ასინქრონული უკუთვლა რუსთაველის თეატრის სცენაზე

ქეთი არჯვაძე

”მიყვარხართ...”, ”გთხოვთ დააფასოთ, დაინახოთ და შეიყვაროთ...” - ეს სარა კეინია. რუსთაველის თეატრში თანამედროვე დრამატურგის, სარა კეინის პიესა ”ფსიქოზი 4.48” ახალგაზრდა რეჟისორმა, კიტა როყვამ დადგა.

ქალის შინაგანი დრამატურგია, ან თუ გნებავთ “კოსმიური ტრადეგიაც”, კაცმა გაითავისა. ბესო ზანგური მთავარი და სპექტაკლში ერთადერთი როლის  შემსრულებელი იყო.

თეატრში მისულს მაყურებლის წრიული განლაგება მომხვდა თვალში, რომელიც მყუდრო და, ამავე დროს, ცოტა მისტიურ გარემოს ქმნიდა, თუმცა ეს არაფერია იმ შეგრძნებასთან შედარებით, როცა ჩემი კუთვნილი ადგილი დავიკავე და დავაფიქსირე, რომ დარბაზს ვუყურებდი, ცარიელ დაბრაზს.

სცენაზე ვიყავი.

ყველა სცენაზე ვიყავით!

იატაკზე მიმობნეულმა წამლებმა, თავის ჩამოსახრჩობად გამზადებულმა ბევრმა თოკმა, მტვრიანი და უსარგებლო ფურცლების დასტამ, ცარიელი არყის ბოთლებმა და სცენის განათებამ დეპრესიულ-პათოლოგიური ფსიქოზის განცდა პირველივე წუთებიდან მოიტანა.

ის აზრი, რომ ზოგჯერ კითხვები პასუხებს სჯობს, საბოლოოდ მაშინ გამეფანტა, როცა სპექტაკლი დაიწყო. საინტერესოა ძიების პროცესი - ამ კითხვებისთვის პასუხის საპოვნელად, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც პასუხი უდავოდ სჯობს კითხვას. როცა მსახიობის მონოლოგს ისმენ,  თითქოს ეს-ესაა გამხილეს და ყველა შენი ფიქრი სამსჯავროზე გამოიტანეს, რადგან საუბრობს ისეთ თემებზე, რომლებზეც იქ მყოფ ადამიანებს უდავოდ უფიქრიათ და თუ ჯერ არ, მაშინ “წინ ელოდებათ”.

სუიციდის სურვილი, დეპრესია, ცხოვრების აბსურდულობა, სიცოცხლეში აზრის ვერდანახვა და კიდევ უფრო უარესი - სიკვდილით შვების ვერმოტანა - ბევრი ადამიანისთვის კარგად ნაცნობი და ბევრისთვის უკვე განცდილი გრძნობებია. რეჟისორის გადაწყვეტა, რომ მაყურებელიც სცენაზე ყოფილიყო, სწორედ ამისკენ იყო მიმართული, რადგან ეს ის თემებია რომელიც ყველას თანაბრად გვაწუხებს ან, უარეს შემთხვევაში, გვტანჯავს, თუმცა სარა კეინის გამბედაობა, ან გნებავთ, ცოდვის ჩადენის სურვილი, არ გვაქვს. როგორც რეჟისორმა გვითხრა, ის შეეცადა, ეს განცდები ცოტა უფრო შეემსუბუქებინა.

პიესის მთავარი კონცეპტი ადამიანის გაორება, საკუთარი თავის დაკარგვაა. ერთი შეხედვით, გგონია რომ, ადამიანის გაორებას უყურებ, მერე კი ხვდები, რომ რაღაც მულტი-პერსონა იღვიძებს შენში (ან მასში-მსახიობში),  თუმცა, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, გაცილებით უფრო მარტივად იქნებოდა ყველაფერი, ვინაიდან ადამიანს ბევრს შორის არჩევანის გაკეთება ხომ უფრო უადვილდება, ვიდრე ორს შორის? ამიტომ ერთადერთი გამოსავალი “თითქოს” სიკვდილია, თუმცა სიცოცხლის სურვილის გაქრობა საკმარისია იმისთვის, რომ სიკვდილის სურვილი გაგიჩნდეს?

"გახსოვდეს სინათლე და ენდე სინათლეს

ჭეშმარიტება სიკვდილის წინ გამოგინათებს

არ დამივიწყო, ერთსა გთხოვთ მხოლოდ-მინდა გიყვარდეთ" - სარა კეინი.

“ფსიქოზი 4.48” სარა კეინის უკანასკნელი და ყველაზე სკანდალური პიესაა. დრამატურგმა 28 წლის ასაკში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მისი დეპრესიის მთავარი მიზეზი ”გაორება” იყო.

რატომ შეარჩიეს კაცი ქალის სულიერი მდგომარეობის წარმოსაჩენად და როგორია კაცის მიერ განცდილი ყოველივე ზემოთ აღნიშნული, ამაზე თავად რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი ისაუბრებენ: