ბათუმში მეჩეთი აშენდება, მაგრამ არა გმირთა მოედანზე

ია ფრანგიშვილი

რამდენიმე დღის წინ, თურქეთში საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტისას, მხარეებმა თურქეთ–საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრეს. საქართველოს პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განაცხადებით მათ, აზიზიეს მეჩეთისა და ქართული ტაძრების გარშემო არსებული პრობლემაც განიხილეს და საბოლოოდ ძალიან წარმატებულ შეთანხმებას მიაღწიეს,  კერძოდ კი იმას, რომ ბათუმში მეჩეთი აშენდება, მაგრამ არა აზიზიეს

სახელობის და არა მის პირველყოფილ ადგილას , თურქეთი კი შეგვპირდა, რომ ქართული ექსპერტებისა და არქიტექტორების ჯგუფი ოშკისა და იშხანის რესტავრაციაზე დაიშვებიან.

ინფორმაცია აზიზიეს მეჩეთის ბათუმში აშენების შესახებ, დაახლოებით ერთი წლის წინ გავრცელდა და მას განსაკუთრებულად მწვავე რეაქცია მოჰყვა ბათუმის მართლმადიდებელი მოსახლეობის მხრიდან. გმირთა სკვერში, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, აზიზიეს მეჩეთის აგება იგეგმებოდა, რამდენიმე საპროტესტო აქცია მოეწყო და წმიდა ლიტურღია აღევლინა

საინტერესოა ამ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მურმან დუმბაძის პოზიცია, რომელიც აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციებს ხელმძღვანელობდა, ის კატეგორიულად აპროტესტებდა ბათუმში ''დამპყრობლის, სულხან აბდულა აზიზიეს სახელობის მეჩეთის'' მშენებლობას, თუმცა ახლანდელ შეთანხმებას სრულად უჭერს მხარს და ამბობს, რომ ის არასოდეს ყოფილა ბათუმში ჯამეს მშენებლობის წინააღმდეგი. დუმბაძე ჩვენთან საუბრისას დაადასტურა, რომ თავის დროზე რესპუბლიკური პარტიიდან მისი გარიცხვის მიზეზი, სწორედ მისი მხრიდან მეჩეთის მშენებლობის საწინააღმდეგო აქტივობა გახდა: ''დიახ, ჩვენ მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები გვქონდა, ამიტომ მე მივმართე პირდაპირ მოსახლეობას, ანუ პარტიის მიღმა დავიწყე ამ საკითხზე მიტინგების ორგანიზება, რაც ჩემი მხრიდან პარტიის წესდების დარღვევა იყო და ისინი იძულებულები იყვნენ გავერიცხე პარტიიდან. თუმცა ვიმეორებ, რომ აზრთა სხვადახვაობა სწორედ იმაში გამოიხატებოდა, რომ მე ვეწინააღმდეგებოდი მეჩეთის მშენებლობას ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო ისინი კი ამბობდნენ, რომ ეს სახიფათო არ იყო.'' დუმბაძის თქმით,  მისი ძველი განცხადებები არასწორად იქნა ინტერპრეტირიებული და ძველისგან განსხვავებით, ახლანდელი ხელისუფლების წარმატება სწორედ ის არის, რომ ''არავითარი ხელშეკრულება და ვალდებულება ჩვენ თურქეთთან აღარ გაგვაჩნია.'' გარდა ამისა ის ავრცელებს ვიდეოს, სადაც უფრო ვრცელ განმარტებას იძლევა, თუ, რატომ გახდა მისთვის მეჩეთის მშენებლობა მისაღები: ''საკულტო ნაგებობის მშენებლობას ბათუმში, არავითარი პოლიტიკური დატვირთვა არ ექნება, მეჩეთი აშენდება ქართველი მუსლიმანების სურვილით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და არა ნაცვალგების პრინციპით'' – ამბობს ის.

 

გამსახურდიას და გოგებაშვილის ქუჩები კვეთა, ადგილი სადაც ადრე აზიზიეს მეჩეთი იდგა

გამსახურდიას და გოგებაშვილის ქუჩები კვეთა, ადგილი სადაც ადრე აზიზიეს მეჩეთი იდგა

 

აჭარის მთავრობასა და საკრებულოში განცხადება მეჩეთის მშენებლობის შესახებ ჯერ არ შესულა, შესაბამისად საუბარი იმაზე, თუ სად განთავსდება ახალი მეჩეთი ჯერ ნაადრევია, თუმცა როგორც რეგიონალური მაუწყებლის, TV25–ის სიუჟეტიდან გახდა ცნობილი, ქართველ მუსლიმთა კავშირის წევრებს, მეჩეთისთვის ადგილი უკვე შერჩეული აქვთ და მომავალში ისინი საინიციატივო ჯგუფის ჩამოყალიბებას გეგმავენ, რათა აჭარის მთავრობას მიმართონ, სამლოცველოს აღმაშენებლის ქუჩაზე, ე.წ. ხოფის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე აგების თხოვნით. მთავრობის, პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნათია სირაბიძის თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული ადგილის დასახელება შეუძლებელია, მაგრამ რადგანაც ქალაქის ძირითადი ტერიტორიები მჭიდროდ არის დასახლებული, თავისუფალი ტერიტორიები ალბათ გარეუბნებში მოიძებნება, ''შესაძლოა ეს აღმაშენებლის ქუჩაც იყოს, თუმცა ქალაქის მასშტაბები იმდენად გაიზარდა, რომ მეჩეთისთვის ადგილი შეიძლება უფრო მოშორებითაც გამოიყოს.''