებ ინფრომაციას რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისა და სათემო მობილური ჯგუფის სოციალური მუშაკი გივი ხვედელიძე გვაწვდის - ,,აქ სხვა ცენტრებთან შედარებით მცირე, მხოლოდ 23 საწოლია.“

ამ ცენტრში არტ-თერაპიის კურსები, ფიზკულტურის და ძერწვის გაკვეთილები, გამოფენები ეწყობა. გივი ხვედელიძის განცხადებით, აქ პაციენტების საწოლზე დიდხანს დაყოვნება არ ხდება და რომ პრაქტიკაში შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევა არ ჰქონია. ხვედელიძე აღნიშნავს რომ ამ გარემოებას რუსთავის დაწესებულების მცირე მასშტაბებიც უწყობს ხელს: - შეუძლებელია ბევრი პაციენტის მიღება, რასაცმინიმუმდე დაჰყავს პაციენტების უფლების დარღვევა.

უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ ფსქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პაციენტებისთვის გაეროს კონვენციით თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების დაცვას ფსიქიკური ჯამრთელობის სერვისების დეინსტიტუციონალიზაცია შეუწყობს ხელს, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, მაგრამ დღევანდლამდე ის ვერ განხორციელდა.

2014 წელს საქართველოს მთავრობამ N762 დადგენილებით მიიღო შემდეგი დოკუმენტი - ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი და 2015-2020 წლის სამოქმედო გეგმა“.  მისი მომავლის ხედვა ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვა, თვითგამორკვევა და საზოგადოებაში ინტეგრირება იყო.

ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების დეინსტიტუციონალიზაციას ეხმიანება ოლგა კალინაც:,,ზოგადად სტაციონარები არ უნდა არსებობდეს, დეინსტიტუციონალიზაცია უნდა განხორციელდეს, შეიქმნას საცხოვრისი სისტემა, ეს არ უნდა იყოს 25 კაციანი დაწესებულებები, რომლის მშენებლობა სახელმწიფოს მხარდაჭერით ახლა მიმდინარეობას. საჭიროა იდივიდუალური საცხოვრისები, ჩვეულებრივი ბინები, უბრალოდ არაჩვეულებრივი მხარდაჭერაა საჭირო.“

EMC-ის წარმომადგენელი მარიამ ჯანიაშვილის თქმით, სახელმწიფო პრობლემური ინსტიტუციების სათანადო მონიტორინგს არ ახორციელებს, და „მიუხედავად იმისა რომ მილიონებს გამოყოფს, არ აინტერესებს როგორ იხარჯება ეს ფული. ჯანიაშვილი კანონდარღვევების უპირველეს მიზეზად გარემოს ასახელებს, რომელიც საზოგადოებისგან მოშორებულია, და მათი ამ ფორმით არსებობ - საზოგადოებრივი ცხოვრებისგან მოწყვეტა, ადამიანს საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის საშუალება დაუკარგა.

ამ პრობლემების გადასაჭრელად უფლებადამცველებისა და ექსპერტების რეკომენდაციებით, სახელმწიფომ უნდა დაიწყოს ეფექტიანი მონიტორინგი,   პაციენტთა ინფორმირებულობა საკუთარ უფლებებზე, საჩივრების განხილვა, პერსონალის გადამზადება, უფლებადამცველების დაშვება ყველა დაწესებულებაში და ყველაზე მნიშვნელოვანი - ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის დაწერა შშმ თემის ჩართულობით. 

ამ სტატიაში განხილული პრობლემების შესახებ კომენტარისთვის საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორი თვის განმავლობაში  არაერთხელ მივმართეთ, თუმცა, მრავალი მცდელობის მიუხედვად, პასუხები ვერ მივიღეთ.